გადაწყვეტილება №21118/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.02.2024
№ დოკუმენტი 21118/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21118/2/2023

02 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ -------“-ს 20.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21118/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12469 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2023 წლის №031-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24186 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 150 070.25 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 359

დღგ - 22 126

საშემოსავლო გადასახადი - 49 233

ჯარიმა - 33 522

საურავი - 45 189.25

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სასურსათო საქონლის, ნავთობპროდუქტების, ცემენტის, სამშენებლო საქონლის, საავტომობილო ზეთებისა და აქსესუარების შეძენა/რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში. საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად საკონტროლო სალარო აპარატის საშუალებით.

შემოწმებით დადგენილი ფასნამატი ემთხვევა გადამხდელის ინფორმაციით (ახსნა-განმარტებით) წარმოდგენილ ფასნამატს. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები. გადამხდელს მიღებული აქვს გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281- ე მუხლის მიხედვით, ასევე, დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე და 291-ე მუხლებით.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო კატეგორიებად, რომელზეც გავრცელდა შემოწმებით დადგენილი (რაც ემთხვევა გადამხდელის მიერ მოწოდებულს) ფასნამატები. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულს. შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების („ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ) შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად. შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთები და მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასის სახით განაცემად და „აგროსილი“ თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39461 ბრძანება და ამავე თარიღის №031-23 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12469 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მასალების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხველი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12469 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 29.08.2023 წლის №031-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24186 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიუთითა, რომ დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია ცხრილის სახით, რომელშიც არასრულად და არასწორად იყო განსაზღვრული საქონლის ჯგუფები, კატეგორიები და ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის განცხადებით, ცხრილი შედგენილი იყო არასრულად და ტექნიკური შეცდომებით, რომელთა გამოსასწორებლადაც ითხოვა დამატებითი დრო, თუმცა სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დასკვნის შედგენის თარიღისთვის არ იქნა წარდგენილი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ინფორმაცია ცხრილის სახით, ფასნამატისა და კატეგორიების შესახებ), რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ არასწორად იყო განსაზღვრული საქონლის ჯგუფები, სახეობები, კატეგორიები და ფასნამატები, რაზეც მოითხოვა დამატებითი დრო ხარვეზების გამოსასწორებლად. დროის სიმცირის გამო დასკვნის დაწერის მომენტში მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო არა სრული/არა საკმარისი რის შედეგადაც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. რის შემდგომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სადაც ითხოვდა გონივრულ ვადას ყველა ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც აგრეთვე არ დაკმაყოფილდა.

ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს "-------"-ში მუნიციპალიტეტში, რომელიც არის მაღალმთიანი დასახლება, სადაც ინტერნეტი მიეწოდება შეფერხებით. ამიტომ ელექტრონულად გადაგზავნილი დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა ტექნიკური ხარვეზებით, რის გამოც მოხდა ხარვეზიანი დოკუმენტაციის გადაგზავნა და აუდიტის დეპარტამენტს მიეწოდა არა სრული დოკუმენტაცია დასკვნის შედგენის თარიღისათვის, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. დანართების სახით წარმოადგენს ნაწილობრივ არასრულ ჩაშლილ ს.მ.ფ-ების ცხრილს სახეობების მიხედვით ფასნამატების გათვალისწინებით, ხოლო სრული ვერსიის მოწოდებას მოახდენს სადაო საკითხის შესწავლის პერიოდში, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ს.მ.ფ-ების ფასნამატი. აგრეთვე ცხრილებში მითითებულია სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქცია და საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული ფასნამატი მაიდენტიფიცირებელი ნომრების მითითებით.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტების აღწერიდან გამომდინარე, ითხოვს სადაო საკითხის განმეორებით შესწავლას, ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად, რათა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ბიზნესის შემდგომი განვითარებისა და გაგრძელებისათვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12469 ბრძანებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მასალების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხველი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

დ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12469 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა იმ მიზეზით, რომ მომჩივანს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.

მომჩივნის განმარტებით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს "------"-ის მუნიციპალიტეტში, რომელიც არის მაღალმთიანი დასახლება, სადაც ინტერნეტი მიეწოდება შეფერხებით. ამიტომ ელექტრონულად გადაგზავნილი დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა ტექნიკური ხარვეზებით, რის გამოც მოხდა ხარვეზიანი დოკუმენტაციის გადაგზავნა და აუდიტის დეპარტამენტს მიეწოდა არა სრული დოკუმენტაცია დასკვნის შედგენის თარიღისათვის, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი აქვს ს.მ.ფ-ების ფასნამატის შესახებ ცხრილი, რომლის აუდიტორთან ერთად განხილვა/შესწავლის შესაძლებლობაც არ მიეცა. აღნიშნული ცხრილის გათვალისწინების შემთხვევაში აუდიტის დეპარატმენტის მიერ საქონელზე, კონკრეტულად კი სიგარეტზე შემოწმებით დადგენილი მაღალი ფასნამატი მკვეთრად შემცირდება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ აქვს შესწავლილი მომჩივნის მიერ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი ს.მ.ფ-ების ფასნამატის შესახებ ცხრილი. ამ მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (ს.მ.ფ-ების ფასნამატის შესახებ ცხრილი) შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24186 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს: ა) მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (ს.მ.ფ-ების ფასნამატის შესახებ ცხრილი) შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით; ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად, რათა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ბიზნესის შემდგომი განვითარებისა და გაგრძელებისათვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სასურსათო საქონლის, ნავთობპროდუქტების, ცემენტის, სამშენებლო საქონლის, საავტომობილო ზეთებისა და აქსესუარების შეძენა/რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება.შემოწმებით დადგენილი ფასნამატი ემთხვევა გადამხდელის ინფორმაციით წარმოდგენილ ფასნამატს. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურები. გადამხდელს მიღებული აქვს გაფრთხილება,ასევე, დაჯარიმებულია.

შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო კატეგორიებად, რომელზეც გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატები. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულს. შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად. შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთები და მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასის სახით განაცემად და „აგროსილი“ თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.მოჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).