გადაწყვეტილება № 27848/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27848/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27848/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 24.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27848/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7181 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2026 წლის №011-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12227 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 250 389,91 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 217 742

დღგ - 1 095 390

საშემოსავლო გადასახადი - 122 352

ჯარიმა - 365 451

საურავი - 667 196,91

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15071 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15071 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2025 წლის დასკვნით მიხედვით, ბინების რეალიზაციიდან ნამეტის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტში არ წარმოუდგენია ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7181 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მ.შ სესხის და კომუნალურის ხარჯებთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხარჯებში გაითვალისწინოს ყველა ის სასაქონლო ზედნადები, რომელიც ფიქსირდება კონკრეტულად ----- სახელზე რეგისტრირებული ბინის მისამართზე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7181 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილების ფარგლებში წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი. გადაანგარიშებით შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7181 ბრძანების შესაბამისად ფ/პ ---- (პ/ნ -----) რეალიზებული ბინების მისამართებზე დასრულებული სასაქონლო ზედნადებების ღირებულება გათვალისწინებული იქნა გამოსაქვით ხარჯებში, რაც იწვევს დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადის შემცირებას სულ 17 028 ლარით, მათ შორის გადასახადის ნაწილში 11 352 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის ნაწილში 5 676 ლარით. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია.

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.02.2026 წლის

№011-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12227 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ფ/პ -------- მიერ რეალიზებული ბინების მისამართებზე დასრულებული ზედნადებების ღირებულება გათვალისწინებულ იქნა გამოსაქვით ხარჯებში. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებები გადამხდელს არ წარმოუდგენია.

ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დავალებული იყო, როგორც შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15071 ბრძანების შესაბამისად, ასევე შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7181 ბრძანებით.

მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, შემოწმებას საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას უნდა გაეთვალისწინებინა გაწეული ხარჯები, როგორც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაც, ასევე კომუნალური ხარჯი და საბანკო ხარჯები წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და ასევე ხარჯები სარემონტო მასალებზე და ბინების კეთილმოწყობაზე. ამასთან მითითებულია, რომ გათვალისწინებული იქნეს ისეთი სასაქონლო ზედნადებების მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ბინების მოწყობასთან მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ის არ იყო გამოწერილი ------სახელზე.

საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 20.05.2025 წელს წარდგენილი იყო დოკუმენტები, რომლითაც დასტურდებოდა მასალის/საქონლის შეძენა სასაქონლო ზედნადებებით, ასევე, საბანკო და კომუნალური ხარჯები.

წარდგენილი დოკუმენტებიდან აუდიტორმა გაითვალისწინა მხოლოდ ნაწილი, რადგანაც განხორციელდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხების შემცირება მხოლოდ 11 352 ლარის ოდენობით და ჯარიმის - 5 676 ლარის ოდენობით (სულ - 17 028 ლარი).

დასკვნას არ ახლავს გაანგარიშება თუ რომელი ხარჯი იქნა გათვალისწინებული და რომელი არა, მაგრამ ცალსახაა, რომ დავალება არასრულყოფილადაა შესრულებული რადგანაც შემოწმებით საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა დარიცხული იყო 133 705 ლარი, რაც წარდგენილი დოკუმენტებისა და საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით მინიმუმ 75 %-ით მაინც უნდა შემცირებულიყო.

მიღებულ დოკუმენტებს არ ახლავს გაანგარიშება, თუ რომელი დოკუმენტების მიხედვით ხარჯები იქნა გათვალისწინებული და რომელი არა. აღნიშნული გაანგარიშება, მოთხოვნის მიუხედავად არც საჩივრის განხილვისას იყო წარმოდგენილი და ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ არ გამოუკვლევია საქმის ძირითადი გარემოებები.

საჩივრის განხილვისას აუდიტორმა განმარტა, რომ მიუხედავად საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ გაეთვალისწინებინა სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც მითითებული იყო მისამართები, სადაც მდებარეობდა -----ს ბინები, არ შეასრულა იმ მიზეზით, რომ მისამართზე მდებარეობს კორპუსი და რომელი ბინისთვის იყო მასალა შეძენილი არ ეთითებოდა.

განხორციელებული გაანგარიშების საქმისათვის დართვა და მომჩივნისთვის გაცნობა წარმოადგენდა და კვლავ წარმოადგენს კანონიერ მოთხოვნას, რათა არ შეიზღუდოს გასაჩივრების შესაძლებლობა და ამასთანავე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება.

