გადაწყვეტილება №24972/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24972/2/2025
14 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:"-------" (პ/ნ "-------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 26.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24972/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2025 წლის №EL274951 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2025 წლის №4133 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 926.39 ლარი.
ფაქტების აღწერა
5.01.2025 წელს საფოსტო გადამზიდავის - შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №-------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით – 50 ევრო. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 30.01.2025 წლის №"--------" დასკვნის მიხედვით, №-------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის („Revolution“ კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები - 14.2 კგ.) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 812 აშშ დოლარი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 926.39 ლარით, რაზეც 4.02.2025 წლის №EL274951 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 926.39 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
№-------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, 4.02.2025 წელს დარეგისტრირდა №--------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა №4 და საქონელი მომჩივნის მიერ გატანილია საბაჟო კონტროლის ზონიდან.
საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2025 წლის №EL274951 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.03.2025 წლის №4133 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 პუნქტებზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 პუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ამასთან, საჩივარში მითითებული არგუმენტებით არ დასტურდება, რომ ადგილი არ ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
28.11.2024 წელს ონლაინ მაღაზია revolutionbeauty.com-დან გამოწერა 9 ცალი კოსმეტიკური ნივთი, რომელთა ჯამურმა ღირებულება შეადგინა 57.87 ევრო. აღნიშნული შეკვეთა განახორციელა მაღაზიის საიტზე ისე, რომ ანგარიშის გახსნის საჭიროება არ ჰქონია და ნივთები პირდაპირ გამოწერა ელექტრონული ფოსტის ("--------") მისამართის მითითებით.
მას შემდეგ, რაც ნივთები გამოწერა, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება, სადაც ასევე დეტალურად იყო აღწერილი შეძენილი ნივთები, მათი ღირებულება, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯამში, ასევე მისამართი, სადაც უნდა მისულიყო შეძენილი ნივთები და შეკვეთის სპეციალური კოდი, საიდანაც ჩანს, თუ რა შეიძინა და რისი ჩამოტანა სურდა.
მომჩივანს დანართის სახით წარმოდგენილი აქვს საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციიდან გადახდილის (ტრანზაქციის) დამადასტურებელი საგადახდო დავალების ასლი, სადაც ჩანს აღნიშნული შეკვეთის ღირებულების გადახდის დეტალები, რამაც ჯამურად შეადგინა 57.87 ევრო.
მას შემდეგ, რაც ნივთი მიიტანეს მომჩივნის მიერ მითითებულ საბერძნეთის კარგოს მისამართზე, დაფიქსირდა გზავნილის წონა, რამაც შეადგინა 14.2 კგ., რაც მისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, ვინაიდან მის მიერ გამოწერილი ნივთებიდან გამომდინარე, ვარაუდობდა, რომ გზავნილის წონა იქნებოდა 1კგ.-ის ფარგლებში. აღნიშნული გზავნილი, არსებული უზუსტობის დადგენის მიზნით, საქართველოში შემოსავლისას შეჩერდა საბაჟოზე, რის შემდეგაც მისი ღირებულების დადგენის მიზნით, მოთხოვეს ნივთებზე ექსპერტიზის ჩატარება.
საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, ექსპერტმა ნივთები შეაფასა 1 812 აშშ დოლარად, რის გამოც მომჩივანი დაჯარიმდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა აღნიშნულ ჯარიმას, იძულებული გახდა, რომ თანხა გადაეხადა, რადგან გზავნილის შენახვის ვადის ამოწურვის გამო, ყოველ მომდევო დღეზე, დამატებით დაერიცხებოდა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. როგორც ადგილზე განუმარტეს, მხოლოდ საჯარიმო ოქმის გასაჩივრება არ იყო საკმარისი, რის გამო ისედაც დაზარალებული, დამატებით ჯარიმების თავიდან არიდების მიზნით, იძულებული გახდა გადაეხადა დარიცხული თანხა.
