ბრძანება N 20344

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 20344
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20344

16 სექტემბერი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.:„--------“)

2026 წლის 15 აგვისტოსა და 3 სექტემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 9 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №77 და №81) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 15 აგვისტოს №104081/1/2026 და 3 სექტემბრის №104409/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №007-185 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანიამ სრულად მიაწოდა შემმოწმებელს მოთხოვნილი ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც არამართლზომიერია. განმარტავს, რომ წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას. კერძოდ, დამკვეთი საქონელს უკვეთავს საკომუნიკაციო საშუალებებით და მიწოდება ხორციელდება კურიერის მეშვეობით, ხოლო ანგარიშსწორება საბანკო გადარიცხვების საშუალებით. იმ შემთხვევაში თუ მყიდველს სურს ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით, მისი ან კურიერის მიერ ფულის შეტანა ხდება საბანკო ანგარიშზე ტერმინალის მეშვეობით. საქმიანობის პერიოდში მყიდველის მიერ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, შემოსავლები სრულად არის ასახული საბანკო ანგარიშებზე, რაც მარტივად დათვლადია. ხარჯებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი გაწევაც სრულად ხორციელდებოდა საბანკო ოპერაციებით, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით, ასევე, სასაქონლო ზედნადებებით და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით. მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კიდევ ერთხელ წარმოადგინოს ზემოხსენებული ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 ნოემბრის №24376 ბრძანების საფუძველზე შპს „------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 22 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „Facebook“-დან მიღებული შეკვეთების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია ექსელის ცხრილში თითოეული რეალიზაციის ჭრილში);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 ნოემბრის №24376 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 26 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 78 857 ლარი, მათ შორის: გადასახადი 52 570 ლარი, ჯარიმა 26 287 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შემმოწმებელმა დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მ.შ. სოციალური ქსელიდან ამოღებული მიმოწერის ე.წ. სქრინები და მიღებული შეკვეთების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია ექსელის ცხრილში თითოეული რეალიზაციის ჭრილში, რაც გათვალისწინებულ იქნა ფასნამატის გაანგარიშებაში კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულმა გამოიწვია სხვაობები შემოწმებით განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც შემმოწმებლის მიერ შესრულდა. შედეგად, დაკორექტირდა ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართად წარმოდგენილ ექსელის ცხრილთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გადაანგარიშების თაობაზე დასკვნის შედგენისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში შეძენების დაკავშირება იყო არასწორი, კერძოდ, საბანკო ჩარიცხვის გზით მიღებული შემოსავალი დაკავშირებული იყო არაშესაბამისი პერიოდის შეძენის ღირებულებასთან (უფრო მაღალი ღირებულების შეძენასთან) ხელოვნურად ფასნამატის შემცირების მიზნით. წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულ ექსელის ცხრილშიც ძველ მონაცემები და ახალი მონაცემები წარმოდგენილია იმავე პრინციპით, კერძოდ, ხელოვნურად არის თვითღირებულება გაზრდილი, რომლითაც შემცირებულია საშუალო ფასნამატი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ წარმოდგენილი ცხრილის შესწავლისას შერჩევით იქნა გავლილი დიდი ხვედრითი წილის მქონე ჯგუფები (პურის საცხობი, ქვაბი), რომლის შედეგად დგინდება, რომ ზემოხსენებული პრინციპის გათვალისწინებით ფასნამატში არსებითი ცვლილება არ გამოვლინდა. გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას იმაზე აპელირება, რომ შემოწმებით ტექნიკის ნაწილებზე (მტვერსასრუტი) გავრცელდა ჯგუფის ფასნამატი, რამაც გამოიწვია არსებითი სხვაობა დარიცხვაში არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ნაწილების რპთ შეადგენს 2 059 ლარს (სულ რპთ 2 377 366).

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერებასა და გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მიეცა შესაძლებლობა წარედგინა აუდიტის დეპარტამენტისათვის მტკიცებულებები, მათ შორის, „Facebook“-დან მიღებული შეკვეთების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია, ხელახლა გასაჩივრების შედეგად ასევე მიეცა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები, მათ შორის, „Facebook“- დან მიღებული შეკვეთების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია ექსელის ცხრილში თითოეული რეალიზაციის ჭრილში. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტმა ორივე გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და განახორციელა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტი გასაჩივრების მე-3 ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ხელახლა შესასწავლად აუდიტის დეპარტამენტისთვის დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი და აღნიშნული ემსახურება დავის გაჭიანურებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანიამ სრულად მიაწოდა შემმოწმებელს მოთხოვნილი ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შემმოწმებელმა დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია,რაც გათვალისწინებულ იქნა ფასნამატის გაანგარიშებაში კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულმა გამოიწვია სხვაობები შემოწმებით განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვებში. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304.