გადაწყვეტილება №21912/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21912/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „------“ 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21912/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31454 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 492 450,29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 221 513
მოგების გადასახადი - (- 65 210)
საშემოსავლო გადასახადი - 286 723
ჯარიმა - 143 269
საურავი - 127 668,29
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებლებზე) გაცემული სესხის უკან დაბრუნების საფუძველზე, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის ოდენობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, 22.11.2018 წელს ურთიერთდამოკიდებული კომპანიის სს N1 (ს/ნ „------“ ) 100%-იან წილს ნასყიდობისას რაიმე ღირებულება არ გააჩნდა. 2014 წლიდან 22.11.2018 წლის ჩათვლით (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტი) საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია. სს N1-ის 2014 წელს წარდგენილი აქვს ნულოვანი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, ხოლო ამის შემდეგ 2019 წლამდე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია არ წარუდგენია. 31.03.2014 წელს წარმოდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში საწარმოს ძირითად საშუალებად ერიცხებოდა ავეჯი ოფისისათვის, რომლის წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2 490 ლარს. 31.03.2019 წელს წარმოდგენილი ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციის მიხედვით, საზოგადოებას ძირითადი საშუალებები არ გააჩნდა. აღნიშნულ პერიოდში არ არის წარმოდგენილი არც მოგების გადასახადის დეკლარაციები და არც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებია დეკლარირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31454 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების პროცესში საქმის ირგვლივ დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მასალების/მტკიცებულებების წარდგენა. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, 22.11.2018 წელს ურთიერთდამოკიდებული საწარმოს სს N1-ის (ს/ნ "--------" ) 100 %- იან წილს ნასყიდობისას რაიმე ღირებულება არ გააჩნდა. 2014 წლიდან 22.11.2018 წლის ჩათვლით საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია, ამასთან, 2014 წელს წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო მას შემდეგ 2019 წლამდე აღნიშნული დეკლარაცია არ წარუდგენია. 31.03.2014 წელს წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში საწარმოს ძირითად საშუალებად ერიცხებოდა ავეჯი ოფისისათვის, რომლის წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2 490 ლარს. 31.03.2019 წელს წარდგენილი ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციის მიხედვით საზოგადოებას ძირითადი საშუალებები არ გააჩნდა. აღნიშნულ პერიოდში არ არის წარდგენილი არც მოგების გადასახადის დეკლარაციები და არც დღგ-ით
დასაბეგრი ბრუნვებია დეკლარირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიამ 22.11.2018 წელს ნამდვილად შეისყიდა სს N1-ის (ს/ნ "------") 100%-იანი წილი (200 000 ჩვეულებრივი აქცია). ეს წილი რეგისტრირებული იქნა კომპანიის სახელზე სამეწარმეო რეესტრში. ასევე, წილი შეფასებული იქნა შპს "------"-ის (ეს კომპანია არის აუდიტური ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული, www.saras.gov.ge) მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით, სს N1-ის საბაზრო ღირებულება შესყიდვის მომენტში იყო 113 611 ლარი. სწორედ აღნიშნული თანხის გადახდის შედეგად, რომელსაც საფუძვლად დაედო 22.11.2018 წლის ხელშეკრულება, სს "------"-მა შეიძინა სს N1--ის 100%-იანი წილი და ზემოაღნიშნული თანხით შემცირდა ანგარიშვალდებული პირის დავალიანება კომპანიის წინაშე.
