ბრძანება N 7888

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 7888
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7888

10 აპრილი 2024

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2024 წლის 1 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის და 28 მარტის სხდომებზე (ოქმი №25; ოქმი №33) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ "-------") 2024 წლის 1 თებერვლის №87363/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-689 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14068 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32875 ბრძანება და ამავე თარიღის №006-689 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 228 445 ლარი, მათ შორის, გადასახადი 133 705 ლარი, ჯარიმა 53 192 ლარი, საურავი 41 548 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

2018 წლის თებერვლის თვეში ფ/პ "-------"-მ შპს „------“-ის კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება (ს/კ"-------" მდებარეობა: ქალაქი "-------", "-------", სავაჭრო ფართი 65 კვ.მ), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით (წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, ქონება ექსპერტების მიერ შეფასებული არ ყოფილა). 2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება "-------"-მ გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან (საჯარო რეესტრის მონაცემებით მიიღო პირად საკუთრებაში), რომლის ღირებულებაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ზემოთხსენებული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად დადგინდა 403 000 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და 165-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი და პირს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და გადამხდელს დაერიცხება მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. 2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის:

რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ფ/პ "-------"-მ შპს „-------“-ის კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით. 2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება "-------"-მ გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან, რომლის ღირებულებაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებით განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქონების შეფასება და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად დადგინდა 403 000 ლარი. შემოწმებით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი და პირს დაერიცხა დღგ, ხოლო კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და გადამხდელს დაერიცხება მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ აუდიტორისთვის წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება საწარმოს კაპიტალში ქონების შეტანის და გატანის ღირებულებების მითითებით, თუმცა შემმოწმებლის მიერ გადაფასებულ იქნა ქონების გატანის ღირებულება, რის შედეგადაც დადგინდა აბსურდული ფასი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დამფუძნებლის მიერ განხორციელდა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების უკან დაბრუნება, ხოლო წილი დარჩა უცვლელი, რის გამოც აღნიშნული ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნას საქონლის მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგროს დღგ-ით. ამასთან, აღნიშნავს, რომ ვინაიდან აუდიტორის მიერ შეფასებულ იქნა მხოლოდ კაპიტალიდან გატანის დროს ქონების ღირებულება, მოწვეულ იქნა ექსპერტი კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით (უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიშს წარმოადგენს საჩივართან ერთად), რომელმაც შეადგინა 482 956 ლარი, ხოლო აუდიტორის შეფასებით ქონების ღირებულება განისაზღვრა 403 000 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ ოპერაციას ფასთაშორის სხვაობა არ მოჰყოლია, მოგების განაწილება არ მომხდარა და დამფუძნებელს არ მიუღია სარგებელი. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული გადასახადების და მასზე დარიცხული ჯარიმა/საურავების მოხსნას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია სადავო ქონების შეფასების დასკვნა კაპიტალში შეტანის მომენტისთვის 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით. მითითებული ღირებულება მკვეთრად განსხვავდება შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებული ღირებულებებისგან და აღემატება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის მომენტისთვის (2022 წლის 23 მარტი) შეფასებულ ღირებულებას. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის მხარეთა მიერ წარმოდგენილი დასკვნებით, დგინდება, რომ ქონების კაპიტალში შეტანის მომენტისთვის ფართს გააჩნდა ძველი რემონტი, ხოლო ქონების გატანის მომენტისთვის შეფასების პროცესში ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მიერ ვერ მოხერხდა სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება, კერძოდ ქონების ფიზიკური მახასიათებლების (რემონტის დონე) შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, სადავო ქონების კაპიტალიდან გატანის მომენტში არსებული ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს ასევე გადამხდელის მიერ, კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების შეფასების დასკვნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგეილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

(მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფ/პ-მა საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება,რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 100 000 ლარის ოდენობით. 2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან,რომლის ღირებულებაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით განისაზღვრა 82 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ზემოთხსენებული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ.საწარმოს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი და პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.ხოლო, სსკ-ის 96-ე, 97-ე, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და გადამხდელს დაერიცხება მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კაპიტალში შეტანის და კაპიტალიდან გატანის მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

97,981,159,160,163,165.