გადაწყვეტილება №20967/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20967/2/2023
15 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 2.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20967/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №002-100 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22502 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 199 572 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 132 337
დღგ - 6 652
საშემოსავლო გადასახადი - 125 685
ჯარიმა - 63 861
საურავი - 3 374
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიან 29.11.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 23 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
- შესამოწმებელ პერიოდში, კომპანია ფლობდა სამგზავრო გადაყვანის ლიცენზიას ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მ2 კატეგორიის ავტობუსებით. ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2011 წლის პირველი მარტიდან 2031 წლის პირველ მარტამდე პერიოდში. გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ძირითადი ნაწილი შედგებოდა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში მგზავრთა გადაყვანის მომსახურებისგან. გარდა ძირითადი საქმიანობისა, ასევე ფიქსირდებოდა შემოსავალი სხვა სახის მომსახურებიდან და ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან, რომელიც არ ითვალისწინებდა საგადასახადო შეღავათს და ექვემდებარებოდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლინდა 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის 18%- იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 36 953 ლარის ოდენობით, რაზეც დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ჰქონდა წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ანგარიშგება. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა გაცემული სახელფასო განაცემები და ფიზიკური პირისთვის პროცენტის ანაზღაურება. აღნიშნული განაცემები დაექვემდებარა დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №12555 ბრძანება და №002-100 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22502 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ფ/პ ხვიჩა მაქაცარიასთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფ/პ ხვიჩა მაქაცარიაზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22502 ბრძანება (არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში) გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანებას (გადაწყვეტილებას) არ ეთანხმება არ დაკმაყოფილებულ (2023 წლის 5 ივლისის საჩივრის მხოლოდ მეორე საკითხი) ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნავს, რომ ეთანხმება შემოწმების აქტში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებს, თუმცა აქვე განმარტავს მიზეზს, თუ რატომ მოხდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისა და დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა:
მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, მაგრამ მიაჩნია, რომ ადგილი არ ქონია გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების ფაქტს და აღნიშნავს, რომ 2022 წლამდე ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდა საბუღალტრო პროგრამა „Apex“-ში. 2022 წელს შეიძინეს ახალი საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამა „FMG“. 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდი დაემთხვა „Apex“-დან „FMG“-ში ინფორმაციის გადატანის პროცედურებს, რის გამოც ვერ შეძლო 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციებში სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა და მონაცემების სრულად დამუშავებამდე დროებით წარადგინეს ნულოვანი დეკლარაციები. ყოველივე, რომ გამოწვეული იყო ზემოხსენებული ტექნიკური მიზეზებით ადასტურებს ის გარემოებები, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი დამატებით დასარიცხი გადასახადის თანხები როგორც დღგ, ასევე საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტში გადახდილია დროულად და სრული ოდენობით.
ასევე №2 საკითხთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც შემოწმების აქტით ირკვევა შემოწმების მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი 105 748.00 ლარი. თუმცა, 2022 წლის ოქტომბრის თვეში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა განაცემებმა რეალურად შეადგინა 102 503.44 ლარი. ფიქრობთ, აღნიშნული საკითხი ექვემდებარება აუდიტორების მიერ ხელახალ შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მათ ქმედებას არ მიუყენებია ზიანი ბიუჯეტისათვის, არსებობს საგადასახადო კოდექსი 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი. ამიტომ ითხოვს, დამატებით დარკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას. შემოსავლების სამსახურმა მათი არგუმენტები არ გაიზიარა და 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანებით (გადაწყვეტილებით), 2023 წლის 5 ივლისის საჩივარში წარმოდგენილი (სანქციისგან განთავისუფლება) მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დამატებით განმარტავს, რომ როგორც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, 2022 წლამდე ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდა საბუღალტრო პროგრამა „Apex“-ში. 2022 წელს შეიძინეს ახალი საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამა „FMG“. სწორედ 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდი დაემთხვა „Apex“-დან „FMG“ ინფორმაციის გადატანის პროცედურებს, ამავდროულად დაინიშნა სრული კამერალური საგადახადო შემოწმება და ვერ შეძლეს 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციებში სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა და მონაცემების სრულად დამუშავებამდე დროებით წარადგინეს ნულოვანი დეკლარაციები.
ზემოაღნიშნულით მიუთითებს იმაზე, რომ ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა გამოწვეული იყო მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება, რაზეც მიუთითებს ფაქტი, რომ გადასახადის თანხა, რომელიც გადასახდელად დაერიცხებოდა 2022 წლის ოქტომბრის დღგ-ის და საშემოსავლო (გადახდის წყაროსთან დაკავებული) გადასახადის დეკლარაციებით, კომპანიის მიერ წინმსწრებით და მეტი ოდენობით არის გადახდილი ბიუჯეტში. აღნიშნულს ადასტურებს ის, რომ საგადასახადო შემოწმებით აქტით ამ ნაწილში დარიცხულ თანხებს არ გამოუწვევია საურავის დარიცხვა.
ამიტომაც ფიქრობს, არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის თანხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ქმედებას არ მიუყენებია ზიანი ბიუჯეტისათვის, ფიქრობს, რომ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი. ამიტომ ითხოვს დამატებით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, მაგრამ მიაჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ტექნიკური მიზეზით. აღნიშნავს, რომ 2022 წლამდე ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდა საბუღალტრო პროგრამა „Apex“-ში. 2022 წელს შეიძინა ახალი საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამა „FMG“. 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდი დაემთხვა „Apex“-დან „FMG“-ში ინფორმაციის გადატანის პროცედურებს, რის გამოც ვერ შეძლო 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციებში სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა. ამასთან აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი დამატებით დასარიცხი გადასახადის თანხები როგორც დღგ, ასევე საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტში გადახდილია დროულად და სრული ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა დამატებით დასარიცხი გადასახადის თანხების მომჩივნის მიერ გადახდა ბიუჯეტში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით შესრულებული აქვს საგადასახადო ვალდებულება, დადგენილ ვადაში გადახდილი აქვს კუთვნილი გადასახადი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, იგი სრული მოცულობით ასრულებდა იმ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელთა შესრულების საჭიროებაც ჰქონდა გაცნობიერებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან;
3. ამ გადაწყვეტილების სარეზულიციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 23 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №12555 ბრძანება და №002-100 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22502 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)