ბრძანება N 23773
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23773
28 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 7 აგვისტოს № 82887/1/2023 და №82888/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ გაურკვეველია, რა თანხა მიიჩნია შემმოწმებელმა დასაშვებ ნაშთად. ითხოვს საწარმოდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვის საკითხის შესაბამისობის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლას №0903 და №0905 სიტუაციურ სახელმძღვანელოებთან.
2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ საწარმოდან ანგარიშვალდებულ პირს გააქვს თანხები, რომლითაც ახორციელებს საქონლის ჩამბარებელ პირებთან ფულად ანგარიშსწორებას. აღნიშნული საქონლის შესყიდვისას ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია შესყიდვის აქტები. მიუთითებს, რომ დამატებით წარმოადგენს აღნიშნული პირების ახსნა-განმარტებებს, რომლითაც დადასტურდება შესყიდვის აქტების რელევანტურობა. ამასთან, აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირებისგან სატელეფონო კომუნიკაციით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სანდოდ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №171 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა
2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 ივლისის №17536 ბრძანება და ამავე თარიღის №063-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 225 367 ლარი, მათ შორის, გადასახადი 120 475 ლარი, ჯარიმა 60 236 ლარი და საურავი 44 656 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის საქმიანობის საგანია ---------- რაიონში, სოფ. -------- გლეხებისგან ცხვრის მატყლის შეძენა და შემდგომ ექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში მოქცევა. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე, დამფუძნებელ/დირექტორსა და დაქირავებულ პირზე (დამფუძნებლის მეუღლე) სამეურნეო დანიშნულებით გაცემულია თანხები, რომელიც მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის უძრავ ნაშთად. შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად და შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე დაფიქსირებული გაცემული თანხის უძრავი ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები, რომლებითაც დგინდება, რომ ცხვრის მატყლის ღირებულება შეადგენს 1 კგ-ზე 80-90 თეთრს. შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით განხორციელდა საქონლის ჩამბარებელ პირებთან სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ 1 კგ საქონლის ღირებულება ჩაბარების მომენტში შეადგენდა 40-50 თეთრს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ შესყიდვის აქტების სისწორის დადგენის მიზნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირებისგან მიღებულ იქნა წერილობითი განმარტებები, რომელთა მიხედვით, შპს „-----------“-ის მიერ მათთვის ანაზღაურებული თანხა შეადგენდა ძირითად შემთხვევებში 30-50 თეთრს, ნაცვლად დაფიქსირებული 80-90 თეთრისა. შემოწმება დაეყრდნო შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირების მიერ საგამოძიებო სამსახურში წარდგენილ წერილობით განმარტებებს, შეძენილი მატყლის თვითღირებულება გაანგარიშდა შესყიდვის რეალური ღირებულების მიხედვით და განისაზღვრა 1 კგ-ზე 52 თეთრის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სამეურნეო დანიშნულებით გაცემულია თანხები, რომელიც მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება უძრავ ნაშთად. შემოწმებით შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე დაფიქსირებული გაცემული თანხის უძრავი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით, 1 კგ ცხვრის მატყლის ღირებულება შეადგენს 80-90 თეთრს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით განხორციელდა საქონლის ჩამბარებელ პირებთან სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც, აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ 1 კგ საქონლის ღირებულება ჩაბარების მომენტში შეადგენდა 40-50 თეთრს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირებისგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოთხოვნილ იქნა წერილობითი განმარტებები, რომელთა მიხედვით, შპს „----------“-ის მიერ ანაზღაურებული თანხა შეადგენდა ძირითად შემთხვევებში 30-50 თეთრს, ნაცვლად შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული 80-90 თეთრისა. შემოწმებით, შეძენილი მატყლის თვითღირებულება გაანგარიშდა შესყიდვის რეალური ღირებულების მიხედვით და განისაზღვრა 1 კგ-ზე 52 თეთრით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს;
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანია გლეხებისგან პროდუქციის შეძენა და შემდგომ ექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში მოქცევა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირებზე, დამფუძნებელ/დირექტორსა და დაქირავებულ პირზე (დამფუძნებლის მეუღლე) სამეურნეო დანიშნულებით გაცემულია თანხები, რომელიც მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის უძრავ ნაშთად.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების მიერ ასევე, დგინდება რომ გადამხდელის ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტებში პროდუქციის ღირებულება შეადგენს 1 კგ-ზე 80-90 თეთრს.გადამოწმების შედეგად დადგინდა რომ საქონლის ღირებულება ჩაბარების მომენტში შეადგენდა 40-50 თეთრს.აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(4,9);101(1);154(1ა,2ა.3ა);43(4);