გადაწყვეტილება №27201/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.06.2026
№ დოკუმენტი 27201/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27201/2/2026

22 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 21.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27201/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის №063-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7805 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 126 687.26 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 604 061.00

ჯარიმა - 302 030.00

საურავი -220 596.26

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა ცოცხალი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვით, საქართველოში ყიდულობს აღნიშნულ საქონელს და ახორციელებს მის ექსპორტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებულია 11 240 598 ლარი. ამასთან, გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საქონლის კვების, საიჯარო ქირის, კარანტინის, ლაბორატორიული და სხვა). კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული აქვს 12 270 ლარის დივიდენდი, ხოლო ხელფასის სახით გაცემული აქვს 58 457 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 9 185 ლარი და ბიუჯეტიდან დაბრუნებულია 13 407 ლარი. კომპანიის მიერ, ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ექსპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებულია 28 871 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში, საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა გონივრული ნაშთი. თანხა, რომელიც აღემატებოდა ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №20424 ბრძანება და №063-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე დართული), ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 6.12.2024 წლის №24335/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №24010 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 27 643 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №063-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7805 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რომელთა ავთენტურობა/სიყალბე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დადგენილა/დადგინდება, გაითვალისწინოს ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7805 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ კომპანიას შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან აქვს შეძენილი საქონელი და წარდგენილია საქონლის შეძენის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი. მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავალება ზოგადი ხასიათის იყო, აუდიტის დეპარტამენტმა არასათანადოდ გამოიკვლია სადავო საკითხთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას და გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, აცხადებს, რომ საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავოა და უტყუარია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით, დადგინდეს ზოგადი ფასნამატი მთლიანად სადავო ნაწილზე და განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რომელთა ავთენტურობა/სიყალბე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დადგენილა/დადგინდება, გაითვალისწინოს ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკითხი №1. საშემოსავლო გადასახადი

სადავო საკითხებთან მიმართებით შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტორის შეფასებასა და დარიცხვის საფუძვლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა ცოცხალი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვით (ცხვარი და მოზვერი), საქართველოში იძენს აღნიშნულ საქონელს და ახორციელებს მის ექსპორტს.

კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივად, შესყიდვის აქტებით, ფიზიკური პირებისგან. საქონლის ადგილობრივად შესყიდვების დასტურად, შემოწმებას დამატებით წარედგინა ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი.

შემოსავლების სამსახურის დავალება კვლავ ბუნდოვანია, რადგან გაუგებარია ის გულისხმობს მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნაწილში გადაანგარიშებას, თუ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ზოგადად ფასნამატის დადგენას და დარიცხვის შემცირებას.

გამომდინარე იქედან, რომ დავალება კვლავ ზოგადი ხასიათისაა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ფარგლებში განახორციელოს გადაანგარიშება, რაც არსებით შედეგს ვერ მოიტანს გადასახადის გადამხდელისათვის.

მიაჩნია, რომ ვინაიდან საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავო და უტყუარია, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს წარდგენილ დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით (უკიდურეს შემთხვევაში კი, სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), დადგინდეს ზოგადი ფასნამატი მთლიანად სადავო ნაწილზე და განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მითუმეტეს, რომ ანალოგიური სახის დავასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აქვს მიღებული გადაწყვეტილება 2023 წლის 7 მარტის №4384 და 2024 წლის 6 თებერვლის №2065 ბრძანებებით, (გამოქვეყნებულია პორტალზე https://infohub.rs.ge/ka ). სადაც აუდიტის დეპარტამენტს კონკრეტულად დაევალა „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება)“.

 

საკითხი №2. საშემოსავლო გადასახადი (სალაროს ნაშთი)

სადავო საკითხთან მიმართებით შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტორის შეფასებასა და დარიცხვის საფუძვლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ შემოწმების მხრიდან

შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენება არასამართლიანია და წინააღმდეგობაშია საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (რომლითაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს-1210(2კ-21)).

კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ცალკეული ოპერაციების საპირწონედ ვერ გამოდგება საგადასახადო ორგანოს შეფასება/მოსაზრება მათ კანონიერების განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუკი იგი არ იქნება დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც მაღალი ალბათობით დაადასტურებს განხორციელებული ოპერაციებით სხვა სახის ოპერაციების დაფარვას. ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ასეთი სახის ოპერაცია განეკუთვნება ყოველი კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, რომლის განხორცილების საშუალებას კანონმდებლობა ანიჭებს ეკონომიკური ოპერაციის განმახორციელებელ პირს. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების - სალაროში ფულადი ნაშთის არსებობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მმართველობა დაუქვემდებაროს კანონსა და სამართალს, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებს ავალდებულებს, განახორციელონ სამართლებრივი ოპერაციები კანონით დადგენილი წესით და მათ შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს გადასახადის გადამხდელთა მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება კანონის მოთხოვნებს, შესუსტდება ნდობა კანონით დადგენილი რეგულაციების მიმართ და დამოკიდებული გახდება საგადასახადო ორგანოს შეფასებაზე.

