გადაწყვეტილება №20820/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20820/2/2023
09 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ს“ 13.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20820/2/2023).
დავის საგანი:
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №022-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19959 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 189 816 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 114 093
ჯარიმა - 66 825
საურავი - 8 898
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №5025 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით უნდა ჰქონოდა ნაღდი ფულის ნაშთი - 367 265 ლარი. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №8434 ბრძანება და 19 აპრილის №022-14 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 189 816 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 17 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 აგვისტოს №19959 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჯართის შეძენა ხდებოდა ფიზიკური პირებისგან. შემოწმების პროცესში წარადგინეს ჯართის შეძენის ჟურნალი, სადაც სრულად არის დაფიქსირებული შეძენილი ჯართის რაოდენობა, ფასი და შემძენის პირადი მონაცემები. ასევე, შეძენა ხდებოდა ისეთი ფიზიკური პირებისგან, ვინც არ აწვდიდა პირად მონაცემებს შეძენის დოკუმენტის, ყიდვა-გაყიდვის ფაქტის დასაფიქსირებლად. შემმოწმებლებმა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრეს ხარჯები, დოკუმენტის გარეშე შეძენილ ჯართზე გაავრცელეს მინიმალური შესყიდვის ხარჯი და გაიანგარიშეს სალაროს ნაშთი, რამაც შეადგინა 367 265 ლარი. აღნიშნული თანხა სრულად დაუბეგრეს საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების პროცესში მომჩივნის მიერ სრულად მოხდა საბუღალტრო ოპერაციების აღდგენა-დამუშავება და მიაწოდეს შემმოწმებლებს საბუღალტრო პროგრამის ბაზა. მოცემულ პროგრამაში დაფიქსირებული აქვთ საქონლის შეძენა და სალაროს სრული სურათი. გადასახადის გადამხდელის მონაცემებით, სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს იყო 228 459 ლარი. მომჩივანმა დაუფიქსირა არსებული სალაროს დანაკლისი. შემოსავლების სამსახურმა სალაროს ნაშთი გადაამოწმა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 17 მარტს და დააფიქსირა სალაროში ფაქტიურად არსებული ნოლი ლარი, თუმცა არ მოხდა მომჩივნის მიერ მიწოდებული სალაროს მოძრაობის შესწავლა-გათვალისწინება. მათ შორის, მხედველობაში არ მიიღეს 2023 წლის მარტის თვეში დეკლარირებული დივიდენდის გაცემა და ისე გადათვალეს უკანა თარიღით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ნაშთი, რომელიც სრულად დაუბეგრეს. არ მომხდარა ასევე გონივრული ნაშთის გათვალისწინება. წარმოადგენს მიწოდებულ ახსნა-განმარტებებს, სალაროს მოძრაობის სურათს, რაც საკმარისი იქნება სალაროს ნაშთის დაბეგვრის მიზნებისთვის გამოსაანგარიშებლად. ასევე, 2023 წლის 10 მარტს დამფუძნებელმა დივიდენდის სახით 220 000 ლარი გაიტანა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამკურნალო ხარჯების დასაფარად. წარმოადგენს ავადმყოფობის ცნობას.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შემმოწმებლებს დაევალოს დარიცხვის გადაანგარიშება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ინფორმაციის, დეკლარირებული დივიდენდის და სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით. ამასთან, საქონლის შეძენის ხარჯების დადგენისას, სრულად იქნეს გათვალისწინებული ბუღალტრულად დაფიქსირებული შესყიდვის დანახარჯები და ისე იქნეს ჩართული სალაროს ნაშთის გასაანგარიშებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №111709-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შავი ლითონის ჯართის შესყიდვის აქტები. ეს აქტები იყო არასრული. დამატებით გამოვლინდა 2 024 ტონა ჯართის რაოდენობა, რომელზეც საწარმოს პირველადი დოკუმენტი არ გააჩნდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით, კომპანიის ხარჯი დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტის გარეშე შეძენილი ჯართის რაოდენობაზე გავრცელდა ჯართის შეძენის მინიმალური ფასი პერიოდების მიხედვით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისთვის, 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, განისაზღვრა სალაროს ნაშთი და მიღებულ შემოსავალს სხვა დოკუმენტურ და სახაზინო ხარჯებთან ერთად გამოაკლდა შემოწმების მიერ დათვლილი ჯართის შეძენის ღირებულება. სალაროს ნაშთი, რომელიც 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით უნდა ჰქონოდა სალაროში გადასახადის გადამხდელს, შეადგენდა 367 265 ლარს. მომჩივანმა შემოწმების პროცესში წარადგინა ორისის პროგრამა, რომელიც შექმნილი იყო შემოწმების მიმდინარეობისას, სადაც ასევე არაპირდაპირი მეთოდით იყო გაანგარიშებული უდოკუმენტო ჯართის ღირებულება, თუმცა ზემოაღნიშნული მეთოდური მითითების მიხედვით არ იყო შეძენის ფასი განსაზღვრული. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა იხელმძღვანელა ჯართის შეძენის გაურკვეველი ფასებით, რომლის ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ თავისივე დადგენილი ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენის ღირებულება არასრულად არის დეკლარირებული და დაბეგრილი საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით. შესაბამისად, შეძენებზე დაფიქსირებული აქვს მაღალი ფასები და ასე გამოყვანილი სალაროს ნაშთი ლოგიკურია, რომ უფრო მცირე იქნება, ვიდრე შემოწმების მიერ დადგენილი. შესაბამისად, მიწოდებული საბუღალტრო პროგრამის მონაცემები შემოწმებისთვის არასაიმედო აღმოჩნდა და სალაროს ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად. აღსანიშნავია, რომ ორისის პროგრამაშივე გადასახადის გადამხდელს სალაროში ფულის დანაკლისად აღიარებული აქვს 167 000 ლარი 2023 წლის 31 იანვრის თარიღით. 2023 წლის 15 მარტის მდგომარეობით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში თანხის განსაზღვრის პროცედურით დაფიქსირებულია ნაღდი ფულის ნაშთი 50 ლარი, მაშინ როდესაც ბუღალტრულად ამ თარიღში ნაშთი შედაგენდა 54 000 ლარს (სალაროში თანხის განსაზღვრის პროცედურის შესახებ კომპანიის საბუღალტრო პროგრამის შემდგენელს ინფორმაცია არ ჰქონდა). ესე იგი, 2023 წლის 15 მარტის მდგომარეობით სალაროში ფულის დანაკლისმა შეადგინა კიდევ 54 000 ლარი. საწარმოს საჩივარში დაფიქსირებულია და ორისის პროგრამაშიც ასახულია, 2023 წლის 10 მარტის მდგომარეობით სალაროში თანხის დანაკლისი 220 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაბეგრილია დივიდენდად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ჯამურად გადასახადის გადამხდელი იმაზე გაცილებით მეტ თანხას აღიარებს დანაკლისად, ვიდრე საგადასახადო ორგანოს მიერ არის დაბეგრილი, მაგრამ ეს დანაკლისები გადანაწილებულია შემოწმების პერიოდის შემდგომ, რაც იმის მანიშნებელია, რომ რეალურად სალაროს ნაშთი იყო ნული შესამოწმებელი პერიოდის დასასრულისთვის და მომჩივანმა შემდგომ პერიოდებში სცადა სიტუაციის გამოსწორება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით უნდა ჰქონოდა ნაღდი ფულის ნაშთი - 367 265 ლარი. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 189 816 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა").