გადაწყვეტილება №20912/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 20912/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20912/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს -------ის 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20912/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №094-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21732 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 119 458 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 629 473

დღგ - (-6 752)

მოგების გადასახადი - 113 363

საშემოსავლო გადასახადი - 123 042

ქონების გადასახადი - 399 820

ჯარიმა - 108 236

საურავი - 381 749

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2015 წლიდან 1.07.2018 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილი აქვს საკუთრებაში არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, რომელთა ღირებულება დაბეგრილი აქვს დღგ-ით და არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 98-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმებით შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

2. საწარმოს 1.01.2015 - 1.03.2015 წლების საანგარიშო პერიოდში ჩამოწერილი აქვს 44 095 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. საზოგადოებას სმფ-ების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინება არ გაუგზავნია. საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით კომპანიის მიერ ჩამოწერილი სმფ-ების ღირებულება შემოწმების მიერ ჩაითვალ მიწოდებად და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

3. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს სხვადასხვა სარესტორნო, სასტუმროს მომსახურებისა და სხვა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილით წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი. შემოწმების პროცესში იმ ხარჯებზე რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები რაც დაადასტურებდა რომ აღნიშნული ხარჯები დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკვალიფიცირდა სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 2015 წელს 8 160 700 ლარს 2016 წელს 7 477 700 ლარს 2017 წელს 6 822 800 ლარს. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 31.12.2018 წლის №39645 ბრძანება და №094-333 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტური პირისგან გამოთხოვილი მტკიცებულება/ინფორმაცია, მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულების/ინფორმაციის შესწავლა/გაანალიზება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო დანაკარგის დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან მიზნობრივად დაუკავშირებელი ხარჯის სარგებლად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შეისწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

6. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 832 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 615 ლარით და ჯარიმა 36 217 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6.04.2023 წლის №7562 ბრძანება და №094-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21732 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით:

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოწერილი დანაკარგების ოდენობა შესაბამისობაშია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობასთან, 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით, დაექვემდებარა შემცირებას.

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, რითიც დასტურდება გაწეული ხარჯების კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან და აღნიშნულის შედეგად, შემცირდა გადახდის წყაროსთან დაბეგრილი სარგებლის თანხა. წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, რადგან ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობა, ასევე თუ ვინ ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებებს, ასევე აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ თუ არა ისეთ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან.

მე-3 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნა, ვინაიდან შემოწმებამ არ გაიზიარა ქონების შესაფასებლად ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია. ამასთან, წარმოდგენილი შეფასებით განსაზღვრული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობების საბაზრო ფასზე.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გადამხდელს თავდაპირველი საჩივრით არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება აქტით დარიცხულ თანხების სისწორეს და წარმოადგენს არგუმენტებს, შემოსავლების სამსახურის დარიცხვების არამართებულობასა და მოსაზრებების სისწორესთან დაკავშრებით. მიაჩნია, რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.

მომჩივანმა, ამავე საქმეზე, 20.10.2023 წელს წარმოადგინა №21124/2/2023 საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე არ მოხდეს საკითხის განხილვა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოზე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ეტაპზე დავის განხილვის უკიდურესად დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, საერთოდ არ მოხდა მისი არგუმენტების არა თუ გათვალისწინება, არამედ მოსმენაც კი.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის ეტაპზე საერთოდ არც არავის არ წაუკითხია, საჩივარში მოთხრობილია შემოსავლების სამსახურის წინა გადაწყვეტილებიდან დაკოპირებული ტექსტები, შემდგომ კი საგადასახადო კოდექსის მუხლების ჩამონათვალი, ბოლო ნაწილში კი ორი სიტყვით წერია, რომ მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, მის მიერ წარდგენილი საჩივრისა (სადაც ვრცლად მთელი რიგი არგუმენტებით ცდილობს სიმართლის დამტკიცებას) და ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების წაკითხვის შემდეგ აშკარად იკითხება რომ შემოსავლების სამსახურში საერთოდ არც კი გასცნობიან ჩვენს საჩივარს, ვინაიდან შემოწმების დასკვნასა და გადაწყვეტილებაში არცერთ არგუმენტზე არა თუ შესაბამისი კონტრარგუმენტები არამედ თუნდაც რაიმე სახის მსჯელობაც კი არ არის მოცემული. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების წაკითხვისას აშკარაა, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილების ავტორი საერთოდ ვერ არჩევს შემოსავლების სამსახურის აუდიტორისა და მის არგუმენტაციას და დასკვნით ნაწილში წერია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაიზიარა მისი შეფასების მეთოდოლოგია, თუმცა რა გაიზიარა რა არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურმა, ეს უკანასკნელი ნახსენები საერთოდ არ არის, შემოსავლების სამსახურის არგუმენტაციად დასახელებულია მხოლოდ ის, რომ წარდგენილი შეფასებით განსაზღვრული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობების საბაზრო ფასზე, ისე რომ საერთოდ არ არის ნახსენები ის თუ, როგორ იქნა დადგენილი ეს საბაზრო ფასი, როდის და ვის მიერ, რაც მის გაოცებას იწვევს.

თხოვნის მიუხედავად, რომ მის გარეშე არ მომხდარიყო საკითხის განხილვა, რათა უკეთ წარმოეჩინა არგუმენტაცია, შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ მიიწვია სხდომაზე და როგორც ახლა ირკვევა საერთოდ არ კი გასცნობია საჩივარს, რის შედეგადაც ექმნება შთაბეჭდილება რომ საჩივრის განხილვა ფაქტობრივად მისი დასწრების გარეშეც არ მომხდარა. გამოხატავს რა უკიდურეს შეშფოთებას შემოსავლების სამსახურის ასეთი ზედაპირული და არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო კიდევ ერთხელ ითხოვს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე დასწრებას.

მიაჩნია, რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზით დადგინდება, რომ აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად.

