გადაწყვეტილება №18871/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18871/2/2023
22 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 14.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18871/2/2023).
დავის საგანი:
1. ფიზიკური პირებისგან ჩაის ფოთლის (ნედლეულის) შეძენის ოპერაციის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოდ და ჩაის ფოთლის ღირებულების ანაზღაურების ფიზიკური პირებისათვის გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №074-36 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2435 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 245 759 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 122 644
დღგ - 842
მოგების გადასახადი - 259
საშემოსავლო გადასახადი -121 543
ჯარიმა - 61 700
საურავი - 61 415
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33888 ბრძანება და №074-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2435 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკური პირებისათვის ჩაის ფოთლის (ნედლეულის) შეძენის ოპერაციის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოდ და ჩაის ფოთლის ღირებულების ანაზღაურების ფიზიკური პირებისათვის გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება
ფაქტების აღწერა
კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებულია ჩაის ბუჩქის პლანტაციები და რომლებიც მოვლა-პატრონობისთვის გაცემულია იჯარით ფიზიკურ პირებზე. აღნიშნული გაცემულია ხელფასზე მომუშავე თანამშრომლებზე. 1 ჰა-ს მოვლის ღირებულება განსაზღვრულია 25 ლარით, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე 1 ჰა-სთვის მიწის გადასახადის ოდენობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ახდენს სხვადასხვა სახის საქონლის შეძენას, რაც საჭიროა ჩაის პლანტაციების მოვლისთვის. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოკრეფილ ჩაის მთლიანად იბარებს კომპანია შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა, როგორც სახელფასო განაცემი (ჩაის ფოთლის ღირებულება შინაარსობრივად წარმოადგენს ჩაის პლანტაციების მოვლისა და კრეფისათვის გადახდილ სახელფასო ანაზღაურებას), რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, ჩაის ფოთლის ღირებულების ჩაის პლანტაციების მოვლისა და კრეფისათვის გადახდილ სახელფასო ანაზღაურებად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა ფიზიკური პირებისაგან ჩაის ფოთლის (ნედლეულის) შეძენის ოპერაცია არასწორად გადააკვალიფიცირა კომპანიასა და ამ ფიზიკურ პირებს შორის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოდ, ხოლო ჩაის ფოთლის ღირებულების ანაზღაურება ამ ფიზიკური პირებისათვის გაცემულ ხელფასად, რამაც მომჩივანისათვის საშემოსავლო გადასახადისა და საგადასახადო სანქციების უსაფუძვლო დაკისრება გამოიწვია.
აუდიტის დეპარტამენტმა, როგორც შემოწმების აქტშია მითითებული, გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა „შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს. ...რაიმე ურთიერთობის ფარგლებში ოპერაციის ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო კოდექსი, არამედ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. როდესაც ოპერაციის საფუძველი კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა იქნეს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გარიგების ფორმა მხარეთა ნებას. თუ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში, მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი“ (14.03.2017 წ. სუსგ №ბს-702-695(2კ-16)).
„სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მიხედვით, „სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, რა შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია შემდეგი პრინციპები: ა) სამეურნეო ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის ექვემდებარება ანალიზს, შეფასებას და კვალიფიცირებას მისი შინაარსის (ნამდვილი ნების/მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას გადასახადებისგან თავის არიდება, დამალვა ან/და შეღავათით არამართლზომიერად სარგებლობა; ბ) სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არსი და მიზანი, აგრეთვე, სხვა თანმდევი პროცესები და ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და ორმხრივად განჭვრეტადი (იგულისხმება საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელი). მეთოდური მითითების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „საეჭვო სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების ფარგლებში, აუდიტორის მიერ გასავლელი სავალდებულო საფეხურებია: საფეხური I - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის მოძიება და პირველადი შესწავლა; საფეხური II - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის აღწერა და ანალიზი; საფეხური III - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის არსებითობის შეფასება; საფეხური IV - გადასახადის გადამხდელის გამოკითხვა; საფეხური V- მესამე პირებისგან ინფორმაციის გამოთხოვა; საფეხური VI - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება და შედეგების გაფორმება“.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ჩაის პლანტაციები კომპანიის საკუთრებაა, შემოწმება მიიჩნევს, რომ ამ პლანტაციებიდან მიღებული ნედლეული ისევ კომპანიის საკუთრებაა და შესაბამისად, ნასყიდობას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ, კანონით აკრძალული არ არის კომპანიის საკუთრებაში არსებული პლანტაციების სხვადასხვა პირებისათვის დროებით სარგებლობაში (თუნდაც უსასყიდლო იჯარით) გადაცემა იმ პირობით, რომ ამ პლანტაციებიდან მიღებული მოსავალი (ნედლეული) ექსკლუზიურად კომპანიას ჩაბარდებოდა (მიეყიდებოდა).
