გადაწყვეტილება №24523/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2025
№ დოკუმენტი 24523/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24523/2/2024

06 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 25.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24523/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20376 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ოქტომბრის №045-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 დეკემბრის №25561 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 156 515.98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 94 193

დღგ - 17 549

საშემოსავლო გადასახადი - 76 644

ჯარიმა - 45 004

საურავი - 17 318.98

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა გზის დაგების მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში. ასევე, მომსახურებას ეწევა როგორც ქვეკონტრაქტორი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №8326 და 27 ივნისის №15104 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირებული სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან მიღებული საქონელი/მომსახურება არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 982 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ასრულებს რამდენიმე პროექტს. კომპანიაში საქონლის მოძრაობის შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არც ერთი სახელმწიფო ტენდერი და არც ქვეკონტრაქტორის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითიც შესაძლებელი იქნებოდა შეძენილი მასალების რომელიმე მის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებთან დაკავშირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში დამატებით განხორციელებულ სამშენებლო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებად და შესაბამისად, სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით გაზრდილ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

3. კომპანია შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი.

„სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ. კერძოდ, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, რომ კომპანიისთვის მომსახურებები გაწეული აქვს ფიზიკურ პირებს, რომელზე გადახდილი თანხებიც არ არის დაკავებული გადახდის წყაროსთან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

5. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს ინდივიდუალური მეწარმეებისგან/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან, რომელთა ნაწილთან შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რეალურად აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საწარმოს მიერ აღნიშნულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

6. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სამივლინებო ხარჯები, რაზეც არ წარუდგენია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზემოაღნიშნული ხარჯები შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №16742 ბრძანება და №045-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 412 132 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 16.09.2024 წლის №20376 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ფიქსირებული სტატუსის მქონე პირისგან მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20376 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2024 წლის დასკვნა, №22742 ბრძანება და №045-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 229 056 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 6 დეკემბრის №25561 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირება ყველა სადავო საკითხთან მიმართებით. კერძოდ, დარიცხული თანხები შემცირდა სულ 229 052 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 153 001 ლარით და ჯარიმა - 76 051 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში არ არის წარდგენილი გადამხდელის პოზიცია და არგუმენტაცია სადავო საკითხებთან დაკავშირებით. არ არის მითითებული, თუ რა ნაწილში განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება არამართლზომიერად. საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ არის წარმოდგენილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20376 ბრძანებით:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ფიქსირებული სტატუსის მქონე პირისგან მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება საქონლის შეძენა ან მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ან/და საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

- შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 სექტემბრის №20376 ბრძანების საფუძველზე, შემცირებას დაექვემდებარა ფიქსირებული სტატუსის მქონე პირისგან მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის შემცირება.

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „----თან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „---ს“ შპს „---თვის“ ---- საკადასტრო კოდებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განეხორციელებინა ნაწილობრივ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გახარჯული მასალების დამატებით სამშენებლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

- მომჩივანმა მოითხოვა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კაპიტალის ნაშთის შემცირება, რაზეც წარადგინა ახსნა-განმარტება. შემოწმების მიერ შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კაპიტალი, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის შემცირება და დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთის საფუძვლით დარიცხული თანხები. -

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საქონლის შეძენისა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, შესყიდვის აქტები, მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემცირდა აღნიშნულის ფარგლებში გადახდილ თანხებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

- მომჩივანმა წარადგინა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, შემცირდა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები.

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტაცია სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ უმეტეს შემთხვევაში კომპანიას თვიურად სამივლინებო ხარჯები გაწეული აქვს ისეთ პირებზე, რომლებზეც იმავე პერიოდში (თვეებში) არ ფიქსირდება სახელფასო განაცემები.

სამივლინებო ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ისეთ პირებზე გაცემული თანხები, რომლებზეც ამავდროულად ფიქსირდებოდა სახელფასო განაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 229 056 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 153 005 ლარი და ჯარიმა - 76 051 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაანგარიშების შედეგების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20376 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №20376 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელის შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 229 056 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 6 დეკემბრის №25561 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაანგარიშების შედეგების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, გ.