საკითხი 1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება, საბაზრო ფასის გათვალისწინებით და ქონების დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად

შემმოწმებლის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება (გაზრდა) და ქონების გადასახადის დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად. ამასთან, არც აქტით და არც მისი დანართით, არც აღნიშნული აქტის შემდგომ გამოცემული გადაანგარიშების დასკვნითა და არც შემოსავლების სამსახურის უკანასკნელი გადაწყვეტილებით არ დგინდება თუ რის საფუძველზე ან რა თანხით მოხდა ჩვენ მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა, მხოლოდ შემმოწმებელთან პირადი გასაუბრებით ირკვევა რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 მუხლი, რომლის მიხედვითაც აფასდა გადამხდელი მიერ დეკლარირებული ქონება და დაბეგვრის მიხედვით გავრცელდა ქონების საბაზრო ფასი. ამასთან, აუდიტორთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ საბაზრო ფასად გამოყენებულ იქნა სს „-------“-ს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის შეფასებული მისი ქონება, რომელიც არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა არამედ წარმოადგენს ბანკის ხელშეკრულებას, სადაც ჩამოთვლილი დასაბეგრი ქონებები (მიწის ნაკვეთები შენობა ნაგებობასთან ერთად) და ბანკის მიერ განსაზღვრულია ქონების ღირებულებები სადაც კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 75 029 კვ.მ შენობა-ნაგებობით, (საკ. კოდი --------), შეფასებულია 7 500 000 აშშ დოლარად. შემმოწმებელმა აღნიშნული თანხის მიმდინარე კურსით და არა შესაბამისი წლის ბოლოსთვის არსებული გაცვლითი კურსით, რომელიც გაცილებით ნაკლები იყო მიმდინარე კურსთან შედარებით, გაანგარიშების შედეგად მიიღო ქონების გადასახადით დასაბეგრი დაკორექტირებული თანხა. შემმოწმებლის მიერ არასწორი კურსის გამოყენებას, რომ თავი დაანებოს, მიწა, რომელიც დაბეგრილი ჰქონდა კომპანიას მიწის გადასახადით ფართობის შესაბამისად, შემმოწმებლების მიერ დაბეგრილი იქნა მეორედ მიწის საბაზრო ღირებულების ქონების საბაზრო ღირებულებაზე დამატების გზით რაც საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

სანამ დეტალურად წარმოადგენს არგუმენტაციას სურს მოკლედ წარმოადგინოს ის თანმიმდევრობა რა თანმიმდევრობითაც მოხდა მისი კომპანიისათვის თანხის დაკისრება და დარიცხული თანხის სისწორის საკითხის შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ დავის შემდგომ ეტაპზე და მოითხოვს იმ უმსგავსობისა და სრული განუკითხაობის შესახებ, რაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში ხდება.

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ პირველ საგადასახადო შემოწმების აქტში კითხულობს, რომ საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით დაკორექტირდა ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა (აქტში არც კი წერია საერთოდ ამ მუხლის რომელი ნაწილია გამოყენებული, 1 თუ მე-4, ანუ საბალანსო ღირებულებით მოხდა დარიცხვა თუ აფასების გზით საბაზრო ფასიდან). ასე მხოლოდ ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა საგადასახადო შემმოწმებელი როდესაც 2018 წელს შეგვიდგინა საგადასახადო შემოწმების აქტი და ისე დაარიცხა ქონების გადასახადში 400 000 ლარამდე თანხა რომ საერთოდ არც კი მიუთითა რომელი დასკვნისა თუ ქონების შეფასების რომელი ანგარიშის საფუძველზე მოახდინა ქონების გადასახადის დარიცხვა, რომელი შემფასებელი იყო ჩართული ქონების შეფასების დასკვნის შედგენაში და რა კვალიფიკაცია ჰქონდა მას, ასევე რომელი მიდგომები და რა შესადარისი ობიექტების გამოყენებით მოხდა საბაზრო ფასის დადგენა და რა იყო ქონების საბოლოო საბაზრო ღირებულება, იხ. ამონარიდი პირველი საგადასახადო შემოწმების აქტიდან:

აღნიშნულის შემდგომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის აუდიტორს დაევალა დარიცხული თანხის სისწორის შესწავლა რის აღსრულებასაც დაახლოებით 4 წელი დასჭირდა, ისე რომ არც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში და არც ზოგადად შემოსავლების სამსახურში არავინ არ დაფიქრებულ იმასთან დაკავშირებთ თუ რატომ დასჭირდა შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილების აღსრულებას ამდენი დრო, ასევე არავის არ დაუსვამს კითხვა იმასთან დაკავშირებით ხომ არ დაირღვა კანონის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების ვადის უმიზეზოდ გაჭიანურების დაუშვებლობის ნაწილში რომელიც საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის არის განსაზღვრული, რომ დავის განმხილველი ორგანოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

აღნიშნულის შემდგომ გამოიცა შემოსავლების სამსახურის დასკვნა სადაც შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა ისე რომ კვლავინდებურად არ წარმოადგინეს არანაირი მტკიცებულება, ქონების შეფასების არანაირი ანგარიში, ასევე არ წარმოადგინეს მტკიცებულება, იმის შესახებ ჰქონდათ თუ არა მათ საერთოდ შესაბამისი მათი კომპეტენცია შესახებ ქონების შეფასების სტანდარტების ცოდნასთან მიმართებით - გამოთქვეს ექსპერტული მოსაზრება იმის შესახებ თუ, რომელი შეფასების მიდგომის გამოყენება არის სწორი ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და რომელის არა, რა თანმიმდევრობა არსებობს შეფასების მეთოდების გამოყენებასთან მიმართებაში და რომელია ქონების შეფასების მეთოდი (მიდგომა) რომლის გამოიყენება როგორც სარეზერვო მიდგომა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მეთოდების გამოყენება ვერ ხერხდება:

აღნიშნულის შემდგომ მის მიერ წარდგენილი იქნა ვრცელი საჩივარი, სადაც მის მიერ ჩამოთვლილი იქნა მთელი რიგი არგუმენტებისა თუ რატომ იქნა არასწორად დათვლილი ქონების გადასახადი შემოსავლების სამსახურის მიერ თავიდანვე და რატომ იყო დაუსაბუთებელი შემოსავლების სამსახურის გადაანგარიშების დასკვნა. საჩივარში ვრცლად იქნა მოშველიებული ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიდგომები (რასაც შემოსავლების სამსახურის აუდიტორი მეთოდებს ეძახის), სადაც ვრცლად და დეტალურად ახსენა ის არასწორი წარმოდგენები რაც შემოსავლების სამსახურის აუდიტორს გააჩნდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. აღნიშნული არგუმენტაციის ჩამოყალიბება მოახდინა ქონების ერთ-ერთი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ, სადაც დეტალურად იქნა ახსნილი რა იყო არასწორი და შეუსაბამო შემოსავლების სამსახურის დასკვნაში შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა საჩივარში ხაზგასმული იქნა რომ შემოსავლების სამსახურის დასკვნაში დაშვებული იქნა შეცდომა და შენობის საბაზრო ფასის შეფასებისას შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა დაუშვეს უხეში შეცდომა და შენობის საბაზრო ღირებულებას დაუმატეს მიწის საბაზრო ღირებულება და ასეთი გაორმაგებული და დუბლირებული თანხებიდან მოახდინეს მისი კომპანიისათვის ქონების გადასახადის დაკისრება, რაზეც შემოსავლების სამსახურის გადაწვეტილებაში შემოსავლების სამსახურმა შემდეგი სახის პასუხი გასცა:

