ბრძანება N 21123
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21123
25 .08.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- -------------ის (პ/ნ ------------------)
(მის.: --------------------------------------)
2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა ----- -------------ის (პ/ნ ------------------) №135198/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივლისის №EL218319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ მის ავტომობილში (ზურგჩანთაში) აღმოჩენილი ოქროს ნივთები არის მისი მეუღლის საკუთრება და საქართველოში შემოჰქონდათ იმ მიზნით, რომ მეუღლეს გაეკეთებინა ნათესავების ქორწილებში. ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ოქროს სამკაულები მეუღლეს აჩუქეს ქორწილში და მას შემდეგ აქვს საკუთრებაში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჩამორთმეული ოქროს ნივთების დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში ------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ----- -------------ის (პ/ნ ------------------) მართვის ქვეშ მყოფი №--- მსუბუქი ავტომობილი. აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---- სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის სალონში არსებულ ზურგჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი – ოქროს ნაკეთობები (ოქროს საყურე – 1 წყვილი ბრილიანტის თვლით; ოქროს საყურე – 1 წყვილი; ოქროს სამაჯური – 2 ცალი; ოქროს ყელსაბამი – 1 ცალი; ოქროს ბეჭედი – 6 ცალი) საერთო წონით 81 გრ.
საქონლის რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 2023 წლის 30 ივლისს ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით (დასკვნა №------) დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 9127.60 ლარს.
ვინაიდან, --- -------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №EL218319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- -------------ს (პ/ნ ------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 9127.6 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №------) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა სგპ „--------ის“ კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ფიზიკური პირის მიერ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 9 127 ლარის ღირებულების 81 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული კი რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განახორციელოს დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირება და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ან შესაბამისი გადასახადების და საფასურის ამავე ვადაში გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- -------------ის (პ/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განახორციელოს დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირება და ამავე ვადაში იმპორტის გადასახდელისა და შესაბამისი საფასურის გადახდა;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 30 ივლისის №EL218319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი განმარტავს, რომ მის ავტომობილში (ზურგჩანთაში) აღმოჩენილი ოქროს ნივთები არის მისი მეუღლის საკუთრება ,რომელიც აჩუქეს ქორწილში და მას შემდეგ აქვს საკუთრებაში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჩამორთმეული ოქროს ნივთების დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომობილი.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის სალონში არსებულ ზურგჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი.გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
ამასთან, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ჩამორთმეულ იქნა სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა სგპ-ის კონტროლის ზონაში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განახორციელოს დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირება და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ან შესაბამისი გადასახადების და საფასურის ამავე ვადაში გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199( „დ.ბ“); 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 13; 27(1); 73(1 „ა“); 163(1,11); 168(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;