გადაწყვეტილება №21373/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21373/2/2023
05 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (პ/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 20.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21373/2/2023).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის ID: "------"შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26577 ბრძანება.
სადავო თანხა: 1 738 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 2023 წლის 24 აგვისტოს (ID:"------" ) და 28 სექტემბერს (კორექტირებული ID:"------" ) საგადასახადო ორგანოს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოში განბაჟებული ავტომობილის, განბაჟებიდან 90 დღეზე ნაკლებ ვადაში, ექსპორტის რეჟიმში მოქცევით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 2023 წლის 4 სექტემბერს, განისაზღვრა ხარვეზი (ID:"------" ), კერძოდ: 2020 და 2021 წლებზე პირს უფიქსირდებოდა, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ავტო-სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის (6 თვემდე ვადაში) დროს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 28 სექტემბერს წარადგინა კორექტირებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა (ID:"------" ), სადაც მითითებულია, რომ დადგენილ ვადაში პირმა წარადგინა 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.
2023 წლის 29 სექტემბერს, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი (ID:"------" ) „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა-რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.10.2023 წლის №26577 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე მუხლით. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავზე, ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი 2020-2023 წლების ამონაწერი ყველა საბანკო ანგარიშიდან. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენარეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას 2023 წლის ივლისში განცხადებით მოითხოვა 90 დღეზე ნაკლებ ვადაში განხორციელებული განბაჟებული ავტომობილის ექსპორტზე გაყვანის გამო, ზედმეტად გადახდილი თანხის 1738 ლარის დაბრუნება.
2023 წლის 4 სექტემბერს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში 2020-2021 წწ. საანგარიშო პერიოდში (6 თვემდე ვადაში) ავტო-სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დოკუმენტისა და საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა.
მან კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა 2023 წლის 29 სექტემბრის შესაგებლით ცნობილი გახდა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში სრულყოფილად არ გამოუსწორებია ხარვეზი, საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით წარსადგენი ყოფილა 2021-2022 წწ. საანგარიშო პერიოდში ავტო-სატრანსპორტო საშუალებების შეძენა-რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტმა უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ზედმეტად გადახდილი თანხის 1738 ლარის დაბრუნებაზე).
ვინაიდან, ხარვეზში მითითებული არ ყოფილა 2022 წლის საანგარიშო პერიოდი, შესაბამისად შესაგებელი გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში და მიუთითა აღნიშნულ გარემოებაზე, საჩივარს თან დაურთო 2022 წლის საანგარიშო პერიოდში (6 თვემდე ვადაში) ავტო-სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დოკუმენტი, კერძოდ შსს მომსახურების სააგენტოდან 11.10.2023 წლის №"------" ცნობა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 4 ოქტომბრამდე დარეგისტრირებული და მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების შესახებ და საშემოსავლო დეკლარაცია და მოითხოვა 2023 წლის 29 სექტემბრის შესაგებლის გაუქმება, თუმცა შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
იმის გამო, რომ ბრძანების მიღებისას გათვალისწინებული არ ყოფილა საჩივარში მითითებული გარემოებები, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26577 ბრძანების გაუქმებას და გადაწყვეტილების მიღებას ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ, რომელიც გამოწვეულია საქართველოში განბაჟებული ავტომობილის, განბაჟებიდან 90 დღეზე ნაკლებ ვადაში, ექსპორტის რეჟიმში მოქცევით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდლს უფლება აქვს, დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა.
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საგადასახადო ორგანო თავადაც არის უფლებამოსილი მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია იმ გადამხდელებს, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი.
ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე. ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან, 4.09.2023 წლის ID: "------" ხარვეზში მითითებული არ ყოფილა 2022 წლის საანგარიშო პერიოდი, შესაბამისად შესაგებელი გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში და მიუთითა აღნიშნულ გარემოებაზე, საჩივარს თან დაურთო 2022 წლის საანგარიშო პერიოდში (6 თვემდე ვადაში) ავტო-სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დოკუმენტი, კერძოდ შსს მომსახურების სააგენტოდან 11.10.2023 წლის №"------" ცნობა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 4 ოქტომბრამდე დარეგისტრირებული და მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების შესახებ და საშემოსავლო დეკლარაცია და მოითხოვა 2023 წლის 29 სექტემბრის შესაგებლის გაუქმება, თუმცა შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. იმის გამო, რომ ბრძანების მიღებისას გათვალისწინებული არ ყოფილა საჩივარში მითითებული გარემოებები, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26577 ბრძანების გაუქმებას და გადაწყვეტილების მიღებას ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ, რომელიც გამოწვეულია საქართველოში განბაჟებული ავტომობილის, განბაჟებიდან 90 დღეზე ნაკლებ ვადაში, ექსპორტის რეჟიმში მოქცევით.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, 2021-2022 წლის საანგარიშო პერიოდში (6 თვემდე ვადაში) ავტო-სატრანსპორტო საშუალებების შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტები, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26577 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26577 ბრძანების გაუქმებას და გადაწყვეტილების მიღებას ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ, რომელიც გამოწვეულია საქართველოში განბაჟებული ავტომობილის, განბაჟებიდან 90 დღეზე ნაკლებ ვადაში, ექსპორტის რეჟიმში მოქცევით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი ითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოში განბაჟებული ავტომობილის, განბაჟებიდან 90 დღეზე ნაკლებ ვადაში, ექსპორტის რეჟიმში მოქცევით.
2020 და 2021 წლებზე პირს უფიქსირდებოდა, შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ავტო-სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დროს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.გადამხდელმა 2023 წლის 28 სექტემბერს წარადგინა კორექტირებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა,სადაც მითითებულია, რომ დადგენილ ვადაში პირმა წარადგინა 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.
გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, 2021-2022 წლის საანგარიშო პერიოდში ავტო-სატრანსპორტო საშუალებების შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტები, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
63,65.
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავი მუხლი 13.