გადაწყვეტილება №26321/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2026
№ დოკუმენტი 26321/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26321/2/2025

12 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 16.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26321/2/2025).

 

დავის საგანი:

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 20.11.2025 წლის N 081-127 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 05.12.2025 წლის N 26897 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 12 908,39 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

მომჩივანმა 16.11.2025 წელს შემოსავლების სამსახურს წარუდგინა განცხადება (ID -----) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებაში რეგისტრაციის პირობად მითითებული იყო „სავალდებულო“, რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღად 15.03.2025 წელი, ხოლო რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხად 129 084 ლარი.

ვინაიდან პირის მიერ 15.03.2025 წლიდან 16.11.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში საქმიანობა ხორციელდებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირობების დარღვევის გამო 20.11.2025 წელს შედგა N 081-127 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც ----- საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებულმა ჯარიმამ შეადგინა 12 908,39 ლარი.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 05.12.2025 წლის N 26897 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს განცხადების გრაფაში "რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია" შეცდომით იქნა ჩაწერილი რეგისტრაციის პერიოდიდან დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დასანქცირება. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებული შემოსავალი განთავისუფლებული იყო დღგ-ისგან, როგორც სამართალდარღვევის ოქმში ფიქსირდება მიმდინარე წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით თვეების დასაბეგრი ჯამური ბრუნვა არის 258,167.88 ლარი საიდანაც 0,05 % შეადგენს ზემოთხსენებული სანქცია, რომელიც რეალურად არ ეკუთვნოდა მას. ითხოვს მოხდეს ტექნიკური შეცდომის გათვალისწინება და სანქციის გაუქმება.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების მე-2 დანართის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე;

ბ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში;

გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;

დ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის წარმოდგენილ საჩივარში გასაჩივრებულ დოკუმენტად მითითებულია მომსახურების დეპარტამენტის 20.11.2025 წლის N 081-127 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოთხოვნილია დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება ვინაიდან ფაქტი განპირობებული იყო უნებლიე შეცდომით.

შემოსავლების სამსახურის 05.12.2025 წლის N 26897 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა საკითხი შეესწავლა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის თანხის კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულ გარემოებათა და შემოსავლების სამსახურის 05.12.2025 წლის N 26897 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. ვინაიდან პირის მიერ საქმიანობა ხორციელდებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 269(1)(7); 282(1);.