გარდა ამისა, 2019 წელს შვილობილ და დედა კომპანიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის შემდგომაც სს N1-ის მიერ მოხდა სავაჭრო პლატფორმის „-------“-ის შეძენა, ვინაიდან კომპანიის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/შემუშავება, კომპანიის მიზანი გახდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შემუშავება „------“-ისთვის და უკვე სრულყოფილი სავაჭრო პლატფორმის შეთავაზება ქართული ბაზრისთვის. შესაბამისად, 2019 წელს კომპანიას უკვე ჰყავდა დასაქმებული თანამშრომლები, რაც ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე გაგზავნილი დეკლარაციებით (როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის დეკლარაციებით) აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია რა მიიჩნია აქ საგადასახადო ორგანომ კანონდარღვევად და რატომ წერს აქტში, რომ „გაურკვეველია ურთიერთდამოკიდებული კომპანიის რეალური ღირებულების დადგენაო“, როდესაც შეფასებაც არსებობს და წილიც რეგისტრირებულია კომპანიის სახელზე ასევე, გაუგებარია შესამოწმებელ პერიოდში მფლობელი კომპანიიდან შვილობილ კომპანიაში გადარიცხული თანხების (სესხის ხელშეკრულება) მიზნობრიობა/დანიშნულება რატომ გადააკვალიფიცირა შემმოწმებელმა დირექტორზე გაცემულ ხელფასად? აშკარაა, რომ ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემმოწმებელს კომპანიისგან არ გამოუთხოვია ისეთი სახის დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, ინვოისი, ამონაწერი და ა.შ), რითაც დადასტურდებოდა შვილობილი კომპანიის მიერ სავაჭრო პლატფორმის „------“-ის შეძენა.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის მე-2 პუნქტის მიხედვით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა საფუძველსა მოკლებულია და სრულად უნდა მოიხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანებით, დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, 22.11.2018 წელს ურთიერთდამოკიდებული კომპანიის სს N1-ის (ს/ნ "------") 100 %-იან წილს ნასყიდობისას რაიმე ღირებულება არ გააჩნდა. 2014 წლიდან 22.11.2018 წლის ჩათვლით (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტი) საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია. სს N1-ის 2014 წელს წარდგენილი აქვს ნულოვანი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, ხოლო ამის შემდეგ 2019 წლამდე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია არ წარუდგენია. 31.03.2014 წელს წარმოდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში საწარმოს ძირითად საშუალებად ერიცხებოდა ავეჯი ოფისისათვის, რომლის წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2 490 ლარს. 31.03.2019 წელს წარმოდგენილი ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციის მიხედვით, საზოგადოებას ძირითადი საშუალებები არ გააჩნდა. აღნიშნულ პერიოდში არ არის წარმოდგენილი არც მოგების გადასახადის დეკლარაციები და არც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებია დეკლარირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა, შვილობილი კომპანიის 100 %-იანი წილი მომჩივანმა შეიძინა "------"-სგან , რომელიც წარმოადგენს მომჩივანის დამფუძნებელსაც. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან. საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ მომჩივანის დამფუძნებელი ფიზიკური პირი რჩება
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად და შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების შესაბამისად საკითხის შესწავლისას არ გამოვლენილა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ დარიცხული გადასახადი და ჯარიმა საფუძველსა მოკლებულია და სრულად უნდა მოიხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მხრიდან რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, 22.11.2018 წელს ურთიერთდამოკიდებული კომპანიის 100%-იან წილს ნასყიდობისას რაიმე ღირებულება არ გააჩნდა. 2014 წლიდან 22.11.2018 წლის ჩათვლით საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია. სს-ს წარდგენილი აქვს ნულოვანი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, ხოლო ამის შემდეგ 2019 წლამდე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია არ წარუდგენია. 31.03.2014 წელს წარმოდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში საწარმოს ძირითად საშუალებად ერიცხებოდა ავეჯი ოფისისათვის, რომლის წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2 490 ლარს. 31.03.2019 წელს წარმოდგენილი ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციის მიხედვით, საზოგადოებას ძირითადი საშუალებები არ გააჩნდა. აღნიშნულ პერიოდში არ არის წარმოდგენილი არც მოგების გადასახადის დეკლარაციები და არც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებია დეკლარირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად და შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების შესაბამისად საკითხის შესწავლისას არ გამოვლენილა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154.