გადაწყვეტილება №19685/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19685/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------------- 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19685/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21146 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №052-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8994 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 133 572 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 73 664
დღგ - 27 731
საშემოსავლო გადასახადი - 45 841
ქონების გადასახადი - 92
ჯარიმა - 29 344
საურავი - 30 564
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის №12577 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 ივლისის №22695 ბრძანება და №052-24 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 14.12.2021 წლის №38570 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 30.12.2021 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.03.2022 წლის №15376/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.12.2021 წლის №38570 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
წილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2022 წლის 8 აგვისტოს №21146 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 18.03.2022 წლის №15376/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2022 წლის დასკვნა, 14.12.2022 წლის №31525 ბრძანება და 15.12.2022 წლის №052-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 5 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აპრილის №8994 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 18 მარტის №15376/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21146 ბრძანებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი პუნქტის მიხედვით, არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უფლება. ასევე, მომჩივანი მიუთითებდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ფინა“-ში. შესაბამისად, შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ხოლო, საჩივარზე დართულია ამონაწერი საბუღალტრო პროგრამიდან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა სადავო საკითხები და დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები აღრიცხვა. ხოლო, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციის და ბუღალტრული პროგრამის ანალიზით ვერ დგინდებოდა მათი სისწორე, შესაბამისად, შემოწმებამ აღნიშნულ ინფორმაციაზე და მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობა შეუძლებლად მიიჩნია. აგრეთვე, გასაჩივრების ყველა ეტაპზე გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ გარკვეული მონაცემი არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული გამოსაქვით ხარჯში, თუმცა, არცერთხელ არ მომხდარა კონკრეტული დოკუმენტის მითითება, რის შესწავლაც საშუალებას მისცემდა შემოწმებას ემსჯელა შემოწმებით დადგენილი ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის გაზრდაზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხულ გადასახადებს. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. მომჩივანი არ არღვევს აღნიშნული მუხლის არც ერთ ქვეპუნქტს. შესაბამისად, არ უნდა გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი, რადგან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი განსაზღვრავს რა შემთხვევაში აქვს შემმოწმებელს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ვალდებულება. გადასახადის გადამხდელი პროდუქციის რეალიზაციისას, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, იყენებს სალარო აპარატს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ში დარიცხულ თანხას არ ეთანხმება. არის მხოლოდ დეკლარაციის შევსების მომენტში დაშვებული ტექნიკური შეცდომები, რომელიც არ არის არსებითი. შემოწმების პერიოდში კარგი კომუნიკაცია რომ ჰქონოდა აუდიტორთან, ნებისმიერ მოთხოვნილ ინფორმაციას აწვდიდა დროულად. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომჩივნის მიერ აღიარებული იქნა საორიენტაციოდ 30 000 ლარი, რომლის დიდი წილი მოდიოდა წლიურ საშემოსავლო გადასახადზე. მეწარმე მზად არის გადაიხადოს აღნიშნული თანხა უმოკლეს დროში.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული გადასახადი. ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21146 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 18.03.2022 წლის №15376/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
შემოწმების დაწყებამდე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, მათ შემოწმების დაწყების შემდეგ დაიწყეს ბუღალტრული პროგრამის (FINA) აწყობა, თუმცა შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზით ვერ დგინდებოდა მისი სისწორე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ აღნიშნულ ინფორმაციაზე და მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობა შეუძლებლად მიიჩნია. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას არ ყოფილა გამოყენებული მესამე პირის მონაცემები (მათ შორის, ფასნამატები). შემოწმება სრულად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. კერძოდ, მეწარმის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენაზე არსებულ დოკუმენტაციას, აგრეთვე მომჩივნის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ ფასნამატს. ამასთან, ამ მოცემული მაჩვენებლის (ფასნამატის) განსაზღვრა განხორციელდა მეწარმის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის კატეგორიებად დაყოფის მიხედვით და მათ შესაბამისად არსებული ფასნამატების მიხედვით. შემოწმების განხორციელების პერიოდში კომუნიკაციისას აღნიშნულს ეთანხმებოდა მეწარმის მინდობილი პირი. აგრეთვე, მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 19 აპრილიდან. შესაბამისად, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვისთვის გამოყენებულია დარიცხვის მეთოდი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია შემოწმებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2020 წლის დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯი შეადგენდა 1 827 092 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი მაჩვენებელი - 1 825 669 ლარს. სხვაობა, რითაც შემცირებული იქნა დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯი შეადგენს 1 423 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ყველა ეტაპზე გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ რაღაც გარკვეული მონაცემი არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული გამოსაქვით ხარჯში, არცერთხელ არ მომხდარა კონკრეტული დოკუმენტის მითითება, რის შესწავლაც საშუალებას მისცემდა საგადასახადო ორგანოს ემსჯელა შემოწმებით დადგენილი ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის გაზრდაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21146 ბრძანების აღსრულების შედეგები.
( არაპირდაპირი მეთოდით დარიცხულ გადასახადები.)
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების დაწყებამდე გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.შემოწმება სრულად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2022 წლის დასკვნა, 14.12.2022 წლის №31525 ბრძანება და 15.12.2022 წლის №052-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 5 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აპრილის №8994 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304 (1)