ამას გარდა გადაანგარიშებით კვლავ არ არის შესრულებული საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების - შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15071 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი:

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს. იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული პირდაპირაა მითითებული აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის მე-4 გვერდზე, მაგრამ ამავე გვერდზე აღნიშნულია, რომ განხორციელდა მხოლოდ რეალიზებული ბინების მისამართებზე დასრულებული სასაქონლო ზედნადებების ღირებულების გათვალისწინება გამოსაქვით ხარჯებში.

გაანგარიშების დაურთველობის გამო გაურკვეველია თუნდაც სასაქონლო ზედნადებებით მოცემული თანხების გამოქვითვის სისწორე. კერძოდ, რა მისამართები იქნა ჩათვლილი. წარდგენილი სასაქონლო ზედნადებები - ყველა 100% უნდა გამოქვითულიყო და ამ ჩანაწერიდან გამომდინარეობს და განხილვაზეც დადასტურდა, რომ გამოიქვითა მხოლოდ ნაწილი. ამას გარდა არ არის გათვალისწინებული საბანკო და კომუნალური ხარჯები და ასევე არ არის გამოქვითული არაპირდაპირი მეთოდით სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯები.

შესაბამისად ცალსახაა, რომ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება არასრულყოფილად არის შესრულებული, ხოლო შემოსავლების სამსახურმა საჩივრის განხილვისას იმსჯელა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებების საკითხზე და ეს საკითხიც განიხილა ისე, რომ არ მოუთხოვია გაანგარიშების დოკუმენტი და არ გამოუკვლევია, რომელი სასაქონლო ზედნადებით გაწეული ხარჯი არ ჩაითვალა გამოსაქვითად და რა იყო მისი კონკრეტული მიზეზი.

ამასთან, საერთოდ არ განუხილავს რატომ არ შესრულდა დავალებული საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის საფუძველზე ხარჯების გაანგარიშება ან საბანკო და კომუნალური ხარჯები.

ცალსახაა, რომ შემოსავლების სამსახურს ჩამოყალიბებული აქვს პრაქტიკა მსგავს შემთხვევებში ფიზიკური პირების ხარჯების გამოქვითვისას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, რადგანაც სხვა შემთხვევებშიც მიღებულია ანალოგიური გადაწყვეტილებები (მათ შორის ----- მეუღლეზე ------ (პ/ნ------)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად მიღებული დავალებები, რადგანაც გამოქვითვას ექვემდებარებოდა ყველა წარდგენილი დოკუმენტით ხარჯი და კიდევ ისეთი ხარჯებიც, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რადგან ასეთი გამოიქვითება არაპირდაპირი მეთოდით (თუნდაც სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების სრულყოფილად აღსრულება, ხოლო შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა ასევე, არასრულყოფილად, არ იმსჯელა ყველა საკითხზე და რაზეც იმსჯელა იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც არც გამოითხოვა და არც გამოიკვლია, რაც ცალსახად არაკანონიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სრულად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12227 ბრძანება, ნაწილობრივ, დაუკმაყოფილებელ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2026 წლის №011-1 საგადასახადო მოთხოვნა და №2962 ბრძანება. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას განახორციელოს ხარჯების გამოქვითვა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვითაც და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაც, შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირების მიზნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7181 ბრძანებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მ.შ სესხის და კომუნალურის ხარჯებთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხარჯებში გაითვალისწინოს ყველა ის სასაქონლო ზედნადები, რომელიც ფიქსირდება კონკრეტულად -------- სახელზე რეგისტრირებული ბინის მისამართზე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი. ფ/პ ----- (პ/ნ ------) რეალიზებული ბინების მისამართებზე დასრულებული სასაქონლო ზედნადებების ღირებულება გათვალისწინებული იქნა გამოსაქვით ხარჯებში, რაც იწვევს დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადის შემცირებას სულ 17 028 ლარით. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12227 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7181 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, განსაზღვრულ ვადაში წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის სესხისა და კომუნალურის ხარჯებთან დაკავშირებით. განისაზღვრა, რომ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში ისინი შესწავლილი იქნებოდა და საფუძვლების არსებობისას განხორციელდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ცალკე დაევალა ხარჯებში გაეთვალისწინებინათ ის სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც ფიქსირდებოდა კონკრეტულ საცხოვრებელ მისამართზე.

შესაბამისი დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი. შესაბამის მისამართებზე რეალიზებულ ობიექტებთან დაკავშირებული, დასრულებული სასაქონლო ზედნადებების ღირებულება გათვალისწინებულ იქნა გამოსაქვით ხარჯებში, რამაც გამოიწვია დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადის შემცირება. დამატებითი მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო 6 საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;80;81;102;105;