ბრძანება N 1206
📄 სრული ტექსტი
N 1206
26 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2024 წლის 9 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №86588/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 3 იანვრის №EL237347 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს გაფორმების ეკონომიკური ზონიდან ავტომანქანით გაიტანეს ტვირთი 1 პალეტზე განთავსებული შეფუთული ყუთი, რომელშიც მათი ვარაუდით, უნდა ყოფილიყო მათ მიერ ------ში შეძენილი ჰემოდიალიზის 2 აპარატი. ადგილზე მიტანის და გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი ტვირთის ნაცვლად პალეტზე იყო სხვა ტვირთი. ვინაიდან, ადგილი ჰქონდა შეცდომით ტვირთის არევას, სანამ არ გახსნეს, ვერ გაიგეს რა იდო შიგნით. აღმოჩენისთანავე განაცხადეს და ტვირთი დააბრუნეს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ტვირთის მფლობელს კი პრეტენზია არ გააჩნია.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ გავლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (10 სატრანსპორტო ზედდებული (CMR) - საერთო წონა 16 283 კგ). ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ, მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №----- (29/12/2023) აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ დანიშნულებით.
2023 წლის 29 დეკემბერს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ კონტროლის ზონაში. 30 დეკემბერს შპს „------ს“ (ს/ნ -----) წარმომადგენლის მოთხოვნით და უშუალო ზედამხედველობით განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (სსდ №-------) გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (სახ. ნომრით -----) და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ, შპს „------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი საქონლის ნაცვლად, №------ სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, შპს „------მა“ 2024 წლის 3 იანვარს დააბრუნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ კონტროლის ზონაში.
ვინაიდან შპს „------ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2024 წლის 3 იანვარს შედგენილ იქნა №EL237347 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------ს“ (ს/ნ -----) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ქმედება არ არის ჩადენილი განმეორებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2024 წლის 3 იანვრის №EL237347 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 3 იანვრის №EL237347 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 29 დეკემბერს მომჩივნის სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონის კონტროლის ზონაში. 30 დეკემბერს მომჩივნის წარმომადგენლის მოთხოვნით და უშუალო ზედამხედველობით განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ, მომჩივნის კუთვნილი საქონლის ნაცვლად, სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა სხვისი კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, მომჩივანმა 2024 წლის 3 იანვარს დააბრუნა გაფორმების ეკონომიკური ზონის კონტროლის ზონაში. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2024 წლის 3 იანვარს შედგენილ იქნა №EL237347 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 170(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.