გადაწყვეტილება №22466/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22466/2/2024
05 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 4.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22466/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20507 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №005-239 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2652 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 076 489 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 559 791
დღგ - 325 412
მიწა-არასასოფლო - 331
მიწის გადასახადი (სასოფლო) - (-380)
მოგების გადასახადი - 220 351
ქონების გადასახადი - 14 077
ჯარიმა - 207 796
საურავი - 308 902
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასას ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოექმნა 2019 წლის ივნისში. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი, რომელიც აღებულია ამავე საცხოვრებელ კორპუსში არსებული, ამავე პერიოდში რეალიზებული ბინების, არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. შედეგად, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად.
გადასახადის გადამხდელსა და შპს ------- (ს/ნ -------) შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება. რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელმა საკუთრებაში გადასცა შპს ------- მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (ს/კ -------), რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა შპს -------. ამავდროულად, მიწისა და შენობის სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელმა მიიღო 8 სართულიანი შენობიდან მე-2, მე-7, მე-8 სართულები, სამი ავტოფარეხი და 380 კვ.მ. ტერასა. გადასახადის გადამხდელმა ურთიერთდამოკიდებულ პირს (დირექტორის შვილს) აღნიშნული 6 ბინა და ტერასა მიჰყიდა საბაზროზე დაბალ ფასად და ბინების რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს კვ.მ-ის ფასი დაფიქსირებული აქვს 38-დან 347 აშშ დოლარის ფარგლებში. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაკორექტირდა რეალიზებული ბინების ფასი. კერძოდ, დადგენილ იქნა იმავე საცხოვრებელ კორპუსში, იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების საბაზრო ფასების საშუალო მაჩვენებელი 705 აშშ დოლარი, ხოლო ტერასისთვის 564 აშშ დოლარი. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- გადასახადის გადამხდელს, 2019-2020 წლებში ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით, უფიქსირდება ქონების გადასახადის დეკლარირება უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ ფართებზე, ტერასაზე და ავტოფარეხებზე. კომპანიამ აღნიშნული ფართები მიაწოდა დირექტორის შვილს (1 ბინა 2022 წლის მაისში დირექტორს). გადასახადის გადამხდელს ასევე, უფიქსირდება უძრავი ქონება ზემოთხსენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-2 სართული (ს/კ -------) 389 კვ.მ., რომელიც გადასახადის გადამხდელის განმარტებით გამოყენებულ იქნება სამედიცინო საქმიანობაში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულ ქონებაზე გადასახადის გადამხდელს გადასახადი არ გადაუხდია.
საგადასახადო კოდექსის 201-ე და 206-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ქონება - ბინები და ტერასა (რომელიც შემდგომ გაყიდა) არ წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელის ძირითად საშუალებას. სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელ ქონებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შედეგად, დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №19362 ბრძანება და №005-110 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასისა და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 26.04.2023 წლის №19000/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს 26.04.2023 წლის №19000/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივრები და 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ:
- მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა განიხილოს ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანება გასაჩივრდა და საბჭოს 17.11.2023 წლის №20784/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №005-239 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, განმარტავს, რომ დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელსაც საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება არ გამოუწვევია. აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში ასევე, დასკვნაში (საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება) მოცემულ მოსაზრებას უძრავის ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით (არ ჩაუტარებია მოკვლევა აუდიტის დეპარტამენტს ქონების საბაზრო ფასთან მიმართებაში), თვლის, რომ მოსაზრება დაუსაბუთებელია და მასში არ არის მითითებული შეფასების სტანდარტებით მოთხოვნილი მეთოდოლოგიები და პრინციპები.
კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება საშემფასებლო მომსახურებაზე და ქონების შემფასებელი ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასები განსხვავებულია საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფასებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს საბაზრო ფასის შესაბამისობა და თუ დადგინდება რომ წარმოდგენილი საშემფასებლო დასკვნა შესაბამისობაშია, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული როგორც მოგების გადასახადის, ასევე დღგ-ის კორექტირება/შემცირება იმ საანგარიშო პერიოდებში, როდესაც განხორციელდა უძრავი ნივთ(ებ)ის მიწოდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასისა და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 26.04.2023 წლის №19000/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს 26.04.2023 წლის №19000/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივრები, საბჭოს მიერ მითითებულ სადავო საკითხის ნაწილში და 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანება გასაჩივრდა და საბჭოს 17.11.2023 წლის №20784/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან საბჭომ, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მართლზომიერად მიიჩნია.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანების აღსრულების შედეგად, როგორც საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნით დგინდება, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანების აღსრულების მიზნით, მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელსაც საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება არ გამოუწვევია.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ამასთან წარმოადგენს არგუმენტებს, პოზიციებს ისეთ გარემოებებზე რომელიც არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის და იგი ასახვას ვერ პოვებდა დასკვნაში, ამასთან არ წარმოადგენს არგუმენტებს, რა ნაწილში მიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს №20507 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20507 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
- გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება საცხოვრებელი ბინებისა და ტერასას ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია, საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. ურთიერთდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი, რომელიც აღებულია ამავე საცხოვრებელ კორპუსში არსებული, ამავე პერიოდში რეალიზებული ბინების, არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. გამოვლენილი სხვაობების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა;
- გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებულ იქნება სამედიცინო საქმიანობაში. ვინაიდან შემოწმების ეტაპზე, აღნიშნული ქონება გადასახადის გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შედეგად, დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(4); 201; 304(21); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161(2);