ჩამოყალიბებულ ურთიერთობაში სახეზეა ორივე მხარის ეკონომიკური ინტერესი: ერთის მხრივ, კომპანია მინიმალური დანახარჯებით (კერძოდ, მიწაზე ქონების გადასახადი) იღებს მოვლილ ჩაის პლანტაციებს და ხარისხიან ნედლეულს ისე, რომ არ სჭირდება რესურსების ხარჯვა პლანტაციების მოვლის ორგანიზებაზე, შრომის იარაღების შეძენა-შენახვაზე, მასალების (მათ შორის სასუქის, საწვავის და ა.შ.) შეძენა-შენახვა-განაწილებაზე. კომპანია ამასთან, თავისუფლდება იმ ტვირთისაგან, რაც შრომითი კანონმდებლობით დამსაქმებელს აწვება (ბიულეტენები, შვებულებები და ა.შ.). მეორე მხრივ, ფიზიკური პირი, რომელმაც სარგებლობაში მიიღო პლანტაცია, დამოკიდებული ხდება თავისი და თავისი ოჯახის წევრების ძალისხმევაზე. მას შეუძლია პლანტაციის საკუთრებაში შეძენისა და არსებობის ტვირთის გარეშე უზრუნველყოს პლანტაციის უკეთესი მოსავლიანობა და შესაბამისად, მეტი შემოსავლის მიღება მოსავლის გარანტირებული გასაღების პირობებში. ამავდროულად, შრომით ურთიერთობაში შესვლის გარეშე, მას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს ოჯახის წევრთა შრომა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - დაიქირავოს სხვა პირები, რომელთაც თავის მხრივ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ოჯახის წევრების შრომა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, დაედგინა, მოცემულ შემთხვევაში, ჩაის პლანტაციებიდან მიღებული მოსავალი (ნედლეული) იყო კომპანიის საკუთრება თუ, პლანტაციებით დროებით მოსარგებლე ფიზიკური პირების საკუთრება. ცხადია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ ფიქსირდება კომპანიის მიერ ჩაის პლანტაციებში უშუალოდ მომუშავე ფიზიკური პირების (მოიჯარეთა მიერ სამუშაოებში ჩართული, მათ შორის ოჯახის წევრების) დაქირავება და არ ფიქსირდება შრომის ანაზღაურება ჩაის პლანტაციებში სხვადასხვა სამუშაოების (დაბარვა, გაწმენდა, გასხვლა, სასუქების შეტანა, ჩაის ფოთლის კრეფა, მოკრეფილი ჩაის გამოტანა) შესრულებაზე, საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ჩაის პლანტაციებში უშუალოდ მომუშავე პირები კომპანიის დასაქმებული პირები არიან.
მოიჯარე ფიზიკური პირების მიერ მოყვანილი მოსავლის მთლიანად კომპანიისათვის ჩაბარება არ მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული ნედლეული კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა. შემოსავლების სამსახურმა მოცემულ შემთხვევაში არ გაითვალისწინა, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად ჩაის გადამუშავებას მხოლოდ მოცემული კომპანია ახორციელებდა, რის გამოც, თუ მოიჯარეებს კომპანიისაგან არ ექნებოდათ იმის სახელშეკრულებო გარანტია, რომ მოსავალს კომპანია ჩაიბარებდა, მათთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა მოსავლის წარმოება. შესაბამისად, მოცემული გარემოება არ ადასტურებს, რომ მოსავლის წარმოება განხორციელებულია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ პირები, რომლებსაც დროებით სარგებლობაში გადაეცათ ჩაის პლანტაციები, ამ სამუშაოების შესასრულებლად თუ, მესამე პირებს (ოჯახის წევრებს და დაქირავებულებს) არ ჩართავდნენ, ისინი ამ სამუშაოების შესრულებას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან ვერ მოხდებოდა შესაბამისი აგროწესების დაცვა (შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობისა და ვადების გათვალისწინებით) და ვერ მოხდებოდა სათანადო ხარისხის მოსავლის მიღება. შესაბამისად, გასათვალისწინებელია იმ პირთა თანდართული ახსნა-განმარტებითი ბარათები, რომელთა თანახმადაც, კომპანიის კუთვნილ და მათ მიერ იჯარით აღებულ ჩაის პლანტაციებში მოვლითი და კრეფვითი სამუშაოები სრულდებოდა მათივე ოჯახის წევრების ან/და მათ მიერვე დაქირავებული ფიზიკური პირების მეშვეობით, რომელთაც შემოსავალს/ხელფასს ისინი უხდიდნენ თვითონვე, კომპანიიდან მიღებული ჩაის ფოთლის ფასიდან (ნოტარიალური ახსნა-განმარტებითი ბარათები).
ჩაის პლანტაციების რაოდენობიდან და მათში შესაბამისი აგროწესების დაცვით სამუშაოების ეტაპობრივად ჩასატარებლად, დროის შესაბამის მონაკვეთებში (კერძოდ, პლანტაციების დაბარვაგაწმენდა-გასხვლისას, პლანტაციებში სასუქების შეტანისას, ჩაის ფოთლის კრეფისას და ა.შ.), საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები (მოიჯარეთა ოჯახის წევრები, მათ მიერ დაქირავებულები, დაქირავებულთა ოჯახის წევრები) იყვნენ ჩართული. ამ პირობებში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ამ ადამიანებთან შრომითი ურთიერთობა. კერძოდ, არ ფიქსირდება ხელფასის გაცემა, სამუშაოზე მიღება, სამუშაოდან გათავისუფლება, შვებულებაში გასვლა, შრომითი ურთიერთობის შეჩერება, შვებულებაში გასვლა, განცხადების მიღება და სხვა შრომითი ურთიერთობის ამსახველი აქტივობა.
ამრიგად, როგორც პროცედურულად, ისე შინაარსობრივად შემოწმების მიერ დაცული არ არის საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითების მოთხოვნები. აუდიტის დეპარტამენტის/შემოსავლების სამსახურის მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში იყო ჩაის პლანტაციებში მომუშავე პირების კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის დადასტურება, ვინაიდან მან ფულადი სახსრების ნაშთები დირექტორზე გაცემულ ხელფასად კი არ განიხილა, არამედ ჩაბარებული ჩაის ფოთლის ღირებულების ანაზღაურება ჩაის პლანტაციების მომვლელებზე და ჩაის ფოთლის მკრეფავებზე გაცემულ ხელფასებად გადააკვალიფიცირა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1.01.2022 წლიდან მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის განსახორციელებლად მუდმივად დასაქმებულია 5 პირი მაინც, რომელიც არ არის წარმოების მფლობელის ოჯახის წევრი“.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ...ლ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება (მოქმედებს 1.01.2018 წლიდან); ...ც) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება (მოქმედებს 1.01.2018 წლიდან).
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, კომპანიის კუთვნილი ჩაის პლანტაციების დროებით მოსარგებლე პირები, ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ კანონის შესაბამისად, მათი საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლებოდა და შესაბამისად, მათ მეწარმედ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ საქმიანობა ეწარმოებინათ, მათ შორის ოჯახის არაწევრ 5 პირამდე დაქირავებით. ამასთან, ვინაიდან მათ მიერ კომპანიისათვის ნედლეულის მიწოდებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატებოდა, როგორც მათი დასაბეგრი შემოსავალი, ისე მათ მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია.
მოცემული დავის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელია საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის) ნორმები, რომლებიც მიმართულია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისაკენ. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით წახალისებულია ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მაქსიმალური ჩართვა და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება. ამ პირობებში, მიუღებელია სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის არასწორად შეცვლით მითითებული შეღავათების გაუქმება და შესაბამისად, სასოფლოსამეურნეო წარმოების ეფექტური ფორმების დანერგვისა და განვითარებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში იგივე ფორმებით (ჩაის პლანტაციების ფიზიკური პირებისათვის იჯარით გაცემა და მათ მიერ წარმოებული ნედლეულის შეძენა) მუშაობდა მაშინაც, როდესაც მისი საქმიანობა საგადასახადო ორგანოების მიერ ორჯერ შემოწმდა (წინა შემოწმების აქტები) და ჩატარებული შემოწმებებით, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა არ მომხდარა.