მიაჩნია რომ აუდიტის დეპარტამენტს მიერ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები (მ.შ. ჯარიმა/საურავები), ვინაიდან სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სამეურნეო საჭიროებისათვის (მ.შ. ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში) სალაროში ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად და შესაბამისად უნდა მოხდეს დარიცხული თანხების გაუქმება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ, შემდგომი შესწავლის მიზნით, გადაგზავნილ იქნა საგამოძიებო ორგანოში, რომელთა მიერ დადგინდა დოკუმენტების ნაწილის ავთენტურობა. შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანალიზში, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ, დირექტორის სარგებლად განხილული თანხის გაანგარიშებაში დამატებით იქნა გათვალისწინებული წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების ის ნაწილი, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. ხოლო იმ ნაწილში, სადაც ნამდვილობა ვერ დადასტურდა, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

აღნიშნულს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც გადასახადის გადამხდელის პოზიციის გათვალისწინებით (რომელიც ამჟამად წარმოდგენილის ანალოგიურია), საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის სადავო 3.04.2026 წლის №7805 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რომელთა ავთენტურობა/სიყალბე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დადგენილა/დადგინდება, გაითვალისწინოს ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი ხსენებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, აღნიშნავს, რომ კომპანიას შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან აქვს შეძენილი საქონელი და წარდგენილია საქონლის შეძენის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი, მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავალება ზოგადი ხასიათის იყო, აუდიტის დეპარტამენტმა არასათანადოდ გამოიკვლია სადავო საკითხთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას და სადავო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ დავალება კვლავ ბუნდოვანია, რადგან გაუგებარია ის გულისხმობს მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნაწილში გადაანგარიშებას, თუ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ზოგადად ფასნამატის დადგენას და დარიცხვის შემცირებას. გამომდინარე იქედან, რომ დავალება კვლავ ზოგადი ხასიათისაა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ფარგლებში განახორციელოს გადაანგარიშება, რაც არსებით შედეგს ვერ მოიტანს გადასახადის გადამხდელისათვის. მიაჩნია, რომ ვინაიდან საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავო და უტყუარია, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს წარდგენილ დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით (უკიდურეს შემთხვევაში კი, სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), დადგინდეს ზოგადი ფასნამატი მთლიანად სადავო ნაწილზე და განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მითუმეტეს, რომ ანალოგიური სახის დავასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აქვს მიღებული გადაწყვეტილება სადაც აუდიტის დეპარტამენტს კონკრეტულად დაევალა „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება)“. ხოლო, სალაროს ნაშთთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემოწმების მხრიდან შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენება არასამართლიანია და წინააღმდეგობაშია საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან, სალაროში ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად და შესაბამისად უნდა მოხდეს დარიცხული თანხების გაუქმება.

ამგვარად, მომჩივანი გარდა იმისა, რომ არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნულის თაობაზე წარმოადგენს პოზიციებს ასევე, წარმოადგენს არგუმენტებს ისეთ საკითხზეც, რომელიც შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და იგი ასახვას ვერ ჰპოვებდა გადაანგარიშების დასკვნაში.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები. კერძოდ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინეს დოკუმენტები, რომელიც აუდიტორის მიერ გადაეგზავნა საგამოძიებო სამსახურს, წარდგენილიდან ნაწილზე განხორციელდა მოკვლევა და მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული აუდიტორის მიერ. სადავო გადაწყვეტილებაში წერია და მათი პოზიციით, რომლის ავთენტურობაც თუ სიყალბე არ დგინდება იმის გათვალისწინებასაც გულისხმობს, საქონლის მომწოდებელი პირი ბევრია (დაახლოებით 300-მდეა), მაგრამ ნოტარიულად დამოწმებული მხოლოდ 98 ცალი შესყიდვის აქტის წარდგენა შეძლეს. ითხოვს დოკუმენტში დაფიქსირებული მინიმალური ფასის გავრცელებას. ამასთან განმარტა, რომ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულია და საჩივარშიც მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ანალოგიურ საკითხებზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7805 ბრძანება;

3.საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში,რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებულია 11 240 598 ლარი. ამასთან, გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი.კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული აქვს 12 270 ლარის დივიდენდი, ხოლო ხელფასის სახით გაცემული აქვს 58 457 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 9 185 ლარი და ბიუჯეტიდან დაბრუნებულია 13 407 ლარი. კომპანიის მიერ, ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, სსკ-ის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ექსპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად, გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა;

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :