ბრძაენბა N 32156-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 28.10.2020
№ დოკუმენტი 32156-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32156

28/10/2020

ფ/პ -------------------

(მის: ქ. --------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 09 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა ფ/პ ---- ს 2020 წლის 30 სექტემბრის №53748/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 03 სექტემბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი მიუთითებს, რომ ბინას ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით, შესამოწმებელ პერიოდში არ იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების გაუქმებას.

საქმის ზეპირი განხილვსას გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ მან მოიჯარეს მიაქირავა საცხოვრებელი ბინა, რომელიც მოიჯარემ აქცია კომერციულ ფართად. მომჩივანი განმარტავს, რომ 2018 წელს გამიჯნა მის საკუთრებაში არსებული ფართი (საცხოვრებელი ბინა) და გაყიდა ბინის ნაწილი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულება და მყიდველის ახსნა-განმარტება, მყიდველის განმარტებით, მან ----- გან შეიძინა საცხოვრებელი ბინის ნაწილი და აღნიშნული ფართი წარმოადგენდა ქ.-ნი ----- ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის განაყოფს. გარდა ამისა, წარმოდგენილია მეზობლის ახსნა განმარტება და სს „თელასის“ ამონაწერი, რომლის მიხედვით გადამხდელი რეგისტრირებულია აბონენტად და იხდიდა სააბონენტო გადასახადს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 აგვისტოს №29472 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 26 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 02 სექტემბრის №26124 ბრძანება და 03 სექტემბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 51 825 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 613 ლარი, ჯარიმა 11 417 ლარი, საურავი 10 795 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გადამხდელმა 2018 წელს განახორციელა მის მფლობელობაში არსებული ფართის რეალიზაცია, რაც დადასტურებულია გაფორმებული ხელშეკრულებით და აღნიშნულის საფუძველზე არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე და მე-100 მუხლების თანახმად, ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით (რომელიც შემცირდა ფართის შეძენის ღირებულებით) და გაანგარიშდა ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:

ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფ/პ ---- აქტივს ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით.

ასევე დადგენილია, რომ აქტივი მისი რეალიზაციის მომენტამდე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელ ბინად და ამავე დანიშნულებით იყო გაქირავებული, რაც დადასტურებულია შესაბამისი ხელშეკრულებითაც. ამასთანავე, რეალიზებული აქტივი წამოადგენდა საცხოვრებელი ბინის განაყოფს და ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის (ბინის) გაყოფა განხორციელდა მისი ნაწილის რალიზაციის მიზნით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ აქტივი მისი რეალიზაციის მომენტში აღარ იყო რეგისტრირებული როგორც საცხოვრებელი ბინა, განსახილველ შემთხვევაში არ აკარგვინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გაათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ ---- ს 2020 წლის 30 სექტემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3.აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.№16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი მიუთითებს, რომ ბინას ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით, შესამოწმებელ პერიოდში არ იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელმა 2018 წელს განახორციელა მის მფლობელობაში არსებული ფართის რეალიზაცია, ფ/პ აქტივს ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით. ასევე დადგენილია, რომ აქტივი მისი რეალიზაციის მომენტამდე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელ ბინად და ამავე დანიშნულებით იყო გაქირავებული, ამასთანავე, რეალიზებული აქტივი წამოადგენდა საცხოვრებელი ბინის განაყოფს და ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის (ბინის) გაყოფა განხორციელდა მისი ნაწილის რალიზაციის მიზნით. სსკ-ს 102-ე და მე-100 მუხლების თანახმად, ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით (რომელიც შემცირდა ფართის შეძენის ღირებულებით) და გაანგარიშდა ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნევს, რომ აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1,,ვ“); 82(4); 100; 102(1,,ბ“).