გადაწყვეტილება №27237/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2026
№ დოკუმენტი 27237/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27237/2/2026

11 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 25.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27237/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22225 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 თებერვლის №007-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის №8222 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 488 942.69 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 264 169

მოგების გადასახადი - 82 583

საშემოსავლო გადასახადი - 181 586

ჯარიმა - 132 084

საურავი - 92 689.69

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა სანათებით, გარე განათებებით, ნათურებით და სხვა მსგავსი საქონლით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის გზით ჩინეთიდან. საქონლის მიწოდება ხდებოდა როგორც ტენდერის ფარგლებში, ასევე, საბითუმოდ (სასაქონლო ზედნადებებით) და საცალოდ. საწარმო საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში, -------, -------.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 აპრილის №10158 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის მიერ რეპორტალზე წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება გადახდილი ავანსები. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება სრულად დაფარულია ამავე პერიოდში. შესაბამისად, ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა. მომჩივანმა ვერ წარადგინა გადახდილი ავანსების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მ.შ. შედარების აქტები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი თანხები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, საქონლის ნაშთი ფიქსირდება 450 821 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დეკლარირებული შემოსავალია 3 313 181 ლარი, საიდანაც 97% შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა ანალიზი არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რაც თანხვედრაშია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან. მომჩივნის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების, ფულის ნაშთის, ასევე სხვა აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებული სახელფასო განაცემი შეადგენს 67 500 ლარს. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად, დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის, კერძოდ, დეკლარირებული შემოსავლისა (მ.შ. აღებული სესხების და ტენდერის ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოების გათვალისწინებით) და გაწეული ხარჯების (პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, გადახდილი სესხის ძირი თანხებისა და პროცენტების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების) შეპირისპირებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთმა შეადგინა 897 032 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია ამ თანხის განკარგვის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე, საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16173 ბრძანება და 9 ივლისის №007-174 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 542 160.90 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.10.2024 წლის №22225 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22225 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის დასკვნა, 10.02.2026 წლის №2859 ბრძანება და №007-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 124 249 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 10 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 7 აპრილის №8222 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შეესწავლა მომჩივნის მიერ წარდგენილი, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, კომპანიას შეუმცირდა დარიცხული მოგების გადასახადი და ჯარიმა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისში, 2021 წლის 1 იანვრისა და 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით. აღნიშნული პროგრამის მონაცემებით, ფიქსირდებოდა 2021 წლის საწყისი ნაშთები, კერძოდ: ფულის ნაშთები სალაროსა და ბანკში, რაც საგადასახადო შემოწმების აქტში გათვალისწინებული იყო, ფიქსირდებოდა დებიტორ/კრედიტორების ნაშთები, რომლის ნაწილზეც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შედარების აქტები, სმფ-ს ნაშთი, რომელიც აღრიცხული იყო ჯამურად და განსხვავდებოდა შემოწმების პერიოდში წარდგენილი მონაცემისგან, საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც არ ემთხვეოდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, სესხის ნაშთი და გაუნაწილებელი მოგების 2021 წლის საწყისი ნაშთი, რომელიც ასევე განსხვავდებოდა შემოწმების დროს ანალიზით დათვლილი მონაცემისგან (შემოწმების დროს, ხელთ არსებული მონაცემებით, კერძოდ, ფინანსურ ანგარიშგებასა და მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ს საწყისი ნაშთის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად, გაანგარიშდა 2021 წლამდე დაგროვილი მოგება, რაც თანხვედრაში იყო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ფინანსური ანგარიშგებაში დაფიქსირებულ მოგების მონაცემთან). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული ავანსის თანხა არ წარმოადგენდა ავანსს, აღნიშნული თანხა არასწორად იყო ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული და ეს თანხა გადანაწილებული იყო სხვადასხვა აქტივებში, მაგალითად, სმფ-ის საწყის ნაშთსა და დებიტორებში. გადასახადის გადამხდელმა ახლადაღრიცხულ საბუღალტრო პროგრამაში დააკორექტირა სმფ-ის საწყისი ნაშთი, ვინაიდან მისი განმარტებით, შემოწმების დროს წარდგენილი ფასნამატი და საქონლის ჩამოწერები არ იყო სწორი და შემოწმების დროს წარდგენილ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული 80%-იანი ფასნამატის ნაცვლად, ფასნამატი იყო 55-60%. გადაანგარიშების ფარგლებში, აღნიშნულის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარა ფასნამატის ცვლილება ან/და შემოსავლის გაზრდა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, შემოწმება დაეყრდნო კომპანიის მიერ ფინანსურ ანგარიშგებასა და 2021 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ფასნამატის ცვლილება არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული. გარდა ამისა, გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2021 წლამდე არსებული ისეთი ხარჯების, მ.შ. მივლინებების, ავიაბილეთების, პროცენტის და სხვა ხარჯების რეესტრი და დოკუმენტები, რომლებზეც არ იყო პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოწერილი. აღნიშნული მონაცემებით (წინა პერიოდის ხარჯებით და შედარების აქტებით) შემცირდა ავანსის საწყისი ნაშთი, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის შემცირება.

ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადაანგარიშების ფარგლებში მომჩივნის მიერ წარდგენილი ორმხრივად დამოწმებული დებიტორ/კრედიტორების მონაცემების შედეგად შემცირდა განკარგვადი თანხა. ამასთან, ახლადწარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ასახული იყო გაცემული დივიდენდი. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდა განკარგვადი თანხა და გაცემული დივიდენდი დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. ასევე, გაანგარიშდა ჩასათვლელი თანხა 2017 წლამდე მიღებული და გადახდილი მოგების გადასახადის შესაბამისად. შედეგად, საწარმოს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

ჯარიმა-საურავის პატიებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად წარდგენილი აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არ გაუხდია სადავოდ თავდაპირველი საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება ფინანსური ანგარიშგების საწყისი ნაშთის მოგების დაბეგვრის საკითხს. შემოწმების შემდეგ კომპანიამ აღადგინა ბუღალტრული ბაზა და 2021 წლის საწყისი ნაშთები წარადგინა, გადაანგარიშებისას შეიცვალა მარაგის ნაშთიც, რადგან დირექტორთან გავლის შემდეგ ფასნამატი არ იყო 80%, არამედ 55-60%-ს შეადგენდა და რა თქმა უნდა აქტივის მუხლები გადანაწილდა. რაც შეეხება აუდიტორის დასკვნას, რომ გაუნაწილებელი მოგება ემთხვეოდა, კომპანიის ბუღალტერს ფინანსურ ანგარიშგებაში მოგება და ვალდებულება ერთად ეწერა, რაც ნათლად დასტურდება, რადგან საბანკო სესხის ვალდებულება არ ეწერა. შესაბამისად, მოგების თანხისთვის უნდა გამოეკლო. აუდიტორმა გაითვალისწინა ხარჯები, რის მოძიებაც 2012 წლიდან 2021 წლამდე კომპანიამ შეძლო და არ გაითვალისწინა შესამოწმებელი პერიოდის ბაზის აღდგენის შემდეგ გადაანგარიშებული საწყისი ნაშთები. მე-4 კატეგორიის ფინანსური ანგარიშგება აუდიტს არ მოითხოვს და ბუღალტერმა ყველანაირი აღრიცხვის გარეშე წარადგინა და ბაზის აღდგენის შემდეგ დაკორექტირდა ფინანსური ანგარიშგებები. ანგარიშგების პორტალზეც ასახულია დაზუსტებული. კომპანიას ხანდაზმულ პერიოდშიც ბევრი სესხი ჰქონდა ვალუტაში და რა თქმა უნდა შემოწმება ვერ გაითვალისწინებდა საკურსო სხვაობებს, ასევე კონვერტაციებს. კომპანიამ ამიტომაც აღადგინა ბაზები და გადაიანგარიშა ნაშთები. საწარმომ ზოგიერთი დებიტორის მოძიება ვერ მოახერხა შედარებისთვის, ბუღალტერიაში ჩანს მოთხოვნები, რაზეც შედარება ვერ მოახერხეს კონტაქტის გამო, რადგან ბევრი წელია გასული, არც აუდიტს გამოუთხოვია მათგან ინფორმაცია, ასევე სარასზე დაკორექტირებული ფინანსური ანგარიშგებაც არ განუხილავს, როდესაც არაბუღალტრული აღრიცხვის დროს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება გამოიყენა დარიცხვისთვის. კომპანიამ ხანდაზმულ პერიოდზე შეძლო გარკვეული დოკუმენტაციის შეგროვება, თუმცა 2012-2021 წლამდე საკმაოდ დაგროვილი არის ხარჯები, თუნდაც ბანკით და თუნდაც სავალუტო ჯიხურში კონვერტაციებით ან ინვოისებით. შესაბამისად, წარდგენილის გარდა გარკვეული ხარჯები არსებობს.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ რიცხვში გრძელვადიანი სესხიც იყო დამატებული, რათა დაებალანსებინა, ეს მარტივად დასტურდება ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით.

საწარმოს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა, რომლის აღდგენა განხორციელდა დავის ეტაპზე. შესაბამისად, მე-4 კატეგორიის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობა იწვევს არსებით სხვაობებს, რაც თვითონ აუდიტორმაც დააკორეტირა, როდესაც ნახა რომ ფინანსურ ანგარიშგებაში საბანკო ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა, მაგრამ ვალდებულება კაპიტალის ნაწილში, კაპიტალში სადაც სესხიც ეწერა, არ გამოაკლო ბანკის სესხი.

მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადში დარიცხული თანხის შემცირებას და დაკისრებული ჯარიმა-საურავის პატიებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22225 ბრძანებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისში, 2021 წლის 1 იანვრისა და 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით. აღნიშნული პროგრამის მონაცემებით, ფიქსირდებოდა 2021 წლის საწყისი ნაშთები, კერძოდ: ფულის ნაშთები სალაროსა და ბანკში, რაც შემოწმების აქტში გათვალისწინებულია, ფიქსირდებოდა დებიტორ/კრედიტორების ნაშთები, რომლის ნაწილზეც მომჩივანმა წარადგინა შედარების აქტები, სმფ-ს ნაშთი, რომელიც აღრიცხული იყო ჯამურად და განსხვავდებოდა შემოწმების პერიოდში წარდგენილი მონაცემისგან, საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც არ ემთხვეოდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებს, სესხის ნაშთი და გაუნაწილებელი მოგების 2021 წლის საწყისი ნაშთი, რომელიც ასევე განსხვავდებოდა შემოწმების დროს ანალიზით დათვლილი მონაცემისგან (შემოწმების დროს, ხელთ არსებული მონაცემებით, კერძოდ, ფინანსურ ანგარიშგებასა და მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ს საწყისი ნაშთის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად, გაანგარიშდა 2021 წლამდე დაგროვილი მოგება, რაც თანხვედრაში იყო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებულ მოგების მონაცემთან). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული ავანსის თანხა არ წარმოადგენდა ავანსს, აღნიშნული თანხა არასწორად იყო ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული და ეს თანხა გადანაწილებული იყო სხვადასხვა აქტივებში, მაგალითად, სმფ-ის საწყის ნაშთსა და დებიტორებში. გადასახადის გადამხდელმა ახლად აღრიცხულ საბუღალტრო პროგრამაში დააკორექტირა სმფ-ის საწყისი ნაშთი, ვინაიდან მისი განმარტებით, შემოწმების დროს წარდგენილი ფასნამატი და საქონლის ჩამოწერები არ იყო სწორი და შემოწმების დროს წარდგენილ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული 80%-იანი ფასნამატის ნაცვლად, ფასნამატი იყო 55-60%. გადაანგარიშების ფარგლებში, აღნიშნულის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, ვინაიდან შემოწმების მიერ არ მომხდარა ფასნამატის ცვლილება ან/და შემოსავლის გაზრდა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო კომპანიის მიერ ფინანსურ ანგარიშგებასა და 2021 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ფასნამატის ცვლილება არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული. გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2021 წლამდე არსებული ისეთი ხარჯების, მ.შ. მივლინებების, ავიაბილეთების, პროცენტის და სხვა ხარჯების რეესტრი და დოკუმენტები, რომლებზეც არ იყო პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოწერილი. აღნიშნული მონაცემებით (წინა პერიოდის ხარჯებით და შედარების აქტებით) შემცირდა ავანსის საწყისი ნაშთი. შესაბამისად, მომჩივანს შეუმცირდა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

- გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ორმხრივად დამოწმებული დებიტორ/კრედიტორების მონაცემების შედეგად შემცირდა განკარგვადი თანხა. ამასთან, ახლად წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ასახული იყო გაცემული დივიდენდი. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდა განკარგვადი თანხა და გაცემული დივიდენდი დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. ასევე, გაანგარიშდა ჩასათვლელი თანხა 2017 წლამდე მიღებული და გადახდილი მოგების გადასახადის შესაბამისად. შედეგად, საწარმოს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 124 249 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 82 832 ლარი და ჯარიმა - 41 417 ლარი.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

- აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემებს;

- ახლად აღრიცხულ საბუღალტრო პროგრამაში შეცვლილია მონაცემები სრულად, თუმცა ვერ დგინდება აღნიშნული მონაცემების სისწორე;

- აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შეესწავლა მომჩივნის მიერ წარდგენილი, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა დავალების ფარგლებში.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავის პატიებას. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22225 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22225 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22225 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ რეპორტალზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება გადახდილი ავანსები. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება სრულად დაფარულია ამავე პერიოდში. შესაბამისად, ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა. მომჩივანმა ვერ წარადგინა გადახდილი ავანსების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მ.შ. შედარების აქტები. შემოწმებით გადახდილი თანხები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, ფიქსირდება საქონლის ნაშთი. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა ანალიზი არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რაც თანხვედრაშია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან. მომჩივნის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების, ფულის ნაშთის, ასევე სხვა აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად, დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის, კერძოდ, დეკლარირებული შემოსავლისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგინდა ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია ამ თანხის განკარგვის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე, საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22225 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 101; 154;