გადაწყვეტილება №20598/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20598/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს---ის 18.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20598/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №084-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19887 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 572 115, 12 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 333 265
დღგ - 125 498
საშემოსავლო გადასახადი - 207 767
ჯარიმა - 165 461
საურავი - 73 389,12
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რკინა-კავეულითა და სარემონტო მასალებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32114 ბრძანება და ამავე თარიღის №084-12 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19887 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 6 417 182 ლარს (დღგ-ის გარეშე). კომპანიას არ აქვს საბუღალტრო აღრიცხვა, არ ხდება კონტროლი სმფ-ების მოძრაობასა და ფულადი სახსრების მოძრაობაზე. დეკლარირებული ფასნამატი 2020-2021 წლების სრულ საანგარიშო პერიოდზე შეადგენს საშუალოდ 3%-ს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გაკეთდა ანალიზი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის შესახებ მისი სახეობრივი კატეგორიების ჭრილში (10 კატეგორია). დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა ასევე დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან უახლოესი შეძენის თარიღით დაფიქსირებული ფასების დადგენის მიზნით, რომლის მიხედვით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი.
გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ის მიხედვით გაანგარიშდა პერიოდების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც სრულად გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (კატეგორიების ჭრილში). აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა თანხობრივად შეადგინა 114 463 ლარი (საშუალოდ 16%-იანი ფასნამატი). დეკლარირებულ და ფაქტობრივად დადგენილ ბრუნვებს შორის სხვაობაზე (697 281 ლარი) გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგენილი ხარჯების ანალიზით ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით დადგენილ იქნა განკარგვადი თანხები. ვინაიდან, კომპანია არ აწარმოებს ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, არ აქვს აღებული/გაცემული სესხი საბანკო დაწესებულებიდან ან/და კერძო/იურიდიული პირებისგან, არ აფიქსირებს კაპიტალში შენატანს, შემოწმების მიერ განხორციელებული ანალიზით, შესამოწმებელ პერიოდში, საანგარიშო წლების ბოლოსა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 6 417 182 ლარს (დღგ-ის გარეშე). კომპანიას არ აქვს საბუღალტრო აღრიცხვა, არ ხდება კონტროლი სმფ-ის მოძრაობაზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე, დეკლარირებული ფასნამატი 2020-2021 წლების სრულ საანგარიშო პერიოდზე შეადგინა საშუალოდ 3 %. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის, გაკეთდა ანალიზი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის შესახებ მისი სახეობრივი კატეგორიების ჭრილში (10 კატეგორია). კერძოდ, დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა ასევე დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან უახლოესი შეძენის თარიღით, დაფიქსირებული ფასების დადგენის მიზნით, რომლის მიხედვით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა პერიოდების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც სრულად გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (კატეგორიების ჭრილში).
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები თანხობრივად 7 114 463 ლარის ოდენობით (საშუალოდ 16% ფასნამატი). დეკლარირებულ და ფაქტობრივად დადგენილ ბრუნვებს შორის სხვაობამ ( 697 281 ლარი ) გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში ძირითადი თანხისა და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.
გადასახადის გადამხდელის პოზიციაში მითითებულია, რომ „კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ინფორმირებულია დამატებითი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე, მისივე მონაწილეობით მოხდა ფასნამატის გაანგარიშება (იდენტიფიცირება საქონლის შეძენა/რეალიზაციის). მათი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზია არ ფიქსირდება.“
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საგადასახადო შემოწმების აქტში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში მითითებულია, რომ „არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის დამუშავებით დადგენილი ხარჯების ანალიზით ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით მიღებულ იქნა განკარგვადი თანხები. კომპანია არ აწარმოებს ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას. არ აქვს აღებული/გაცემული სესხი საბანკო დაწესებულებიდან ან/და კერძო/იურიდიული პირებიდან, არ აფიქსირებს კაპიტალ შენატანს. შემოწმების მიერ განხორციელებული ანალიზით, შესამოწმებელ პერიოდში, საანგარიშო წლების ბოლოსა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე/დირექტორზე (---) გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელის პოზიციაში მითითებულია, რომ „კომპანიას უფლებამოსილი წარმომადგენელი ინფორმირებულია საშემოსავლო გადასახადში დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე, ელექტრონულ მეილზე გაეგზავნა გაანგარიშებული ინფორმაცია ცხრილის სახით და შემოწმების აქტის შედგენის მომენტისთვის რაიმე სახის პრეტენზიას არ აფიქსირებს.“
არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებას საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის გაანგარიშების ნაწილში გარკვეული მიზეზების გამო, კერძოდ:
• როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, „კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს რკინა-კავეულისა და სარემონტო მასალების ადგილობრივ შეძენა/რეალიზაციას. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 6 417 182 ლარს დღგ-ის გარეშე, დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 3%-ს.“
• აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, გაკეთდა ანალიზი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის შესახებ მისი სახეობრივი კატეგორიების ჭრილში (10 კატეგორია), დადგენილ იქნა ფასნამატი 16%-ის ოდენობით, რაც გავრცელდა მთლიან რპთ-ზე.
• მომჩივნის მიერ განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანგარიშება, განსაზღვრულ იქნა 15 კატეგორიის ფასნამატი, რომელიც მერყეობს 5-დან 20%-მდე, მსხვილი კატეგორიები:
თაბაშირი და თაბაშირ-მუყაოს ფილები, პროფილები, ცემენტი შეადგენს შეძენილი საქონლის მესამედზე მეტს და მისი ფასნამატი 3-8%-მდე მერყეობს, არის წვრილმანი საქონელი რომლის ფასნამატი 50%-ზე მეტია, მაგრამ მთლიან შეძენებში მისი ხვედრითი წილი 1%-ზე ნაკლებია და მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მთლიან საშუალო ფასნამატზე. ითხოვს მისი მონაწილეობით მოხდეს დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის ხელახალი შესწავლა, განისაზღვროს ფასნამატი და მოხდეს დასაბეგრი ბრუნვის ხელახალი განსაზღვრა, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება. • დოკუმენტური ფასნამატის არასწორად გაანგარიშებამ გამოიწვია ვირტუალური ფულადი ნაშთის ზრდა, რაც მიუღებელია. ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლა და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის ცვლილების გათვალისწინებით მოხდეს ვირტუალური ნაშთის კორექტირება, შესაბამისად მოხდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის კორექტირება.
• მომჩივნისთვის ასევე გაუგებარია ამ თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, ვინაიდან კომპანია აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ამის დამადასტურებელია ექსპორტის საბაჟო დეკლარაციები, რომელიც გულისხმობს, რომ საქონელი შეძენილია და ამას გარკვეული ფინანსური რესურსი ჭირდებოდა, აქედან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანების მიხედვით, ზემოაღნიშნული სალაროს ნაშთი სრულად არ უნდა განხილულიყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
• ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია არასამართლიანი შედეგი კომპანიისთვის, რაც ნიშნავს ფაქტიურად კომპანიის გაკოტრებას. ვითხოვთ საკითხის ხელახალ შესწავლას, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტების გათვალისწინებას და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას და აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები.
სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არ ცოდნით, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმასაურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია 4.09.2023 წლის №87954-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას:
- გაკეთდა ანალიზი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის შესახებ მისი სახეობრივი კატეგორიების ჭრილში (10 კატეგორია). დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა ასევე დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან უახლოესი შეძენის თარიღით დაფიქსირებული ფასების დადგენის მიზნით, რომლის მიხედვით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. აღსანიშნავია, რომ საქონლის იდენტიფიცირებაში მონაწილეობდა კომპანიის წარმომადგენელი, რათა შეძენილი და რეალიზებული საქონლის დასახელებები ზუსტად ყოფილიყო დაკავშირებული ერთმანეთთან.
- გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა პერიოდების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც სრულად გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (კატეგორიების ჭრილში).
რაც შეეხება განკარგვადი თანხების გაანგარიშებას, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის დამუშავებით დადგენილი ხარჯების ანალიზით ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით მიღებულ იქნა ფულადი სახსრების ნაშთები. ვინაიდან, კომპანია არ აწარმოებს ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, არ აქვს აღებული/გაცემული სესხი საბანკო დაწესებულებიდან ან/და კერძო/იურიდიული პირებიდან, არ აფიქსირებს კაპიტალშენატანს, შემოწმების მიერ განხორციელებული ანალიზით, შესამოწმებელ პერიოდში, საანგარიშო წლების ბოლოსა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების პროცესში გამოყენებული მასალებისა და დარიცხვის საფუძვლების შესახებ სრულად არის ინფორმირებული კომპანიის უფლებამოსილი პირი. ამასთან, ყველა გაანგარიშება ცხრილების სახით გაგზავნილია კუთვნილ ელექტრონულ მეილზე. ამ დროისათვის გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე სახის გაანგარიშებები ფასნამატის კორექტირებისათვის წარმოდგენილი არ არის.
მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული/დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №084-12 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 165 461 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი - 73 389,12 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე- 7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არ ცოდნით, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმასაურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19887 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში:
4. ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32114 ბრძანება და ამავე თარიღის №084-12 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19887 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული/დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73 (5); 154; 269 (7).