გადაწყვეტილება №22354/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22354/2/2024
13 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 23.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22354/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №001-285 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1924 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 730 ლარი.
მათ შორის: დღგ - 5 007
ჯარიმა - 2 604
საურავი - 119
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 დეკემბრის №30118 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----, რომლითაც შეძენილი იყო უნაგირა საწევარა 32 827 ლარად (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული უნაგირა საწევარა იმავე საანგარიშო პერიოდში გასხვისებული იყო სს „----ზე“ (ს/ნ ---). ოპერაციასთან დაკავშირებით გამოწერილი და მყიდველი მხარის მიერ დადასტურებული იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- თანხით 32 827 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის 2 ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ საწარმოს მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი შემდგომი მიწოდება 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31133 ბრძანება და №001-285 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 7 730 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 10 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 თებერვლის №1924 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, კომპანიას არ მოუხდენია აღნიშნული თანხის დაფარვა ან ინფორმაციის არ წარდგენა. საწარმომ ლიზინგის აქტივზე სრულად გადაიხადა დღგ-ის თანხა სს „---ში“, მისთვის ცნობილი იყო, რომ ანგარიშსწორებას საგადასახადო ორგანოსთან ახდენდა ლიზინგის გამცემი. ლოგიკურად, თუ საგადასახადო მოთხოვნას გავყვებით, კომპანიას ორჯერ გამოსდის დღგ-ის თანხა გადახდილად და სწორედ ამ ფაქტობრივმა გარემოებებმა და გაურკვევლობამ განაპირობა შემოწმების აქტში იმის მითითება, რომ კომპანიამ შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმავე დღეს გასხვისდა სს „---ზე“. რეალურად კომპანიამ ისარგებლა ლიზინგის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე და სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილი წესებით აღნიშნული ჯერ გაფორმდა შპს „---“-ზე და შემდეგში ლიზინგის გამცემზე, არ მომხდარა სატრანსპორტო საშუალების გასხვისება, მოხდა მისი შეძენა, ხოლო ღირებულების დღგ-ის თანხა შეტანილ იქნა ლიზინგის გამცემის ანგარიშზე. სწორედ ამიტომ ჩათვალა კომპანიამ, რომ მას დღგ-ის თანხა ჰქონდა გადახდილი, რომელსაც შემდეგში საგადასახდო ორგანოსთან ანგარიშსწორების წესით გადაიხდიდა ლიზინგის გამცემი. რეალურად კომპანიას აქტივის შეძენის დროს არანაირი გასხვისება არ მოუხდენია და რეალურად სალიზინგო კომპანიის დახმარებით შეიძინა აქტივი, რომლის დღგ-ის ღირებულებაც გადაიხადა, ხოლო ის თუ ტექნიკურად ეს რა ხერხით განხორციელდა, კომპანია სათანადოდ ვერ გაერკვა.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ფაქტების სათანადო გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო აღნიშნული შეცდომის გამო, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის, კომპანიისთვის გაეუქმებინა დაკისრებული ჯარიმა მაინც, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკვლევის გარეშე დატოვა ყველა ფაქტობრივი გარემოება. ფაქტების სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ კომპანია მიეჩნია კეთილსინდისიერ გადამხდელად და დაშვებული შეცდომის გამო დარიცხული საურავი გაეუქმებინა. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საწარმოს მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც შეძენილი იყო უნაგირა საწევარა 32 827 ლარად. აღნიშნული იმავე საანგარიშო პერიოდში გასხვისებული იყო სს „---ზე“. გადასახადის გადამხდელის 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ კომპანიის მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი შემდგომი მიწოდება 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ლიზინგის მეშვეობით შეიძინა სატრანსპორტო საშუალება. სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, აღნიშნული ქონება ჯერ გაფორმდა შპს „---“-ზე და შემდგომ ლიზინგის გამცემზე. არ მომხდარა სატრანსპორტო საშუალების გასხვისება, მოხდა მისი შეძენა, ხოლო ღირებულების დღგ-ის თანხა შეტანილ იქნა ლიზინგის გამცემის ანგარიშზე. სწორედ ამიტომ ჩათვალა მომჩივანმა, რომ მას დღგ-ის თანხა ჰქონდა გადახდილი, რომელსაც შემდეგში საგადასახდო ორგანოსთან ანგარიშსწორების წესით გადაიხდიდა ლიზინგის გამცემი. რეალურად საწარმოს აქტივის შეძენის დროს არანაირი გასხვისება არ მოუხდენია და სალიზინგო კომპანიის დახმარებით შეიძინა აქტივი, რომლის დღგ-ის ღირებულებაც გადაიხადა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
ფაქტების სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საწარმო გაეთავისუფლებინა დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან მაინც, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკვლევის გარეშე დატოვა ყველა ფაქტობრივი გარემოება. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1924 ბრძანება; .
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31133 ბრძანება და №001-285 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 7 730 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 10 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 თებერვლის №1924 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164.