გადაწყვეტილება №20629/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.01.2024
№ დოკუმენტი 20629/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20629/2/2023

22 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 21.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20629/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №086-38 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18083 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 997 985.49 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 499 647

დღგ - 235 365

მოგების გადასახადი - 3 524

საშემოსავლო გადასახადი - 260 758

ჯარიმა - 250 807

საურავი - 247 531.49

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა/რეალიზაცია, კერძოდ გადამხდელი ქ. -----ში, --------ს №----ში აშენებს ცხრა სართულიან საცხოვრებელ სახლს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის, ხოლო ბუღალტრული ნაშთის დადგენისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 13.06.2022 წლამდე ჩათვლით საანგარიშო პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

- გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“. გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საწარმოს, გარდა 2 საცხოვრებელი სახლისა, უძრავი ქონება სრულად აქვს რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. ამასთან, დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, საწარმოს 2020 წლის აგვისტოს თვის პერიოდის შემდგომ პერიოდებში არ უფიქსირდება 18%-ით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება. გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის და 11.07.2022 წლის მდგომარებით მიწის ერთიანი განახლებული ამონაწერის ანალიზით გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადამხდელს უფიქსირდება როგორც ავანსების მიღება მყიდველებისგან, ასევე საცხოვრებელი ბინების მიწოდების ოპერაციები, რომელიც არ არის დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- გადამხდელს 2017 წელს სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს 335 კვ.მ და 282 კვ.მ მიწის ნაკვეთები. დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „-----“ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს მიწის ღირებულებას უნაზღაურებს როგორც ფულადი სახით, ასევე აწვდის 861 კვ.მ საცხოვრებელ ბინებს. ბარტერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების მიწის მეპატრონეებზე გადაცემა ხდება შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2020 და 2021 წლებში. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, განისაზღვრა აღნიშნულ მისამართებზე არსებულ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯების მოცულობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, ასევე 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესით.

- საწარმოს მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №14770 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სალაროში არსებული ნაღდი ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის მასალები გადაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნული მასალების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის სალაროში მდებარე ქ. ------ -----ს ქ. №---- მისამართზე, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარის ოდენობით. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ ადეკლარირებს საშემოსავლო გადასახადს. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მეთოდური მითითებით „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9), რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, სალაროს უძრავ ნაშთსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების/საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- შემოწმების მიერ ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი განხილულია საწარმოს მიერ კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №31353 ბრძანება და ამავე თარიღის №086-53 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 10.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სესხად განხილული სალაროს ნაშთი დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანება 22.05.2023 და 4.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 14.07.2023 წლის №19758/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 დავის საგნის ნაწილში მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით სადავო საკითხის (ტექნიკური უზუსტობის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანების აღსრულებაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში შემცირდა სულ გადასახადი 129 168 ლარით და ჯარიმა 207 973 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №13230 ბრძანება და ამავე თარიღის №086-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 4.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18083 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ სალაროს უძრავი ნაშთი სესხის ნაცვლად, მისი გაცემის მომენტში ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად, რის შედეგადაც შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველ დავის საგანთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ასეთი სხვაობა არ უნდა იყოს დეკლარირებულ და შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებს შორის. ამ საკითხის შესწავლას და ყოველთვიური დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების გაანალიზებას სწავლობს და საჩივრის განხილვის პროცესში წარმოადგენს მოსაზრებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. აუდიტორების მიერ წარდგენილი ცხრილის შესაბამისად აუდიტორებს 2020 წლის აპრილში დღგ-ის დაბეგვრა განხორციელებული აქვს 6 093 ლარის ავანსზე. არც ბუღალტრული აღრიცხვის და არც საბანკო ანგარიშების შესაბამისად კომპანიას 2020 წლის აპრილში არ აქვს მიღებული ავანსი. ამ გარემოების გამო კომპანიაზე დამატებით დარიცხულია დღგ 929 ლარი. საჭიროა აუდიტორებთან ერთად მოხდეს ამ საკითხის დამატებით შესწავლა, რადგან შესაძლოა კიდევ არაერთი დასაბეგრი პოზიცია იყოს არასწორად განსაზღვრული, რაც გამოიწვევს ორმაგ დაბეგვრას, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.

მეორე დავის საგანთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ კომპანიას ნამდვილად აქვს გრძელვადიანი კონტრაქტით განსაზღვრული ოპერაციები, შეძენილი მიწის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეებზე გადაცემული აქვს ბინები, მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ოპერაციები უნდა დაიბეგროს გადაცემამდე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების შესაბამისად. აუდიტორებს გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული ოპერაციები დაბეგრილი აქვთ წლიურ ჭრილში, ბინების გადაცემა განხორციელებულია წლის შიგნით პერიოდში. აუდიტორების მიერ გაგზავნილი ცხრილის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში გრძელვადიანი კონტრაქტით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 31 327 ლარი, რაზეც დარიცხულია 5 638,86 ლარი დღგ. აუდიტორებს გრძელვადიანი კონტრაქტით 2020 წლის დეკემბერში განმეორებით აქვთ დაბეგრილი გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული დღგ, ისე რომ 2020 წლის აგვისტოში დაბეგრილია 5 638,86 ლარი დღგ არ აქვთ შემცირებული, რამაც გამოიწვია ორმაგი დაბეგვრა. ამ გარემოების გამო ითხოვს აუდიტორებმა ერთად გაიარონ აღნიშნული საკითხი და დამატებით დარიცხული დღგ გადაიანგარიშონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მესამე დავის საგანთან დაკავშირებით, არ ეთანხმება აუდიტორებს სალარო გონივრული ნაშთის რაოდენობაში, რადგან გასავლელი და გადასაანგარიშებელია ბინების რეალიზაციები და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის სისწორე, რაც პირდაპირ კავშირშია სალაროს ნაშთთან. კორექტირებულ დოკუმენტებში სალაროს ნაშთი დაბეგრილია დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რასაც ეთანხმება მაგრამ არ ეთანხმება სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობას.

მეოთხე დავის საგანთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აუდიტორებს სალაროში არსებული ფულის ნაშთი განხილული და დაბეგრილი აქვს მესამე საკითხში. გაუგებარია, რატომ დაბეგრეს აუდიტორებმა სალაროს ნაშთი ორჯერ. ამ გარემოების გამო არ ეთანხმებოდა დარიცხულ გადასახადს. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაიანგარიშოს კომპანიის დამატებით არასწორად დარიცხული გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სესხად განხილული სალაროს ნაშთი დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანების აღსრულებაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოწმების შედეგად სალაროს უძრავი ნაშთი ნაცვლად სესხისა, მისი გაცემის მომენტში ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად. აღნიშნულის შედეგად, შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, სულ გადასახადი 129 168 ლარით და ჯარიმა 207 973 ლარით.

მომჩივანი ოთხივე დავის საგანზე წარმოადგენს შემდეგ არგუმენტებს:

1. აუდიტორების მიერ წარდგენილი ცხრილის შესაბამისად 2020 წლის აპრილში დღგ-ის დაბეგვრა განხორციელებულია 6 093 ლარის ავანსზე. არც ბუღალტრული აღრიცხვის და არც საბანკო ანგარიშების შესაბამისად კომპანიას 2020 წლის აპრილში არ აქვს მიღებული ავანსი. ამ გარემოების გამო კომპანიაზე დამატებით დარიცხულია დღგ 929 ლარი. საჭიროა აუდიტორებთან ერთად მოხდეს ამ საკითხის დამატებით შესწავლა, რადგან შესაძლოა კიდევ არაერთი დასაბეგრი პოზიცია იყოს არასწორად განსაზღვრული, რაც გამოიწვევს ორმაგ დაბეგვრას, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.

2. აუდიტორების მიერ გაგზავნილი ცხრილის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში გრძელვადიანი კონტრაქტით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 31 327 ლარი, რაზეც დარიცხულია 5 638,86 ლარი დღგ. აუდიტორებს გრძელვადიანი კონტრაქტით 2020 წლის დეკემბერში განმეორებით დაბეგრილია გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული დღგ, ისე რომ 2020 წლის აგვისტოში დაბეგრილია 5 638,86 ლარი დღგ არ აქვთ შემცირებული, რამაც გამოიწვია ორმაგი დაბეგვრა. ამ გარემოების გამო ითხოვს აუდიტორებმა ერთად გაიარონ აღნიშნული საკითხი და დამატებით დარიცხული დღგ გადაიანგარიშონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. არ ეთანხმება აუდიტორებს სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობის განსაზღვაში, რადგან გასავლელი და გადასაანგარიშებელია ბინების რეალიზაციები და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის სისწორე, რაც პირდაპირ კავშირშია სალაროს ნაშთთან. კორექტირებულ დოკუმენტებში სალაროს ნაშთი დაბეგრილია დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რასაც ეთანხმება მაგრამ არ ეთანხმება სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობას.

4. აუდიტორებს სალაროში არსებული ფულის ნაშთი განხილული და დაბეგრილი აქვთ მესამე საკითხში. გაუგებარია, რატომ დაბეგრეს აუდიტორებმა სალაროს ნაშთი ორჯერ.

საბჭოს მიუთითებს საბჭოს 14.07.2023 წლის №19758/2/2023 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 დავის საგნის ნაწილში მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით სადავო საკითხის (ტექნიკური უზუსტობის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ არ ეთანხმება სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობას (ხოლო დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას ეთანხმება), რადგან გადასაანგარიშებელია დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის სისწორე, რაც პირდაპირ კავშირშია სალაროს ნაშთთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბჭოს 14.07.2023 წლის №19758/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლის შედეგები გავლენას არ მოახდენს სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობაზე.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავალება, სესხად განხილული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირებულიყო საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა/რეალიზაცია. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აქტები 10.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სესხად განხილული სალაროს ნაშთი დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.07.2023 წლის №19758/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 დავის საგნის ნაწილში მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით სადავო საკითხის (ტექნიკური უზუსტობის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9090 ბრძანების აღსრულებაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში შემცირდა სულ გადასახადი 129 168 ლარით და ჯარიმა 207 973 ლარით. აღნიშნული 4.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18083 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავალება, სესხად განხილული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირებულიყო საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").