მომჩივანი ითხოვს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების გაუქმება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
დადგენილია, რომ კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებულია ჩაის ბუჩქის პლანტაციები და რომლებიც მოვლა-პატრონობისთვის გაცემულია იჯარით ფიზიკურ პირებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ახდენს სხვადასხვა სახის საქონლის შეძენას, რაც საჭიროა ჩაის პლანტაციების მოვლისთვის, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოკრეფილ ჩაის მთლიანად იბარებს კომპანია შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ოპერაცია შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც სახელფასო განაცემი (ჩაის ფოთლის ღირებულება შინაარსობრივად წარმოადგენს ჩაის პლანტაციების მოვლისა და კრეფისათვის გადახდილ სახელფასო ანაზღაურებას) და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლას და შესაბამისად, განხორციელებულ დარიცხვას, წარმოადგენს არგუმენტებს, პოზიციებს, მიუთითებს სამართლებრივ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ კანონით აკრძალული არ არის კომპანიის საკუთრებაში არსებული პლანტაციების სხვადასხვა პირებისათვის დროებით სარგებლობაში (თუნდაც უსასყიდლო იჯარით) გადაცემა იმ პირობით, რომ ამ პლანტაციებიდან მიღებული მოსავალი (ნედლეული) ექსკლუზიურად კომპანიას ჩაბარდებოდა (მიეყიდებოდა). მოცემულ შემთხვევაში არ გაითვალისწინა, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად ჩაის გადამუშავებას მხოლოდ მოცემული კომპანია ახორციელებდა, რის გამოც, თუ მოიჯარეებს კომპანიისაგან არ ექნებოდათ იმის სახელშეკრულებო გარანტია, რომ მოსავალს კომპანია ჩაიბარებდა, მათთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა მოსავლის წარმოება. შესაბამისად, მოცემული გარემოება არ ადასტურებს, რომ მოსავლის წარმოება განხორციელებულია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. პირები, რომლებსაც დროებით სარგებლობაში გადაეცათ ჩაის პლანტაციები, ამ სამუშაოების შესასრულებლად თუ, მესამე პირებს (ოჯახის წევრებს და დაქირავებულებს) არ ჩართავდნენ, ისინი ამ სამუშაოების შესრულებას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან ვერ მოხდებოდა შესაბამისი აგროწესების დაცვა (შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობისა და ვადების გათვალისწინებით) და ვერ მოხდებოდა სათანადო ხარისხის მოსავლის მიღება. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, კომპანიის კუთვნილი ჩაის პლანტაციების დროებით მოსარგებლე პირები, ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ კანონის შესაბამისად, მათი საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლებოდა და შესაბამისად, მათ მეწარმედ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ საქმიანობა ეწარმოებინათ, მათ შორის ოჯახის არაწევრ 5 პირამდე დაქირავებით. ამასთან, ვინაიდან მათ მიერ კომპანიისათვის ნედლეულის მიწოდებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატებოდა, როგორც მათი დასაბეგრი შემოსავალი, ისე მათ მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია. ითხოვს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების გაუქმებას (შემცირებას).
საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც საჩივარში დაფიქსირებულ გარემოებებზე/არგუმენტებზე დამატებით აღნიშნა, რომ ჩაის პლანტაციების შეძენის დროიდან კომპანია მუშაობდა იმ სქემით, რომ ცალ-ცალკე თანამშრომლების დაქირავება (რათა მოეხდინა დაბარვა, დასუფთავება, გაწმენდა, სასუქის შეტანა, მოკრეფვა-გამოტანა) მისთვის იყო ზედმეტი ტვირთი, რადგან უნდა შესულიყო შრომით ურთიერთობებში პირებთან, ამდენად, აირჩია იჯარით გაცემა და მოიჯარე თვითონ ახორცილებდა: ზოგ შემთხვევაში, დაქირავებული პირების მეშვეობით, რომელთაც მოიჯარე უხდიდა ხელფასს, ზოგჯერ ოჯახის წევრების მეშვეობით და მოკრეფილ ჩაის აბარებდნენ კომპანიას. აღნიშნული, პრინციპში მისაღები იყო ორივე მხარისათვის. ჩაის პლანტაციები უსასყიდლოდაც რომ გაეცა, კომპანიისათვის მნიშვნელოვანი იყო პლანტაცია დამუშავებული ყოფილიყო და პროდუქცია მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ქონების გადასახადზე ნაკლები იყო იჯარის საფასური, ეს მაინც მისაღები იყო ეკონომიკურად კომპანიისათვის. მოიჯარეები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით, ხანდახან დასაქმებულნი არია კომპანიაში, ზოგჯერ ხდებოდა მათი ჩანაცვლებაც. ჩაის მოვლის საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი 100%-ით არ იყო გაცემული მოიჯარეებზე, რადგან კომპანიასაც სჭირდებოდა მისი საჭიროებისათვის, მაგრამ ასეც რომ ჩაითვალოს, მაშინ პროპორციულად უნდა გათვლილიყო, რამდენი იყო საჭირო პლანტაციებისათვის და რამდენი იყო ნაყიდი კომპანიის მიერ. ბოლო პერიოდში 2 ფიზიკურ პირზეა საუბარი და შეუძლებელია 120 ჰა მიწის ნაკვეთზე განაშენებული ჩაის პლანტაცია დამუშავებულიყო მხოლოდ მათ მიერ, პირები არ არიან მეწამე ფიზიკურ პირებად რეგისტრირებული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს ჯამურად 198 ჰა ჩაის პლანტაცია, ყველა კლიენტი რომელზეც ჩაის ფოთოლი იყიდება, ნაწილი ექსპორტზე გადის და ნაწილი ადგილზე იყიდება და ა.შ., თავისთავად ეს კომპანია ახორციელებს ყველაფერს. შემოსავალი, რომელსაც იღებს კომპანია ყოველწლიურად, საჭიროა გარკვეული მუშახელი. ოპერაცია, გაფორმებული ხელშეკრულებით, მოყვანილი მაგალითით, რომ მიწის გადასახადი დაახლოებით 100 ლარია 1 ჰა-ზე და ამ დროს მას 25 ლარად აქვს გაცემული დაქირავებულ პირზე, ასეთი 3-4 პირია და ეს ზუსტად ის ფიზიკური პირები არიან და ის მუშახელია, რომლებზეც ამ ჩაის მოყვანაზე ხელფასები უნდა გაეცა. როცა კომპანიას 198 ჰა ჩაის პლანტაცია აქვს და არა ცარიელი მიწა, კომპანიისათვის რისკია სხვას უპირობოდ გადასცეს და არ იცოდეს როგორ მოუვლის, არ მოუვლის, გააფუჭებს თუ არა და ა. შ.. არ არის ჩართული ხელშეკრულებაში არანაირი რისკი, მაგალითად, თუ გაფუჭდება პლანტაცია, რა ეკისრება ამ ფიზიკურ პირს თანხობრივად და ა.შ., რეალურად ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ის თანხა, რაც უნდა გადაეხადა ხელფასად, არის ჩაის ფოთლის ყიდვასთან დაკავშირებული, ყველა ჩაის ფოთოლი, შესყიდვის აქტებით, ნაყიდი არის კომპანიის მიერ.
მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, 7.04.2023 წელს საჩივრის განხილვა შეჩერდა სადავო საკითხის დამატებით განხილვის მიზნით.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, ჩაის ფოთლის ღირებულების ჩაის პლანტაციების მოვლისა და კრეფისათვის გადახდილ სახელფასო ანაზღაურებად კვალიფიკაცია მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს გადასახადებთან ერთად დაეკისრა ჯარიმა 61 700 ლარი და განესაზღვრა საურავი 61 414.61 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ. შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
თუ ჩაითვლება, რომ არსებობდა ოპერაციის შეცვლის საფუძველი (რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება), მაშინ იარსებებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებით, საგადასახადო სანქციებისაგან (ჯარიმა და საურავი) გათავისუფლების საფუძველი, რასაც მოითხოვს კიდეც ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში (თუმცა, ვინაიდან ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა უსაფუძვლოა, ამ ნორმის გამოყენება არ უნდა გახდეს საჭირო). პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). თუ შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ქმედება, რომელიც სამართალდარღვევაა, მაგრამ სამართალდარღვევად არ ფასდება, გადასახადის გადამხდელისათვის იმ შეცდომის წინაპირობაა, რომ ქმედება არ არის სამართალდარღვევა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებს სამართლებრივი შეცდომის არეალში და იგი ქმედების მიმართ კეთილსინდისიერია.
