ბრძანება N 2136

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2136
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2136

06 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2024 წლის 9 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) 2024 წლის 9 იანვრის №86597/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №042-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას. განმარტავს, რომ საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. მიუთითებს, რომ აღნიშნულ საქმიანობაში საბითუმო ფასნამატი შეადგენს 1.5%-დან 2%-მდე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე შემოწმებით დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო უცვლელად დარჩა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის (ჯარიმის) მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის №28148 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „---------“ (ს/ნ ----------) მიერ შპს „----------“-ზე (ს/ნ -----------), ი/მ „----------“ (ს/ნ ---------), ი/მ „-----------“ (ს/ნ--------), ი/მ „-----------“ (ს/ნ -----------), ი/მ „----------“ (ს/ნ----------), შპს „----------“-ზე (ს/ნ -----------), შპს „-----------“- ზე (ს/ნ -----------), შპს „-----------“ (ს/ნ ------------) და შპს „------------“ (ს/ნ -----------) გამოწერილი ან ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის და ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 16 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 ნოემბრის №29175 ბრძანება და ამავე თარიღის №042-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 100 774 ლარი, მათ შორის, გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 1 100 774 ლარი, საურავი 0 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №----------- საქმე, სხვადასხვა საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2021 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში, შპს „------------“ (ს/ნ ----------), ინდ. მეწარმე „-----------“ (ს/ნ----------), ინდ. მეწარმე „-----------“ (ს/ნ -----------), ინდ. მეწარმე „-----------“ (ს/ნ ----------), ინდ. მეწარმე „-------------“ (ს/ნ ----------), შპს „-----------“ (ს/ნ ---------), შპს „-----------“ (ს/ნ -----------), შპს „------------“ (ს/ნ -----------) და შპს „-----------“ (ს/ნ -----------) გამოწერილია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარე შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა - 1 100 774 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით (№1530) დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2021 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის საფუძველზეც საწარმოს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამის სადავო საკითხებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2021 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1604 ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულია 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, ამავე წლის 18 აპრილის N8421 ბრძანება და ამავე თარიღის №042- 9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელზეც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2023 წლის 21 ივნისის №14359 ბრძანება საჩივრის (გასაჩივრებული საკითხი - ფასნამატი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2023 წლის 1 თებერვლის № 1604 ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტით დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, შემმოწმებელი განმარტავს, რომ კონკრეტული პირების მიმართ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბემ ფაქტიურად ზეგავლენა ვერ მოახდინა ფასნამატის სიდიდეზე, ეჭქვეშ არ დამდგარა საქონლის შეძენა-რეალიზაციის ფაქტი და ამგვარად, მიმდინარე შემოწმებით არ განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალსიწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება რომ მომჩივანის მიერ 2021 წლის 29 სექტემბრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში, გამოწერილია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მიმდინარე შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:282(3);275;