გადაწყვეტილება №22400/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22400/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 28.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22400/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება;
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №001-308 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2661 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 98 665 ლარი
მათ შორის:
დღგ - 64 910
ჯარიმა - 18 031
საურავი - 15 724
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის შეძენა/რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 22 დეკემბრის №32538 ბრძანება და 25 დეკემბრის №001-308 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2661 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია/მტკიცებულებები, მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდელობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). დაკისრებული ჯარიმიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონელი იყო ადგილობრივი წარმოშობის, რომელსაც ყიდულობდა გლეხებისგან (აღნიშნულთან დაკავშირებით წარადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები). შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველით, სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომჩივნის მიწოდებული საქონლის შესახებ. წარდგენილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული ფიზიკური პირები არ ადასტურებენ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდების ფაქტს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდული საქონელი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაიმიჯნა ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე შეძენილ საქონლად. უცხოურ ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 17 ოქტომბრიდან. რის საფუძველზეც, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 165-ე, 158-ე, 159-ე, 175-ე, 43-ე მუხლებზე და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებითა და ამასთან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტებით მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, საქონლის გამყიდველები (გლეხები) ხშირად უარყოფენ პროდუქციის გაყიდვის ფაქტს, აღნიშნული კი აზარალებს ხილ-ბოსტნეულის სფეროში მომუშავე მეწარმეებს და უჭირთ ადგილობრივი წარმოშობის ნაწარმის შეძენის დადასტურება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის თანახმად,1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
დადგენილია, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. რის საფუძველზეც, მომჩივანს დაერიცხა დღგ (82 941 ლარი) და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა (18 031ლარი). შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №2661 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №2661 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდული საქონელი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაიმიჯნა ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე შეძენილ საქონლად. უცხოურ ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 17 ოქტომბრიდან. რის საფუძველზეც, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 282-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველ დავის საგანში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1.დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება;
2.დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2661 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია/მტკიცებულებები. დაკისრებული ჯარიმიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 269.