ბრძანება N 5830
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5830
19 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------”-ის (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 25 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს ,,-------”-ის (ს/ნ ------) №87979/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის ID: ------- შესაგებელთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. აცხადებს, რომ პირის სახელზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან 2 205 ლარი ბიუჯეტში ზედმეტად არის გადახდილი, საბანკო დაწესებულების მიერ საგადახდო დავალების არასრულად შევსების გამო, კერძოდ, არ იქნა მითითებული საბაჟო დეკლარაციის სავალდებულოდ მისათითებელი ნომერი (N -------) და იძულებული გახდა მეორედ გადაეხადა აღნიშნული თანხა. ასევე, 1466 ლარის დარიცხვა მოხდა საბაჟო ორგანოს შეცდომის გამო, აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა გადამხდელის მიერ, მაგრამ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შემდეგ თანხა აღმოჩნდა ზედმეტობაში. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლის პროცესში დადგენილ იქნა ხარვეზი (ID:-------). პირის განცხადებით, წერილით განსაზღვრულ ვადაში სრულად იქნა წარდგენილი გამოთხოვილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა უარის თქმის შესახებ შესაგებელი, განსაზღვრული ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის გამო. მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლის პროცესში შეუძლებელი იყო შემსრულებელთან კომუნიკაცია, რაც წარსადგენი დოკუმენტაციის სწორად განსაზღვრაში დაეხმარებოდა. ითხოვს შესაგებელის გაუქმებას და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს ,,-------”-ის (ს/ნ ------) მიერ 2024 წლის 15 იანვრის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. შპს ,,-------” (ს/ნ ------) განმარტავს, რომ ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის საქონლის იმპორტისას იმპორტის დღგ-ის, თანხით 2205 ლარის, შეცდომით ორჯერ გადახდა, ასევე შეცდომით გადახდილი იმპორტის გადასახადი თანხით- 1466 ლარი, სულ 3671 ლარი.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად, 2024 წლის 24 იანვარს, განისაზღვრა ხარვეზი (ID: ------), კერძოდ: წარმოსადგენია დეტალური ახსნა-განმარტება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობის სახის, ანგარიშსწორების ფორმის და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილების მფლობელობის სამართლებრივი ფორმის შესახებ (საკუთრება, იჯარა ქირა და სხვა). ამასთან, წარმოსადგენია შესაბამისი შემთხვევისთვის, სათანადო ფორმით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
-წარმოსადგენია მიმდინარე პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
-წარმოსადგენია ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი.
-წარმოსადგენია თქვენს სახელზე საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობები (2021-2024 წლებში მიმდინარე, გახსნილ და დახურულ ანგარიშებთან დაკავშირებით) და ასევე ამონაწერები ყველა საბანკო ანგარიშებიდან ამავე პერიოდზე (excel და PDF ფაილები).
- წარმოსადგენია ინფორმაცია დაქირავებით მომუშავე პირებისა და გაცემული/გასაცემი ხელფასების შესახებ.
-წარმოსადგენია შეძენილ და რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი/მიღებული დოკუმენტაცია, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირების მიერ (მათ შორის თვითღირებულებაზე ნაკლებად ფასად რეალიზებულ საქონელზე).
დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ პირმა 2024 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა კორექტირებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვდა (ID:------), ხარვეზის წერილით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, 2024 წლის პირველ თებერვალს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი (ID: -------) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, სრულად არ იქნა გამოსწორებული ID------- განცხადებით განსაზღვრული ხარვეზი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული ID------- განცხადებით განსაზღვრული ხარვეზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-------”-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის 2024 წლის 15 იანვრის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. მომჩივანი განმარტავს, რომ ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის საქონლის იმპორტისას იმპორტის დღგ-ის, თანხით 2205 ლარის, შეცდომით ორჯერ გადახდა, ასევე შეცდომით გადახდილი იმპორტის გადასახადი თანხით- 1466 ლარი, სულ 3671 ლარი. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 24 იანვარს განისაზღვრა ხარვეზი. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ პირმა 2024 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა კორექტირებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვდა ხარვეზის წერილით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, 2024 წლის პირველ თებერვალს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი. გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, სრულად არ იქნა გამოსწორებული განცხადებით განსაზღვრული ხარვეზი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N916 ბრძანება.