ბრძანება N 8868
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8868
25.04.2023
შპს „------------“ (ს/ნ ---------)
(მის.: -----------)
2023 წლის 31 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ --------) №80031/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №002-11 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 30 მარტის №001915 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრაში განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში გაწერილ ორ ზედნადებში (---------; --------) მითითებული პროდუქციის თანხა დაბეგრილია 2022 წლის აპრილის თვეში, მაშინ როდესაც მოხდა გარიგება აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციაზე, ხოლო ზედნადები გამოიწერა მყიდველის თხოვნით იმ პერიოდში როდესაც მან წაიღო №--------- და №--------- ზედნადებებში გაწერილი პროდუქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნისა და ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველოს 2023 წლის 6 მარტს პროგრამულ მოდულში დაეწერა შპს „---------“ (ს/ნ -------) 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის დაუბეგრავი დოკუმენტების რისკი.
შესწავლილ იქნა შპს „----------“ 2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 5 442.84 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა.
2023 წლის 9 მარტს შპს „--------თან” სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა და ამავე რიცხვში გაეგზავნა შეტყობინება, რის შემდეგაც გადამხდელმა არ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობის მიუხედავად გადამხდელმა არ მოახდინა დეკლარირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 30 მარტის №001915 ბრძანების მიხედვით, შპს „----------ს“ (ს/ნ -------) მიმართ განხორციელდა 5442.84 ლარის დარიცხვა და გამოიცა N002-11 საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთანავე, შპს „----------ს” (ს/ნ ---------) საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის აპრილის საანგარიშო თვის დღგ-ის დეკლარაციაში, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში საქონლის მიწოდებამდე ან/და მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული (ავანსის) თანხა არ არის მითითებული, ასევე გადამხდელის მიმართ 2023 წლის 16 იანვარს დაინიშნა ინვენტარიზაცია და მას შემდეგ 18 თებერვალს დადგა დღგ-ის გადამხდელად 2020 წლის პირველი ივნისის თარიღით და წარადგინა დეკლარაციები, მათ შორის 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაცია. აღნიშნულ პერიოდში უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით 1155 ლარის დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ავანსის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა ასახული ჰქონდა არასრულად. გარდა დეკლარირებულისა, დღგ კიდევ დამატებით შეადგენდა 5442.84 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრაში განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში გაწერილ ორ ზედნადებში მითითებული პროდუქციის თანხა დაბეგრილია 2022 წლის აპრილის თვეში, მაშინ როდესაც მოხდა გარიგება აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციაზე, ხოლო ზედნადები გამოიწერა მყიდველის თხოვნით იმ პერიოდში როდესაც მან წაიღო ზედნადებებში გაწერილი პროდუქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნისა და ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლილ იქნა კომპანიის 2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 5 442.84 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა.
გადამხდელთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა და ამავე რიცხვში გაეგზავნა შეტყობინება, რის შემდეგაც გადამხდელმა არ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის აპრილის საანგარიშო თვის დღგ-ის დეკლარაციაში, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში საქონლის მიწოდებამდე ან/და მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული (ავანსის) თანხა არ არის მითითებული, ასევე გადამხდელის მიმართ 2023 წლის 16 იანვარს დაინიშნა ინვენტარიზაცია და ავანსის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1), 159(1), 61(3).