ეს არის ერთადერთი, რაც შემოსავლების სამსახურის დავების უკანასკნელ გადაწყვეტილებაში წერია, სადაც ერთი პასუხიც არ არის მის მიერ დასმულ კითხვებზე. ამ ერთი აბზაციდან, რომელიც აი ასე ეხმიანება ვრცელ საჩივარს, სადაც ვრცელი არგუმენტებია მოყვანილი შემოსავლების სამსახურის აუდიტორების არაკომპეტენტურობიდან დაწყებული (ქონების შეფასების სტანდარტების ნაწილში), ამავე აუდიტორების მიერ დაშვებული უხეში შეცდომით გაგრძელებული (მიწის ღირებულების დამატება შენობის ღირებულებაზე) და სხვა შეუსაბამობებით დამთავარებული - აშკარად ჩანს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორების და მთლიანად შემოსავლების სამსახური, როგორც დავის განმხილველი ორგანო იჩენს არასერიოზულ და გულგრილ დამოკიდებულებას ამ სამსახურში წარდგენილი საჩივრების მიმართ და უკიდურესი არაპროფესიონალიზმის გამოვლინებით სრულიად დაუსაბუთებლად ეუბნება უარს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

შესაბამისად მოითხოვს გულისყურით გაეცნოს დავების განხილვის საბჭო მის საჩივარსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღკვეთოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული უკიდურესად არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გადასახადის გადამხდელთა მიერ წარდგენილ საჩივრებთან მიმართებაში წარმოადგენს არგუმენტაციას დარიცხულ თანხასთან მიმართებაში:

როგორც ცნობილია კომპანიის მიერ დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) დაბეგრილი იქნა შემდეგი ღირებულებით:

• 2015 წელს - 4 962 300 ლარი

• 2016 წელს - 4 821 000 ლარი;

• 2017 წელს - 4 619 400 ლარი;

ქონების საბაზრო ღირებულების საკითხი მის მიერ სხვადასხვა ეტაპზე შესწავლილი იქნა 2-ჯერ და ქონების საბაზრო ღირებულების დადგენილი მიზნით დანიშნული იქნა 2 ექსპერტიზა, რა დროსაც მის საშემფასებლო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებს.

1. ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით მიმართა უდიდესი გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო საშემფასებლო კომპანია --------ს რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ. მიწის საშუალო საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით საშუალოდ განისაზღვრა 88 აშშ დოლარად, ხოლო ამ მიწაზე განთავსებული დამხმარე შენობა-ნაგებობის ღირებულება შეფასდა 0-ად (შეფასდა ის საკადასტრო ერთეულები სადაც არ იყო არსებითი ღირებულების ნაგებობები), ანუ დადგენილი იქნა მიმდებარედ მიწის საბაზრო ღირებულება.

--------ს შეფასების მიხედვით შედეგად დადგენილი იქნა რომ, მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6 602 552 აშშ დოლარს (75 029*88), რაც ლოგიკურად მიანიშნებს იმაზე რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული შეფასებიდან გამომდინარე დანარჩენი თანხა 897 500 აშშ დოლარი (7 500 000 – 6 602 552) განეკუთვნება შენობის საბაზრო ღირებულებას. რაც თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვენის მხრიდან დაბეგრილი იქნა გაცილებით უფრო დიდი თანხები (იხ. ზემოთ) აშკარად ნიშნავს იმას რომ შემოსავლების სამსხურის აუდიტორებმა შენობის საბაზრო ღირებულების თანხას დაუმატეს მიწის საბაზრო ღირებულების თანხა და შენობა დაგვიბეგრეს ქონების გადასახადით მიწის საბაზრო ღირებულებით გაზრდილი თანხიდან. მაშინ როდესაც მიწა ჩვენს კომპანიას ცალკე საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ქონდა დაბეგრილი.

2. მეორედ ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით მოიწვია ასევე, დიდი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და დიდი პრაქტიკა აქვს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის სფეროში (ქართული საშემფასებლო კომპანია), რის მიხედვითაც შენობის ღირებულება შემფასებლის მიერ განსაზღვრულ იქნა დაახლოებით იგივე თანხად, რაც კომპანიას ჰქონდა დაბეგრილი, ხოლო მიწის საბაზრო ღირებულება რამოდენიმეჯერ აღემატებოდა შენობის საბაზრო ღირებულების თანხას:

მის მიერ მომზადებული მეორე დასკვნის მიხედვით უკვე არათუ ვარაუდისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე არამედ პირდაპირ იქნა დადასტურებული რომ მის მიერ დაბეგრილი შენობის დასაბეგრი ღირებულება სრულ შესაბამისობაში აღნიშნული შენობის საბაზრო ღირებულებასთან და შემოსავლების სამსახურის მიერ ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხვა მომხდარია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მიწის საბაზრო ღირებულება არასწორად არის დამატებული შენობის საბაზრო ღირებულებაზე, რაც აშკარად იწვევს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის არასწორად გაზრდას, ვინაიდან მიწა როგორც ქონების გადასახადით დაბეგვრის მეორე ობიექტი იბეგრება კვადრატული მეტრობით ან ჰექტრობით და მისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინება არც მიწის და არც შენობის ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას არ ხდება.

აღნიშნულის შემდგომ შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებით, აუდიტორს დაევალა, რომ შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების შემცირება. მის მიერ, ვადების დაცვით, აუდიტორისთვის მოხდა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, თუმცა აუდიტორის მიერ არ მოხდა აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება სრულიად გაუგებარი და არაპროფესიონალური არგუმენტების საფუძველზე, რომელზეც საპასუხოდ წარმოგიდგენთ შემფასებლის დეტალური ახსნა-განმარტების ციტირებას:

- მისი მხრიდან საფუძვლიანად გადაიხედა და ანალიზი გაუკეთდა აუდიტის სამსახურის პოზიციას კომპანიის მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს გაცემულ შეფასების ანგარიშთან დაკავშირდებით, რის შედეგადაც ობიექტურად, კრიტიკას ვერ უძლებს აუდიტის სამსახურის აუდიტორის მსჯელობა და გადაწყვეტილების მოტივაციის ახსნა, რის შედეგადაც სამწუხაროდ საბოლოდ სახეზე აქვს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილება. შეეცდება დეტალებზე ყურადღების გამახვილებით ვრცლად წარმოადგინოს მოსაზრება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა დავის გადაწყვეტილებაში არსებული პირდაპირი მითითების მიუხედავად შეესწავლათ აღნიშნული საკითხი და ჩვენს მიერ წარდგენილი დასკვნები, სრული იგნორირება მოახდინეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და სრულიად დაუსაბუთებელი და უსუსური არგუმენტაციით სრული იგნორირება გაუკეთეს წარდგენილ ორივე დასკვნას.

