ბრძანება N 13966
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13966
20.06.2023
შპს ------------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 20 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის და 25 მაისის სხდომებზე (ოქმი №52, ოქმი №57) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 20 იანვრის №78232/1/2023 და №8797/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №006-608 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ქ. ----------- გადატანილია მხოლოდ კარფანჯრების მასალა, სადაც ხორციელდებოდა კარ-ფანჯრების დამზადება და შიდა ტრანსპორტირების ზედნადებებით მათი თბილისში, ზოგჯერ ---------- ტრანსპორტირება, ამასთან ----------- მიწოდებული მასალების ღირებულება შეადგენს 540 647 ლარს, რაც 49 189 ლარით ნაკლებია შემოწმებით დადგენილ მონაცემზე. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ საწარმოს ანგარიშზე შეტანილია 887 595 ლარი, რომელიც არ არის დაბრუნებული. აღნიშნული თანხით შესყიდულია მასალა, ხოლო შესყიდვის თანხები სრულადაა ანაზღაურებული მომწოდებლებზე ძირითადად უნაღდო ანგარიშწორებით, ასევე გადახდილია საბიუჯეტო გადასახადები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივლისის №17793 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32613 ბრძანება და ამავე თარიღის №006-608 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 442 162 ლარი, მათ შორის გადასახადი 242 961 ლარი, ჯარიმა 127 613 ლარი, საურავი 71 588 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს უფიქსირდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით სამშენებლო მასალების შეძენა, სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ---------- რაიონი, ------------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს საწარმო ფლობდა 2018 წლის დეკემბრამდე, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ფართის მფლობელები იყვნენ ---------- (განაცემთა ინფორმაციით საწარმოს თანამშრომელი) და ----------. აღნიშნული მისამართის გარდა ფიქსირდება ასევე სხვა მისამართებიც, რომლებზეც პირს ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება (მაგ. ----------). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული ოპერაცია შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საბაზრო ფასით მიწოდებად და ამავე კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულება ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს უფიქსირდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით სამშენებლო მასალების შეძენა, სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია -------- რაიონი, ---------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს საწარმო ფლობდა 2018 წლის დეკემბრამდე, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ფართის მფლობელები იყვნენ ---------- და -----------. აღნიშნული მისამართის გარდა ფიქსირდება ასევე სხვა მისამართებიც, რომლებზეც პირს ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციის საბაზრო ფასით მიწოდებად დაკვალიფიცირება და დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში მიუთითებს, რომ დირექტორს შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ანგარიშზე შეტანილი აქვს 887 595 ლარი, რომელიც არ არის დაბრუნებული. აღნიშნული თანხით შესყიდულია მასალები და გადახდილია საბიუჯეტო გადასახადები. ამასთან, საკითხის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა განმარტა, რომ 2021 წელს გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, ხოლო შეთანხმების თანხის გადახდა საწარმომ განახორციელა დირექტორის სახელით საბანკო დაწესებულებიდან და სხვა წყაროებიდან აღებული სესხის თანხით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.საწარმოს უფიქსირდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით სამშენებლო მასალების შეძენა,სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ერთერთი ლოკაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს საწარმო ფლობდა 2018 წლის დეკემბრამდე, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ფართის მფლობელები იყვნენ ფიზიკური პირები.აღნიშნული მისამართის გარდა ფიქსირდება ასევე სხვა მისამართებიც, რომლებზეც პირს ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება.აღნიშნული ოპერაცია შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საბაზრო ფასით მიწოდებად და ამავე კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულება ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9ბ); 160;161(1ა);171(1);159(1ა);163(1);168(1);101(1);154(1ა);