ბრძანება N 15746

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2025
№ დოკუმენტი 15746
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15746

11 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 26 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 26 ივნისის №96470/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №001-86 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა. ტენდერების საფუძველზე ემსახურება ------- და აღნიშნული საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე. დამატებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ცხელი ხაზის განმარტებით, კომპანიის საქმიანობა აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს დღგ-სგან გათავისუფლებას ჩათვლის უფლების გარეშე.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმა-საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8887 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“(ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 14 ივნისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმები აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივნისის №11237 ბრძანება და ამავე თარიღის №001–86 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 9 485 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 105 ლარი, ჯარიმა 1 974 ლარი და საურავი 406 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა კანალიზაციის წმენდის სამუშაოების მომსახურება ტენდერის გზით. მომსახურებას უწევდა -------. გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა.

შესამოწმებელ პერიოდში მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გაწეულმა მომსახურებამ გადააჭარბა 100 000 ლარს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის პირველ ნოემბერს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა კომპანიის მიერ მიწოდებული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:

ა) ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;

ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;

გ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტისთვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი კანალიზაციის წმენდის სამუშაოების მომსახურებას უწევდა -------. პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა. შესამოწმებელ პერიოდში მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გაწეულმა მომსახურებამ გადააჭარბა 100 000 ლარს და პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის პირველ ნოემბერს. საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის საქმიანობა არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის პირობებს, ვინაიდან სახეზე არ არის მუნიციპალიტეტისთვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმა-საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა კანალიზაციის წმენდის სამუშაოების მომსახურება ტენდერის გზით.

შესამოწმებელ პერიოდში მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გაწეულმა მომსახურებამ გადააჭარბა 100 000 ლარს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის პირველ ნოემბერს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა კომპანიის მიერ მიწოდებული მომსახურების ღირებულება თვეების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 171(მ); 269(7)