აშკარაა რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა მიწის საბაზრო ღირებულება დაუმატეს შენობის ღირებულებას და ამგვარად არასწორად დაგვარიცხეს გაზრდილი თანხიდან ქონების გადასახადი. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის დასკვნაში მსჯელობა საერთოდ არ მომხდარა.

ვინაიდან შეფასება განხორციელდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების IVS-ის შესაბამისად, აღნიშნული აუდიტორი სრულიად უსაფუძვლო შენიშვნებით ცდილობს მის მიერ წარდგენილი შეფასების ანგარიშის კრიტიკას და თავიანთი არასამართლიანი გადაწყვეტილების მოტივაციის ახსნას ზემოაღნიშნული სტანდარტების მოშველიებით, კერძოდ:

1. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს, რომ: "შეფასების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მეთოდს: გაყიდვების შედარების, შემოსავლების კაპიტალიზაციის და დანახარჯების მეთოდს“.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტები IVS-ი აღიარებს არა სამ მეთოდს (Method), არამედ სამ მიდგომას (Approach). საშემფასებლო პროფესიულ დონეზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი განსხვავებაა მეთოდს და მიდგომას შორის. შეფასების მიდგომის შემავალ ელემენტებს წარმოადგენენ შეფასების მეთოდები, რომლებიც პროფესიაში გვხდება რამდენიმე ათეული.

რაც შეეხება შეფასების მიდგომას, არსებობს სამი ძირითადი მიდგომა, ესენია: საბაზრო მიდგომა (Market Approach), შემოსავლის მიდგომა (Income Approach) და დანახარჯების მიდგომა (Cost Approach) (წყარო: IVS, სტანდარტი IVS 105, პარაგრაფი 10.1). მაგალითად ჩვენი შეფასება დაფუძნებულია დანახარჯების მიდგომაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა ჩანაცვლების დანახარჯების (ღირებულების) მეთოდის გამოყენება (შეფასების ანგარიში, გვ. 15).

შეჯამებისთვის, აუდიტორი რომელიც მსგავსი მნიშვნელობის საპასუხისმგებლო საკითხის განხილვისას შენიშვნის სახით წერს, რომ სტანდარტი აღიარებს სამ მეთოდს (ნაცვლად მიდგომისა) და ამის პარალელურად აღნიშნული სამივე მიდგომის დასახელებას ახდენს არასწორად, ვიდრე ეს დადგენილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების IVS-ის მიხედვით, საფუძვლიან ეჭვს ბადებს აუდიტორის არაკომპეტენტურობის თაობაზე.

2. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს, რომ: სტანდარტი მიუთითებს, რომ შეფასება უნდა მოხდეს მინიმუმ ორი მეთოდით.

აუდიტორის აღნიშნული მითითება არ შეესაბამება სიმართლეს. შეფასების საერთაშორისო სტანდარტი არ ავალდებულებს შემფასებელს, რომ შეფასება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ორი მეთოდით. მეტიც, სტანდარტი პირდაპირ და გარკვევით ამბოს, რომ: „შემფასებლებს აქტივის შესაფასებლად არ მოეთხოვებათ ერთზე მეტი მეთოდის გამოყენება“ (წყარო: IVS, სტანდარტი IVS 105, პარაგრაფი 10.4).

3. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს რომ: „იგივე სტანდარტი ამბობს, რომ როგორც წესი, საბაზრო ფასის დადგენისთვის არ გამოიყენება დანახარჯების მეთოდი და მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში“.

აუდიტორის აღნიშნული მითითება არ შეესაბამება სიმართლეს. შეფასების საერთაშორისო სტანდარტში არსად არ ხვდება მსგავს დებულებას. დანახარჯების მიდგომა ისევე გამოიყენება შესაფასებელი აქტივების საბაზრო ფასის დასადგენად, როგორც სხვა მიდგომები.

გარდა ამისა, აუდიტორი საკუთარ მსჯელობასთან მოდის წინააღმდეგობაში, კერძოდ, როდესაც აღნიშნავს, რომ: „მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში“. ამგვარად, წინადადების დასაწყისში ერთის მხრივ აუდიტორი აღნიშნავს, რომ შეფასების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დანახარჯების მიდგომის გამოყენებით როგორც წესი არ ხდება საბაზრო ღირებულების დასადგენად, ხოლო შემდგომ მეორეს მხრივ აღნიშნავს, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში. შეფასების საერთაშორისო სტანდარტი არსად არ ვხვდებით ისეთ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც აქტივის შესაფასებლად დანახარჯების მიდგომის არჩევა და გამოყენება დამოკიდებული იყოს შემთხვევის „უკიდურესობაზე“. აუდიტორის მხრიდან საკითხის ამგვარი ფორმულირება გაუგებარია, არაზუსტია და არ შეესაბამება სიმართლეს.

აუდიტორის აღნიშნულ ნააზრევშიც ცხადად იკვეთება პროფესიული ტერმინოლოგიის და სტანდარტის არ ცოდნა. ასევე იკვეთება არასწორი და საკუთარ ნააზრევთან წინააღმდეგობაში მოსული მსჯელობა.

4. შეფასების ნაწილში, აუდიტორი აღნიშნავს, რომ: „აღნიშნული დასკვნა შედგენილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კონკრეტული მიზნისთვის (მაგალითად: გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დადგენა ან/და სხვა), თუმცა წარმოდგენილ დასკვნას ვერ ჩავთვლით ნივთის, როგორც რეალური ღირებულების ოდენობის განმსაზღვრელს“.

სრულიად გაუგებარია აღნიშნული კომენტარის შინაარსი. მის მიერ გაცემულ შეფასების ანგარიშში „ანგარიშის მიზნობრიობის“ თავში (გვ. 8) ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ: „შეფასება განხორციელდა შესაფასებელი ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით“, რის საფუძველზეც საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შენობა-ნაგებობებისთვის განსაზღვრული საბაზრო ფასის მიხედვით წარმოეშვება საგადასახადო ბაზა.

ასევე გაუგებარია ტერმინი „ნივთი“. შეფასდა უძრავი ქონება და არა რაიმე ნივთი. ასევე შეფასების ანგარიშის ფარგლებში დადგინდა საბაზრო ფასი და არა „რეალური ღირებულება“, როგორც აუდიტორი აღნიშნავს. „რეალური ღირებულება“ ღირებულების საფუძვლად გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც შეფასება ხორციელდებოდა ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის და არა საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის.

აღნიშნულზე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან მსგავსი მნიშვნელობის საკითხის განხილვისას, განსაკუთრებით სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის მხრიდან, აუცილებელია გამოყენებულ იქნას რელევანტური ტერმინოლოგია და არ იკვეთებოდეს საკითხისადმი გულგრილი მიდგომის ან არაკომპეტენტურობის ნიშნები.