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო სანქციების გაუქმებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან, სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფიზიკური პირებისგან ჩაის ფოთლის (ნედლეულის) შეძენის ოპერაციის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოდ და ჩაის ფოთლის ღირებულების ანაზღაურების ფიზიკური პირებისათვის გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებულია ჩაის ბუჩქის პლანტაციები და რომლებიც მოვლა-პატრონობისთვის გაცემულია იჯარით ფიზიკურ პირებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ახდენს სხვადასხვა სახის საქონლის შეძენას, რაც საჭიროა ჩაის პლანტაციების მოვლისთვის, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოკრეფილ ჩაის მთლიანად იბარებს კომპანია შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ოპერაცია შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც სახელფასო განაცემი (ჩაის ფოთლის ღირებულება შინაარსობრივად წარმოადგენს ჩაის პლანტაციების მოვლისა და კრეფისათვის გადახდილ სახელფასო ანაზღაურებას) და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც საჩივარში დაფიქსირებულ გარემოებებზე/არგუმენტებზე დამატებით აღნიშნა, რომ ჩაის პლანტაციების შეძენის დროიდან კომპანია მუშაობდა იმ სქემით, რომ ცალ-ცალკე თანამშრომლების დაქირავება (რათა მოეხდინა დაბარვა, დასუფთავება, გაწმენდა, სასუქის შეტანა, მოკრეფვა-გამოტანა) მისთვის იყო ზედმეტი ტვირთი, რადგან უნდა შესულიყო შრომით ურთიერთობებში პირებთან, ამდენად, აირჩია იჯარით გაცემა და მოიჯარე თვითონ ახორცილებდა: ზოგ შემთხვევაში, დაქირავებული პირების მეშვეობით, რომელთაც მოიჯარე უხდიდა ხელფასს, ზოგჯერ ოჯახის წევრების მეშვეობით და მოკრეფილ ჩაის აბარებდნენ კომპანიას. აღნიშნული, პრინციპში მისაღები იყო ორივე მხარისათვის. ჩაის პლანტაციები უსასყიდლოდაც რომ გაეცა, კომპანიისათვის მნიშვნელოვანი იყო პლანტაცია დამუშავებული ყოფილიყო და პროდუქცია მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ქონების გადასახადზე ნაკლები იყო იჯარის საფასური, ეს მაინც მისაღები იყო ეკონომიკურად კომპანიისათვის. მოიჯარეები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით, ხანდახან დასაქმებულნი არია კომპანიაში, ზოგჯერ ხდებოდა მათი ჩანაცვლებაც. ჩაის მოვლის საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი 100%-ით არ იყო გაცემული მოიჯარეებზე, რადგან კომპანიასაც სჭირდებოდა მისი საჭიროებისათვის, მაგრამ ასეც რომ ჩაითვალოს, მაშინ პროპორციულად უნდა გათვლილიყო, რამდენი იყო საჭირო პლანტაციებისათვის და რამდენი იყო ნაყიდი კომპანიის მიერ. ბოლო პერიოდში 2 ფიზიკურ პირზეა საუბარი და შეუძლებელია 120 ჰა მიწის ნაკვეთზე განაშენებული ჩაის პლანტაცია დამუშავებულიყო მხოლოდ მათ მიერ, პირები არ არიან მეწამე ფიზიკურ პირებად რეგისტრირებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს ჯამურად 198 ჰა ჩაის პლანტაცია, ყველა კლიენტი რომელზეც ჩაის ფოთოლი იყიდება, ნაწილი ექსპორტზე გადის და ნაწილი ადგილზე იყიდება და ა.შ., თავისთავად ეს კომპანია ახორციელებს ყველაფერს. შემოსავალი, რომელსაც იღებს კომპანია ყოველწლიურად, საჭიროა გარკვეული მუშახელი. ოპერაცია, გაფორმებული ხელშეკრულებით, მოყვანილი მაგალითით, რომ მიწის გადასახადი დაახლოებით 100 ლარია 1 ჰა-ზე და ამ დროს მას 25 ლარად აქვს გაცემული დაქირავებულ პირზე, ასეთი 3-4 პირია და ეს ზუსტად ის ფიზიკური პირები არიან და ის მუშახელია, რომლებზეც ამ ჩაის მოყვანაზე ხელფასები უნდა გაეცა. როცა კომპანიას 198 ჰა ჩაის პლანტაცია აქვს და არა ცარიელი მიწა, კომპანიისათვის რისკია სხვას უპირობოდ გადასცეს და არ იცოდეს როგორ მოუვლის, არ მოუვლის, გააფუჭებს თუ არა და ა. შ.. არ არის ჩართული ხელშეკრულებაში არანაირი რისკი, მაგალითად, თუ გაფუჭდება პლანტაცია, რა ეკისრება ამ ფიზიკურ პირს თანხობრივად და ა.შ., რეალურად ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ის თანხა, რაც უნდა გადაეხადა ხელფასად, არის ჩაის ფოთლის ყიდვასთან დაკავშირებული, ყველა ჩაის ფოთოლი, შესყიდვის აქტებით, ნაყიდი არის კომპანიის მიერ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.