გადაწყვეტილება №25808/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25808/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---- (ს/ნ -----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 02.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 04.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25808/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 16.07.2025 წლის N 011-284 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. მომსახურების დეპარტამენტის 22.07.2025 წლის N 011-284/1 ბრძანება და N 000-258 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის N 18460 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 14 918,25 ლარი.
ფაქტების აღწერა:
მომჩივნის საქმიანობაა ვეტერინარული სადიაგნოსტიკო საშუალებებისა და ცხოველებისათვის განკუთვნილი ორთოპედიული და პოსტ - ოპერაციული პროდუქციის იმპორტი და მათი საბითუმო რეალიზაცია.
გადასახადის გადამხდელს, 14.06.2024 წლიდან 08.07.2025 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომსახურების დეპარტამენტის 16.07.2025 წლის N 011-284 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 554,66 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომჩივანმა დაგვიანებით წარადგინა 2024 წლის ივნისი - დეკემბრის და 2025 წლის იანვარი - მაისის თვეების დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც 22.07.2025 წლის N 000-258 საგადასახადო მოთხოვნით (N 011-284/1 ბრძანება) დამატებით დაეკისრა ჯარიმა 12 363,59 ლარი (ჯამში ჯარიმის თანხა განისაზღვრა 14 918,25 ლარით, ნაცვლად 2 554,66 ლარისა).
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.08.2025 წლის N 18460 ბრძანებით დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით და მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის N 18460 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საქონლის ძირითადი ნაწილის იმპორტსა და რეალიზაციას მიიჩნევდა დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციად. კომპანია არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და იმპორტის დროსაც არ ახდენდა დღგ-ის დეკლარირებას.
მიზეზი ის იყო, რომ სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტები სასაქონლო ნომენკლატურის კოდით 38221900, შეტანილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (N 01-132/ნ/322 29.12.2020) დამტკიცებულ ნუსხაში - იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. კერძოდ, დანართი 2-ში მითითებულია კოდი 3822 - სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები; (20.02.2024 N ----- გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე). შესაბამისად, ის რომ ვეტერინარული დანიშნულებით გამოსაყენებლად გამიზნულ სადიაგნოსტიკო სწრაფ ტესტებს არ ეხებოდა საგადასახადო შეღავათი მათთვის არ იყო ცნობილი. დანიშნულების გამო საქონელს კოდი არ ეცვლება და იგივე კოდით ხდება საბაჟო დეკლარაციაში მისი დეკლარირება.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან საბაჟო დეკლარირებისას მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე მოახდინეს იმპორტის ყველა დეკლარაციის კორექტირება. ამასთან, უკვე განხორციელებული რეალიზაციის შედეგად გამოვთვალეთ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და წარვადგინეთ განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე.
სახეზეა გარემოება, რომლის დროსაც არ იცოდნენ და ვერც ეცოდინებოდათ, რომ მოქმედებდნენ შეცდომით, შესაბამისად მოქმედებენ საპატიებელი შეცდომის პირობებში. ამდენად, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 15.09.2025 წლის N ----- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანმა 2025 წლის 8 ივლისს წარადგინა განაცხადი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ID: ----- , სადაც რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი მიუთითა 14.06.2024 წელი, პირობა - სავალდებულო. ამდენად, გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 14.06.2024 - 08.07.2025 წ.წ. პერიოდში. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 16 ივლისს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N ----- და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადასახადის გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 554,66 ლარის ოდენობით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ 18.07.2025 წელს წარდგენილია 2024 წლის ივნისი - დეკემბრის და 2025 წლის იანვარი - მაისის თვეების დღგ-ის დეკლარაცია, დამატებით დარიცხვას დაექვემდებარება 12 363,59 ლარი. განისაზღვრა ჯარიმა თანხით 14 918,25 ლარი (ნაცვლად 2 554,66 ლარისა). აღნიშნულზე 22.07.2025 წელს გამოიცა ბრძანება N----- (ამავე თარიღის N 000-258 საგადასახადო მოთხოვნა).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ იყო ცნობილი, რომ ვეტერინარული დანიშნულებით გამოსაყენებლად გამიზნულ სადიაგნოსტიკო სწრაფ ტესტებს არ ეხებოდა საგადასახადო შეღავათი. დანიშნულების გამო საქონელს კოდი არ ეცვლება და იგივე კოდით ხდება საბაჟო დეკლარაციაში მისი დეკლარირება. აღმოჩენისთანავე, მოახდინეს იმპორტის ყველა დეკლარაციის კორექტირება. ამასთან, უკვე განხორციელებული რეალიზაციის შედეგად გამოთვალეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და წარადგინეს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის N 18460 ბრძანებით დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით და მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის N 18460 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 554,66 ლარის ოდენობით. ამასთან, მომჩივანმა დაგვიანებით წარადგინა 2024 წლის ივნისი - დეკემბრის და 2025 წლის იანვარი - მაისის თვეების დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც საგადასახადო მოთხოვნით დამატებით დაეკისრა ჯარიმა 12 363,59 ლარი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 282; 269 (7);.