5. შეფასების ნაწილში, აუდიტორი ახსენებს, რომ: „გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიშში აღნიშნული საბაზრო ფასი შედარდა ანალოგიური შენობების საბაზრო ფასს (ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობა), შედარების შედეგად დგინდება, რომ წარმოდგენილი შეფასებით განსაზღვრული საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) მსგავსი შენობის საბაზრო ფასზე“.

სრულიად უსაფუძვლოდ ჟღერს აღნიშნული კომენტარი. აუდიტორის განცხადებაში არსად არ იკვეთება თუ, რომელი სამუშაო ჩარჩო გამოიყენა შედარების პროცესში და რა კონკრეტული სამუშაოები ჩაატარა მან, რათა მოეკვლია უძრავი ქონების ბაზარი და განესაზღვრა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების საბაზრო ფასები 2015, 2016, 2017 და 2018 წლების მდგომარეობით. ასევე უცნობია თუ რა წყაროებს ეყრდნობა მის მიერ აღნიშნულ შედარების პროცესში.

აუდიტორის ეს კომენტარი კიდევ უფრო არადამაჯერებლად და უსაფუძვლოდ ჟღერს მის მიერ გაცემული შეფასების ანგარიშის ფონზე, სადაც ანგარიშის ფარგლებში მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რომელ სტანდარტს, მიდგომას, მეთოდს და ინფორმაციის წყაროებს დაეყრდნო შემფასებელი უძრავი ქონების შეფასების პროცესში და ანგარიშის მომხმარებელთათვის ნათლად არის ნაჩვენები საბაზრო ფასების კალკულაციის პროცედურები თითოეული შეფასების ობიექტის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აუდიტორს შედარების პროცესში არ განუხორციელებია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი სამუშაოები და აღნიშნული საფუძველსმოკლებული კომენტარის გაკეთება უბრალოდ მის მიერ გაცემული შეფასების ანგარიშის კრიტიკის და უარყოფის მოტივაციის „გასამყარებლად“ დასჭირდა. შემოსავლების სამსახურის აუდიტორი არ ერიდება ექსპერტული მოსაზრებების გამოთქმას შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასების მიდგომებთან მიმართებაში, კერძოდ ქონების შეფასების რომელი მიდგომა გამოიყენება და რომელი არა, რომელია მთავარი და რომელი სარეზერვო, ისე რომ მის მიერ წარმოდგენილი ვრცელი არგუმენტაციიდან მიუხედავად (რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემფასებელთა მონაწილეობით იქნა შედგენილი) სრულიად დაუსაბუთებლად ახდენს მის მიერ წარდგენილი შეფასების დასკვნის იგნორირებას და უარს ეუბნება დარიცხული თანხების შემცირებას. ასევე სრულიად აიგნორებს აშკარა მტკიცებულებებს იმასთან მიმართებაში, რომ შენობის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისას მიწის საბაზრო ღირებულებაა დამატებული და ამ გზით გაორმაგებული და ხელოვნურად გაზრდილია შენობის საბაზრო ღირებულება. შოკისმომგვრელია ის ფაქტი რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორების ასეთი არაპროფესიონალური და გულგრილი დამოკიდებულების შემდგომ მის მიერ წარდგენილი ვრცელი საჩივრის პასუხად შემოსავლების სამსახური უკანასკნელი დავების გადაწყვეტილებაში უარს შემდეგი არგუმენტაციით ეუბნება:

თავი რომ დაანებოს შემმოწმებლის მიერ შემოწმების დასკვნაში გამოთქმულ მოსაზრებებს ქონების შეფასების სტანდარტებთან მიმართებაში შემმოწმებლების მხრიდან დაშვებულია აშკარა შეცდომა და შენობის საბაზრო ღირებულებაზე დამატებულია მიწის ღირებულება რაც გაოცებას იწვევს. კერძოდ, აუდიტორების მიერ დაბეგრილი ქონების საბაზრო ღირებულება მოიცავს მიწის საბაზრო ღირებულებასაც, მაშინ როდესაც მიწის დაბეგვრა ხდება ფართობის მიხედვით (რაც უკვე დაბეგრილია) და არა მისი საბაზრო ღირებულებით. გამომდინარე აქედან, აუდიტორების მიერ მოხდა კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის გაორმაგებულად და არასწორად დაბეგვრა, ერთხელ უკვე ფართობის მიხედვით დაბეგრილი მიწა შემმოწმებლების მიერ მეორედ დაიბეგრა და თან მიწის საბაზრო ღირებულებით (იხ. დანართი აგროკრედიტის ხელშეკრულება), რაც ყოვლად დაუშვებელია შემმოწმებლების მიერ დაშვებულ აშკარა შეცდომაზე მიანიშნებს. მის მიერ მოპოვებული იქნა აგროკრედიტის ხელშეკრულების დანართი სადაც ფიგურირებს ზემოთ ხსენებული თანხა 7 500 000 დოლარი, საიდანაც აშკარად იკვეთება რომ საუბარია კონკრეტული საკადასტრო კოდის ქონებაზე, რომელიც შედგება მიწისა და შენობა-ნაგებობისგან, რითაც აშკადა დასტურდება რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორმა შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას შენობა ნაგებობის საბაზრო ღირებულებას დაუმატეს მიწის საბაზრო ღირებულებაც, რომელიც კომპანიას ცალკე დაებეგრა, შედეგად მიიღო რეალობა რის მიხედვითაც შენობა ნაგებობის თანხის განსაზღვრისას მოხდა მიწის საბაზრო ღირებულების დამატება, რაც სრულიად დაუშვებელია და აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ აშკარა შეცდომაზე მიანიშნებს.

იხ. ამონარიდი ამ ხელშეკრულებიდან:

შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა არ მოახდინეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სრულიად დაუსაბუთებლად არ შეამცირეს დარიცხული თანხები ზემოთ აღნიშნულ ნაწილში. მისი მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებებით აშკარა იყო, რომ აქტით თანხების დარიცხვა მოხდა არასწორად თუმცა აღნიშნული მიუხედავად თანხის შემცირება არ მომხდარა.

საკმაოდ ვრცელი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად შემოსავლების სამსახურის უკანასკნელ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის საუბარი არც ზემოთ ხსენებულ ფაქტზე შენობის საბაზრო ღირებულების არასწორად განსაზღვრასთან მიმართებაში და არც ზემოთ ხსენებულ არგუმენტებზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის, როგორც შემოწმების აქტში ასევე გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულ სრულიად დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო მიდგომებზე.

