ბრძანება N 15412
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15412
09 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ ----- ) (ფაქტ. მის: ----- )
2026 წლის 22 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 59) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 102988/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივნისის N EL317259 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის ტელეფონს ჰქონდა ქარხნული დეფექტი, რის გამოც იგი ჩააბარა და Google-მა გამოუგზავნა სათადარიგო ტელეფონი. ტექნიკური შეზღუდვის გამო, ღირებულებაში მიუთითა 95.99 აშშ დოლარი, ნაცვლად 0-სა. იმპორტის გადასახდელების შემცირების განზრახვა არ ჰქონია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 27 მაისს საფოსტო გადამზიდავ შპს „-----” მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი N ----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 95.99 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ----- კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 95.99 აშშ დოლარად, მისი ზოგადი დეკლარირება განხორციელდა საფოსტო გზავნილების დეკლარაციით, რომელიც, საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტთან ერთად, წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად.
მებაჟე - ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა. კერძოდ, 95.99 აშშ დოლარის ნაცვლად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (მობილური ტელეფონი) ღირებულებამ, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 12 ივნისის N -----ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 1503.16 აშშ დოლარი. შესაბამისად, გამოვლინდა იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 718.71 ლარით.
ვინაიდან ----- მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 16 ივნისს შედგენილი N EL317259 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდაღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 718.71 ლარის ოდენობით.
საფოსტო გზავნილზე დარეგისტრირდა N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლის მიხედვითაც საქონლის (მობილური ტელეფონი) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3992.84 ლარი, ხოლო ----- დაერიცხა დღგ - 718 ლარის ოდენობით.
საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, ----- მიერ არ განხორციელებულა დეფექტიანი საქონლის რეექსპორტი. შესაბამისად, ვერ დადგინდება საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თუ არა უკვე შეძენილი და გაფორმებული ნივთის უფასო ჩანაცვლებას. ამასთანავე, ვინაიდან მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნივთის ნასყიდობის დოკუმენტი, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 1503.16 აშშ დოლარით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი N 8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2-ე პუნქტით დადგენილია, რომ „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3-ე პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2-ე პუნქტით დადგენილია, რომ „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3-ე პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
იმავე მუხლის მე-4-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი N 8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია). მე-5 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილების დეკლარაციის მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი N ----- საფოსტო გზავნილის (მობილური ტელეფონი) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 95.99 აშშ დოლარად. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი მობილური ტელეფონის ღირებულებამ შეადგინა 1503.16 აშშ დოლარი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 718.71 ლარით შემცირების ფაქტს, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საბაჟო კოდექსის 160- ე მუხლით (რეექსპორტის გამოყენება) გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ განხორციელებულა დეფექტიანი საქონლის რეექსპორტი. შესაბამისად, არ დგინდება, რომ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონელი წარმოადგენდა უკვე შეძენილი და გაფორმებული ნივთის უფასო ჩანაცვლებას.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის განხილვისას დადგინდა, რომ საფოსტო გზავნილის დეკლარაციაში მითითებული იყო საქონლის არასწორი ღირებულება, რის გამოც გამოვლინდა იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. შემოწმების შედეგად განისაზღვრა საქონლის რეალური ღირებულება, მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და დაკისრდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1); 163;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს № 257 ბრძანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე.