ბრძანება N 11985
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11985
31.05.2023
შპს „---------” (ს/ნ ---------)
(მის.: -------------)
2023 წლის 1 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „--------ის” (ს/ნ --------) №80676/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №007-42 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N5) მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებული შემოსავლის სხვაობის ფიზიკურ პირზე სესხად განხილვა იბეგრება მხოლოდ მოგების გადასახადით, აღნიშნულს მოწმობს დანართ N5-ში განხილული ორივე მაგალითი. აცხადებს, რომ მეთოდური მითითების მიხედვით, მიღებული სხვაობის თანხას არ ემატება დღგ, ხოლო შემოწმების აქტში ხელფასად განხილული თანხა დღგ-ის ჩათვლითაა დაბეგრილი. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე სარგებლის დარიცხვა, რამაც ნაცვლად დამძიმებისა 1008 ლარით შეამცირა საგადასახადო ვალდებულებები. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33621 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №007-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 4 ოქტომბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს „--------ის” (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი განიხილოს უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33621 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 1524 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 1 008 ლარით და ჯარიმა 516 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 მარტის №007- 42 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის N33621 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N5) შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი. შესწავლის შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი 419 881 (524 855ლ.*0.80) ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად, გადაანგარიშებით, მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა 74 097 (419 881ლ./0.85*0.15) ლარის ოდენობით. 74 097 ლარით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, საშემოსავლო გადასახადში პირს დაერიცხა სარგებელი 29 866 ლარის ოდენობით. გადაანგარიშებით შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 1 008 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N5) შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი 419 881 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად, გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი
1 008 ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე
1. შპს „-----------ის” (ს/ნ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N5) შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად, გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 1 008 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);304(21)