შემოსავლების სამსახურის უკანასკნელ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მოცემული ის თუ რას და რის საფუძველზე ვასაჩივრებდით, რა არგუმენტები და რა მტკიცებულებებია წარდგენილი მის მიერ და რა კონტრარგუმენტების აქვს შემოსავლების სამსახურს თითოეულ არგუმენტზე, არამედ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მუხლებისა და წინა გადაწყვეტილების ტექსტების დაკოპირების შემდგომ ყოვლად უსაფუძვლოდ და უკიდურეს არაპროფესიონალური და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების ფონზე უარი ეთქვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

არც საგადასახადო შემოწმების აქტში, არც გადაანგარიშების დასკვნაში და არც შემოსავლების სამსახურის უკანასკნელ დავების გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები თუ საბოლოო ჯამში, რომელი ქონების შემფასებლის დასკვნაზე დაყრდნობით მოხდა მისი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, რა კვალიფიკაცია ჰქონდა ამ ადამიანს ვინც ეს საბაზრო ფასი დაადგინე, რა ქონების შეფასების მეთოდები და მიდგომები იქნა გამოყენებული, რომელი შესადარისი ობიექტები იქნა გამოყენებული შემფასებლის მიერ და რის საფუძველზე მოხდა ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა. ერთადერთი, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში წერია არის ის რომ, ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალი იყო მათ მიერ განსაზღვრულ ქონების ღირებულებაზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახური უკანასკნელ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს რომ აუდიტორის მიერ არ მოხდა მისი მეთოდოლოგიის გაზიარება თუმცა, რატომ არ მოხდა და რატომ არ უნდა მომხდარიყო მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ამ გადაწვეტილებაში:

გაუგებარია აქ შემოსავლების სამსახური ფაქტის კონსტატაციას ახდენს, რომ აუდიტორმა არ გაიზიარა მოსაზრება თუ თვითონაც არ იზიარებს ამ მოსაზრებას? თუ თავად შემოსავლების სამსახური არ იზიარებს მოსაზრება რატომ არ არის აღნიშნული დავების გადაწვეტილებაში თუ რატომ და რა არგუმენტაციით არ იზიარებს? თუ შემოსავლების სამსახური უბრალოდ აღნიშნავს, რომ აუდიტორი არ იზიარებს და შემოსავლების სამსახური უბრალოდ პოზიციას არ აფიქსირებს და ისე ეუბნება უარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე? რთული დასაჯერებელია, მაგრამ საბაზრო ფასის გავრცელების გამო ქონების გადასახადის დაკისრების ნაწილზე შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებაში სხვა არანაირი მინიშნება არ არის რაც დავის განხილვის უკიდურესად დაბალ ხარისხსა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

ამასთან, გადაწყვეტილებაში წერია, რომ მის მიერ წარდგენილი ქონების საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების, და სიდიდის შენობის საბაზრო ფასზე. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავდება? ვინ განსაზღვრა შემოსავლების სამსახურში, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება? შემოსავლების სამსახურმა კვალიფიციური შემფასებლის სერვისით ისარგებლა და იმან განსაზღვრა რომ მნიშვნელოვნად ნაკლებია? თუ ეს შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისა თუ ამ სამსახურის ზეპირი საორიენტაციო შეფასების საფუძველზე მოხდა? რას შეადგენდა აღნიშნული ქონების რეალური საბაზრო ღირებულება და რა ღირებულებით უნდა დაბეგრილიყო რომ შემოსავლების სამსახურს არ ჩაეთვალა რომ ქონების საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების, და სიდიდის შენობის საბაზრო ფასზე?

ფიქრობს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ეს ნაწილი ისევე, როგორც ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და მიანიშნებს ამ სამსახურში ბოლო დროს გადასახადის გადამხდელთა მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის უკიდურესად დაბალ ხარისხზე და არაპროფესიონალურ მიდგომებზე საგადასახადო აუდიტისა და საგადასახადო დავის წარმოების დროს. მიაჩნია რომ კომპანიის შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაირღვა საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამის მიუხედავად ასეთი უხეში დარღვევებით მოხდა, როგორც შემოსავლების სამსახურის პირველი დავების გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შემდგომი საჩივრის განხილვა უფრო სწორად სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების სამსახურს საჩივარი საერთოდ არ განუხილია.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით არანაირი დასკვნა არ გააჩნია (ეფუძნება გაუგებარ აგროკრედიტის ხელშეკრულებას), რომელიც დაადასტურებდა შენობის საბაზრო ღირებულებას, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულიად დაუსაბუთებლად მოხდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებითა და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით შედგენილი და მის მიერ წარდგენილი 2 დასკვნის იგნორირება და სრულიად გაუგებარი არგუმენტაციით (რომელიც თითქოსდა გამომდინარეობს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებიდან) ჯიუტად მოხდა მისი მოთხოვნის უგულვებელყოფა. შემოსავლების სამსახური კი მისივე გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დავის განხილვის პროცესში საერთოდ არც კი განიხილავს მის არგუმენტაციასა და მტკიცებულებებს და მხოლოდ სსკ-ის ზოგადი მუხლების დაკოპირების შედეგად მიღებული ტექსტის საფუძველზე ეუბნება უარის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აშკარა მტკიცებულებების მიუხედავად, რომ მიწის ღირებულება დამატებული იქნა შენობის ღირებულებაზე და გაზრდილი თანხიდან იქნა დათვლილი შენობის ქონების გადასახადი, შემოსავლების სამსახურს საერთოდ არც კი შეუსწავლია აღნიშნული გარემოება და სრულიად დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება ძალიან ცუდად აისახება შემოსავლების სამსახურის რეპუტაციაზე, რაც თუ გაითვალისწინებთ, რომ დავის გადაწყვეტილების აღსრულება 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აჩენს მნიშნველოვან კითხვებს ამ სამსახურის მიმართ (როგორც საგადასახადო აუდიტის ასევე საგადასახადო დავის ნაწილში) და აჩენს ამ სამსახურისადმი სრულ უნდობლობას.

მოითხოვს გამომდინარე, ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან და გამომდინარე იქედან, რომ შემმოწმებლის მიერ გადამხდელისათვის ქონების გადასახადის გაანგარიშება და დარიცხვა მოხდა კანონის უხეში დარღვევით, მოითხოვს, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული ქონების გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება და რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს ქონების შეფასების დოკუმენტისა და შემფასებლის დასაბუთებული არგუმენტაციის გათვალისწინება და შესაბამისად შემცირდეს აქტით დარიცხული ქონების გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირება.

საკითხი 2. დანაკარგის დანაკლისად მიჩნევა და გადასახადების დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად

საწარმოს 1.01.2017-30.06.2016 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩამოწერილი აქვს საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც შემოწმებამ განიხილა როგორც დანაკლისი და დაბეგრა მოგების გადასახადით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით. საქმე ეხება ცქრიალა ღვინის წარმოების მასალების ჩამოწერას წარმოების სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით გამოვლენილ ნაკლებობას, ეს გახლავთ წარმოების პროცესის თანმდევი/ტექნოლოგიური დანაკარგი. „ღვინისა და ვაზის შესახებ კანონის“ 336-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანო, ვისაც ამავე კანონით დაევალა ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. ის ფაქტი, რომ უფლებამოსილმა ორგანომ დღემდე ვერ მოახერხა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, დაედგინა დანაკარგის ნორმა, არ უნდა იწვევდეს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთის ამძიმებს, შემსუბუქების ნაცლად. ამასთან, საწარმოს მიერ დანაკარგის სახით ჩამოწერილი პროდუქცია შეადგენს წარმოებული პროდუქციის მთლიანი რაოდენობის 0,42%, რაც გაცილებით ნაკლებია მეზობელ ქვეყნებში მოქმედი ღვინო მასალების წარმოების პროცესში დადგენილი სტანდარტისა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებმა შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და შედეგად შეამცირეს დარიცხული მოგების გადასახადი და სანქციის თანხები. თუმცა, როგორც აქტში კითხულობს, ჩამოწერილი სმფ-ები გადამხდელის მიერ შეცდომით არის დაბეგრილი დღგ-ის გადასახადით, შემმოწმებლების მიერ გადაანგარიშების შედეგად კი მოხდა მხოლოდ მოგების გადასახადის შემცირება, ხოლო დღგ-ის შემცირება არ მომხდარა.

შესაბამისად, მოითხოვს, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

საკითხი 3. დამხმარე ხასიათის მასალების ჩამოწერის ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად

საწარმოს 2015 საანგარიშო წლის განმავლობაში ჩამოწერილი აქვს საკუთრებაში არსებული 44 095 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე. აღნიშნული ჩამოწერა შემოწმებამ განიხილა როგორც დანაკლისი და დაბეგრა მოგებისა და დღგის გადასახადებით. თუმცა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტაციის საფუძველზე, იმის შესახებ, რომ არ მომხდარა ვადაგასული სმფ-ების ჩამოწერა, არამედ ჩამოიწერა დამოუკიდებელი სამომხმარებლო ხასიათის არმქონე და არა სარეალიზაციო, უვარგისი დამხმარე ხასიათის მასალების ჩამოწერა, გადაანგარიშების აქტში შემმოწმებლების მიერ გაუქმდა აღნიშნულ ჩამოწერაზე დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და სანქციის თანხები. თუმცა იგივე საკითხზე დარიცხული მოგების გადასახადისა და სანქციის თანხები არ არის შესაბამისად კორექტირებული/შემცირებული.

შესაბამისად, მოითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებს დაევალოს საკითხის სიღრმისეული შესწავლა და მოცემულ საკითხზე დარიცხული მოგების გადასახადის გარდა, დღგ-ისა და სანქციის თანხების შემცირებაც.

საკითხი 4. წარმომადგენლობითი ხარჯის სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, სანქციის თანხებთან ერთად

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს სხვადასხვა სარესტორნო, სასტუმრო მომსახურების, აეროპორტში დახვედრის, სატრანსპორტო, სუვენირების შეძენისა და სხვა ხარჯები, რაც საწარმოსთვის წარმოადგენს წარმომადგენლობით ხარჯს, ხოლო შემმოწმებლის მიერ მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირის სარგებლად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;

დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;

დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;

დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.

არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას, იმის შესახებ, რომ კომპანიის მიერ გაწეული აღნიშნული ხარჯი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრულ წარმომადგენლობითი ხარჯის განმარტებას. ვინაიდან, მის მიერ წარმომადგენლობით ხარჯებში ასახული თითოეული სამეურნეო ოპერაცია აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის ქვეპუნქტების შესაბამის მოთხოვნებს. მის მიერ წარმომადგენლობითს ხარჯებში ასახული თითოეული ოპერაცია დადასტურებულია დოკუმენტურად - არსებობს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი, გადახდის ქვითარი და წარმომადგენლობითი ხარჯის ბრძანება, რომელიც არ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული აუდიტორის მიერ. ისეთი შემთხვევები, რომელიც არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული, საწარმოს მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება და არ ბეგრავდა მხოლოდ ისეთ ხარჯებს, რომელიც გამყარებული იყო დოკუმენტით და აკმაყოფილებდა წარმომადგენლობითი ხარჯის განმარტებას.

აქვე აღნიშნავს, რომ აუდიტორს არ გაუთვალისწინებია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რომლის შედეგად დასაბეგრი თანხა უნდა შემცირებულიყო წლების მიხედვით:

2015 წელი - 17 194 ლარი;

2016 წელი - 5 156 ლარი;

2017 წელი - 15 590 ლარი;

2018 წელი - 5 831 ლარი;

შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა არ მოახდინეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად შესწავლა და სრულიად დაუსაბუთებლად არ შეამცირეს დარიცხული თანხები შესაბამისი მოცულობით. მისი მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებებით აშკარა იყო, რომ აქტით თანხების დარიცხვა მოხდა არასწორად თუმცა აღნიშნულის მიუხედავად თანხის შემცირება მოხდა მხოლო მცირე ნაწილზე და წარდგენილი დოკუმენტების სრულად გათვალისწინება არ მოხდა, მისთვის დაუდგენელი გარემოებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მოითხოვს, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხის ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება და რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად იქნეს გათვალისწინებული და შესაბამისად შემცირდეს აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირება.

საკითხი 5. ჯარიმები

გამომდინარე იქიდან რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. არ მოხდა ჯარიმის შემსუბუქების გამო ჯარიმის საკითხის სრულფასოვანი შესწავლა, რის გამოც არ იქნა შემცირებული ჯარიმის ოდენობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტური პირისგან გამოთხოვილი მტკიცებულება/ინფორმაცია, მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულების/ინფორმაციის შესწავლა/გაანალიზება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო დანაკარგის დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან მიზნობრივად დაუკავშირებელი ხარჯის სარგებლად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის დასკვნის მიხედვით:

1. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ცქრიალა ღვინის წარმოება. წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები გადამხდელს ჩამოწერილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამაში, რაც შემოწმების შედეგად 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის ივლისამდე საანგარიშო პერიოდზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებით განისაზღვრა მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები. გადამხდელის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოწერილი დანაკარგების ოდენობა შესაბამისობაშია აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობასთან. შედეგად, 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით, დაექვემდებარა შემცირებას;

2. კომპანიის მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;

3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება გაწეული ხარჯების კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულის შედეგად, შემცირდა გადახდის წყაროსთან დაბეგრილი სარგებლის თანხა 38 595 ლარით;

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია შპს „-------ს“ მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში (ვინაიდან გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული კონკრეტულად სსიპ -------ს მიერ უნდა მომხდარიყო თუ არა შეფასება), გადამხდელმა ხელშეკრულება გააფორმა კერძო, შემფასებელთან, ქ. --------ში, -------ს გამზ. №----ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ. შეფასების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მეთოდს: გაყიდვების შედარების, შემოსავლების კაპიტალიზაციისა და დანახარჯების მეთოდებს. გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას. შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის შედეგად, ხოლო დანახარჯების მეთოდით უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება მიწის შეძენისა და ანალოგიური სარგებლიანობის შენობის აშენების დანახარჯის შეფასებით.