აღნიშნულის შემდგომ იმავე საიტზე მოიძია მაღაზიის ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაუკავშირდა გამყიდველს და სთხოვა მის შენაძენთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის და მის სახელზე არსებული ყველა ინვოისის გამოგზავნა. მაღაზიიდან მიიღო საპასუხოდ მიიღო ორი დოკუმენტი. ერთ-ერთი დოკუმენტი იყო მათი მაღაზიიდან შეძენილი ნივთების შესახებ ინვოისი, სადაც დეტალურად და ნათლად ჩანდა, რომ შეძენილია მხოლოდ 9 ცალი კოსმეტიკის ნივთი და ჯამში გადახდილი აქვს მხოლოდ 57.87 ევრო, ხოლო მეორე დოკუმენტი წარმოადგენდა ამავე მაღაზიიდან მიღებულ ოფიციალურ წერილს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას და რეალურად მომჩივანს არ ჰქონდა გამოწერილი ის ნივთები, რაც ჩამოუვიდა და მაღაზიამ შეცდომით გამოგზავნა ნივთები, რომელთა წონამ შეადგინა 14.2 კგ. ამავე წერილში გამყიდველი განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ შეძენილი ნივთების რეალური წონაა 1.52 კგ.
ორივე დოკუმენტი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ახლავს საჩივარს. ნათლად ჩანს, რომ საბაჟო დეპარტამენტი შეცდომაში არ შეუყვანია, არ წარუდგენია არასწორი დეკლარაცია და შესაბამისად, მიზნად არ ჰქონია იმპორტის გადასახდელების შემცირება. როგორც პროფესიით იურისტსა და ადვოკატს, ღრმად სწამს თავისი სიმართლის და მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ელოდებოდა 58 ევროს ღირებულების ნივთს, არ უნდა უწევდეს დიდ ბრიტანეთში არსებული კომპანიის შეცდომის გამო ჯარიმის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების თანახმად:
1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
ამავე ინსტრუქციის მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია), ხოლო მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ 5.01.2025 წელს მომჩივნის სახელზე შემოტანილი, საფოსტო გზავნილის ჯამური ღირებულება, ნაცვლად დეკლარირებული 50 ევროსი, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 30.01.2025 წლის №001001/2025 დასკვნის მიხედვით, შეადგენდა 1 812 აშშ დოლარს.
მომჩივანი განმარტავს, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი შეცდომაში არ შეუყვანია. არ წარუდგენია არასწორი დეკლარაცია და შესაბამისად, არ ჰქონია მიზანი იმპორტის გადასახდელის შემცირების. ონლაინ მაღაზია revolutionbeauty.com-დან გამოწერა ჯამში 9 ცალი კოსმეტიკური ნივთი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 57.87 ევრო. წარმოადგენს აღნიშნული მაღაზიიდან ორ წერილს, ერთ-ერთი დოკუმენტი არის მომჩივნის მიერ მაღაზიიდან შეძენილი ნივთების შესახებ ინვოისი, სადაც დეტალურად და ნათლად წერია, რომ შეძენილია მხოლოდ 9 ცალი კოსმეტიკის ნივთი, რომელთა წონამ შეადგინა 1.52 კდ. და ჯამში გადახდილი აქვს მხოლოდ 57.87 ევრო, ხოლო მეორე დოკუმენტი არის ოფიციალური წერილი ამავე მაღაზიიდან, სადაც დეტალურად ახსნილია, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას: რეალურად მომჩივანს არ ჰქონდა გამოწერილი ის ნივთები, და არ ფლობდა გამოგზავნილი ნივთების შესახებ ინფორმაციას, შეცდომით გამოიგზავნა ნივთი, რომლის წონამ შეადგენდა 14.2 კგ.
ამდენად, დადგენილია, რომ მომჩივანი არის ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი), რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე შევსებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი კი თავის მხრივ ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას, რისთვისაც იგი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების (მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის) მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, №-------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, 4.02.2025 წელს დარეგისტრირდა №----------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა №4 და საქონელი სრულად მომჩივნის მიერ გატანილია საბაჟო კონტროლის ზონიდან. ამასთან, მომწოდებლის მიერ მომჩივნისთვის წარდგენილ წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული ამანათები შეცდომით გამოიგზავნა, არ ეკუთვნის მომჩივანს და ისინი ან უნდა დაუბრუნდეს გამომგზავნს, ან განადგურდეს რაც შეიძლება მალე.
საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, არ დასტურდება შეცდომით გამოგზავნილი ნივთების მომწოდებლისთვის უკან დაბრუნების ან განადგურების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით – 50 ევრო. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით,საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 812 აშშ დოლარი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.რაზეც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, 4.02.2025 წელს დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია - ფორმა №4 და საქონელი მომჩივნის მიერ გატანილია საბაჟო კონტროლის ზონიდან.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
13,167.