გადაწყვეტილება №26272/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.01.2026
№ დოკუმენტი 26272/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26272/2/2025

08 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 6.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26272/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2025 წლის №001-194 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25357 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 315 663.22 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 157 412

დღგ - 72 131

საშემოსავლო გადასახადი - 85 281

ჯარიმა - 78 437

საურავი - 79 814.22

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა კოსმეტიკის და ჰიგიენის ნაწარმით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის პირველი ნოემბრიდან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ინფორმაცია სმფ-ების ნაშთების შესახებ ჯამურად, თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. საცალოდ გაყიდული პროდუქციის ფასნამატის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერებზე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და ასევე საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე (შპს „------ - თან“ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ) დაყრდნობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.08.2023 წლის №21319 ბრძანება და №001-196 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 9.02.2024 წლის №21353/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11512 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11512 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №12132 ბრძანება და №001-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს 19.09.2025 წლის №25747/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2025 წლის №18780 ბრძანება და №001-194 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით. მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთი გაანგარიშდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში შემოწმებით განსაზღვრული საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედი ნაკლები იყო საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ სალაროს ნაშთზე. ამდენად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორებს შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად არ უხელმძღვანელიათ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად. აღნიშნული მეთოდური მითითების განახლებული ვერსიის მიხედვით, საკასო ხარჯს მიეკუთვნება ის თანხები, რომელიც გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, ხოლო საკასო შემოსავალს უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით. შესაბამისად აღნიშნული თანხებით უნდა გაიზარდოს გონივრული ნაშთი, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების ცვლილების შემთხვევაში, შეიცვლება გონივრულ ნაშთზე დასამატებელი თანხებიც. ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას უნდა განსაზღვრულიყო სალაროში არსებული ფულადი სახსრების არაგონივრული ნაშთი, რაც არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით დაემატა მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ - დანართი №9. აღნიშნული მეთოდური მითითების მე-5 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია შემდეგი: თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. ვინაიდან კომპანიის შემოსავლები და ხარჯები ძირითადში (უდიდესი ნაწილი) საკასო შემოსავლებითა და ხარჯებით განისაზღვრება, ამიტომაც ითხოვს დაუდგინდეს გონივრული ნაშთი სალაროში, რომელიც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას არ დაექვემდებარება, რომელსაც უნდა დაემატოს საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთი და აღნიშნული თანხით უნდა იქნას შემცირებული დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვლილი თანხის მოცულობა.

გონივრული ნაშთის გათვალისწინება უნდა განხორციელებულიყო ყოველ საანგარიშო პერიოდზე (თვე, წელი), საწარმოს შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის ჩათვლით არის 4 253 002 ლარი, ხოლო ხარჯი 3 885 777 ლარი, საიდანაც საბანკო ოპერაციებით გაწეული ხარჯია 1 837 127 ლარი, ხოლო შემოსავლები 1 840 935 ლარი, დანარჩენი არის საკასო შემოსავალი და საკასო ხარჯი, რომელთა ჯამის 10% გათვალისწინებული უნდა იყოს გონივრული ნაშთის ოდენობის გამოთვლაში. რაც აუდიტორის მიერ არ არის გათვალისწინებული. ასევე საკასო ხარჯს უნდა დაემატოს ხელფასად დასაბეგრი თანხის ოდენობაც, რადგან ხელფასად დაკვალიფიცირებული ხარჯი საწარმოს ხარჯია, რომელიც საკასო მეთოდით გაიცა. ამრიგად, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის ნაწილში. აუდიტორის მიერ გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის შედეგად საშემოსავლოს დარიცხვა არამართლზომიერია. გონივრული ნაშთის გაანგარიშებაში არ აქვს გათვალისწინებული საწარმოს სრული საკასო შემოსავალი და საკასო ხარჯი, ასევე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ხარჯი, არ აქვს გათვალისწინებული ამავე მეთოდური მითითების შესაბამისად გამოთვლილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს, შემმოწმებლის პოზიცია სრულიად არა არგუმენტირებულია და ეწინააღმდეგება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადში განხორციელებული დარიცხვა არის გასაუქმებელი. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2025 წლის დასკვნიდან და ამავე საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის №"------" წერილიდან ირკვევა, რომ განხორციელდა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშება და საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში (კალენდარული თვე) შემოწმებით განსაზღვრული საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედი (9 082 ლარი) ნაკლებია საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ სალაროს ნაშთზე (40 924 ლარი). ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შემოწმებისას, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების საპირწონე, არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს , საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს მეთოდური მითითებების შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ინფორმაცია სმფ-ების ნაშთების შესახებ ჯამურად, თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. საცალოდ გაყიდული პროდუქციის ფასნამატის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და განისაზღვრა ჯარიმა.

გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.08.2025 წლის №18008 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).