სტანდარტი მიუთითებს, რომ შეფასება უნდა მოხდეს მინიმუმ ორი მეთოდით. ამასთან, იგივე სტანდარტის მიხედვით, როგორც წესი, საბაზრო ფასის დადგენისთვის არ გამოიყენება დანახარჯების მეთოდი და მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სხვა მეთოდების გამოყენება. წარდგენილ დასკვნაში არაფერია ნათქვამი სხვა მეთოდებზე, შესაბამისად, დასკვნა შედგენილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას კონკრეტული მიზნისთვის (მაგალითად, გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დადგენა ან/და სხვ.), თუმცა წარდგენილი დასკვნა ვერ ჩაითვლება ნივთის რეალური ღირებულების ოდენობის განმსაზღვრელად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გადამხდელის წარმოდგენილ შეფასების ანგარიშში აღნიშნული საბაზრო ფასი შედარდა ანალოგიური შენობების საბაზრო ფასს (ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობას). შედარებით დადგინდა, რომ წარდგენილი შეფასებით განსაზღვრული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) მსგავსი შენობების საბაზრო ფასზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.

5. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის თანხა კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად დაექვემდებარა შემცირებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 828 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 611 ლარით და ჯარიმა 36 217 ლარით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა შემდეგი:

1. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებმა შეისწავლეს დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საკითხი და შედეგად შეამცირეს დარიცხული მოგების გადასახადი და სანქციის თანხები. თუმცა, ჩამოწერილი სმფ-ები საწარმოს მიერ შეცდომით არის დაბეგრილი დღგ-ით, შემმოწმებლების მიერ გადაანგარიშების შედეგად მოხდა მხოლოდ მოგების გადასახადის შემცირება, ხოლო დღგ-ის შემცირება არ მომხდარა. მოითხოვა, ამ საკითხის მისი მონაწილეობით ხელახლა შესწავლა და დღგ-ის შემცირება.

2. დამხმარე ხასიათის მასალების ჩამოწერის ოპერაციაზე დარიცხულ თანხებზე გადაანგარიშებისას, შემცირდა აღნიშნულ ჩამოწერაზე დარიცხული მოგების გადასახადი თუმცა, ამავე ოპერაციაზე დარიცხული დღგ არ შემცირებულა. მოითხოვა, საკითხის მისი ჩართულობით ხელახლა შესწავლა და მოცემულ საკითხზე დარიცხული მოგების გადასახადის გარდა, დღგ-ის შემცირებაც.

3. წარმომადგენლობითი ხარჯის სარგებლად განხილვასთან დაკავშირებით, წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად გადაანგარიშებისას შემცირება მოხდა მხოლოდ მცირე ნაწილზე და წარდგენილი დოკუმენტების სრულად გათვალისწინება არ მომხდარა. შესაბამისად, მოითხოვა საკითხის მისი მონაწილეობით ხელახლა შესწავლა და წარდგენილი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად გათვალისწინება.

4. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით საბაზრო ფასად გამოყენებულ იქნა სს „-------ს“ მიერ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის უზრუნველყოფისათვის შეფასებული მისი ქონება, რომელიც არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა, ამასთან, მიწა, რომელიც დაბეგრილი ჰქონდა ქონების გადასახადით ფართობის შესაბამისად, შემმოწმებლების მიერ დაბეგრილი იქნა ხელმეორედ მიწის საბაზრო ღირებულების ქონების საბაზრო ღირებულებაზე დამატების გზით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას მიწის კომპონენტის გამიჯვნა (გამოყოფა) არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის (შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით) 2 ექსპერტიზის დასკვნა. შემმოწმებლების მიერ არ მოხდა აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინება სრულიად გაუგებარი და არაპროფესიონალური არგუმენტების საფუძველზე იგნორირება გაუკეთეს ორივე დასკვნას.

ამრიგად, მომჩივანი სადავოდ ხდის 27.03.2023 წლის დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებებს, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, დამატებით საფუძვლიანად შესწავლა არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების, დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების ყოველგვარი შესწავლის/გაანალიზების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ზემოთ დასახელებული სადავო საკითხები 2 ეპიზოდში (1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით. 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება), შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, ხსენებული 2 ეპიზოდის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

მომჩივნის მიერ ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ ზემოხსენებულ დანარჩენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების და მომჩივნის მხრიდან გამაბათილებელი შესაბამისი არგუმენტების და მტკიცებულებების არ ქონის გამო, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ სადავო საკითხებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21732 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხების 2 ეპიზოდში (1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით. 2. სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება) მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილი აქვს საკუთრებაში არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, რომელთა ღირებულება დაბეგრილი აქვს დღგ-ით და არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. შემოწმებით შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

2. საწარმოს 1.01.2015 - 1.03.2015 წლების საანგარიშო პერიოდში ჩამოწერილი აქვს 44 095 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. საზოგადოებას სმფ-ების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინება არ გაუგზავნია. კომპანიის მიერ ჩამოწერილი სმფ-ების ღირებულება შემოწმების მიერ ჩაითვალ მიწოდებად და გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

3. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს სხვადასხვა სარესტორნო, სასტუმროს მომსახურებისა და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯი. შემოწმების პროცესში იმ ხარჯებზე რომლებზეც ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები რაც დაადასტურებდა რომ აღნიშნული ხარჯები დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკვალიფიცირდა სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 2015 წელს 8 160 700 ლარს, 2016 წელს 7 477 700 ლარს, 2017 წელს 6 822 800 ლარს. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.08.2019 წლის №27579 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 832 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 615 ლარით და ჯარიმა 36 217 ლარით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21732 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ზემოთ დასახელებული სადავო საკითხები 2 ეპიზოდში (1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით. 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება), შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული. საჩივარი, ხსენებული 2 ეპიზოდის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"ბ").