ბრძანება N 2328

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2024
№ დოკუმენტი 2328
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2328

08 თებერვალი 2024

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2024 წლის 9 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) №86567/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-407 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:

1.არარეზიდენტი იურიდიული პირის „--------“-სათვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება ექვემდებარება დაბეგვრას ხელშემკვრელ სახელმწიფოში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამასთან, მიუთითებს, რომ მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ წარდგენილია კანონმდებლობის სრული დაცვით შედგენილი შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის ცნობა, რომელიც ატვირთულია დადგენილი წესით.

2.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის „-------.“-სგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მოქმედებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება, სადაც მკაფიოდ არის მითითებული, რომ გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მსგავსი დავა სასამართლო სისტემაში დასრულდა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32867 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი ნოემბრიდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახულ ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33189 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-407 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 492 410 ლარი, მათ შორის გადასახადი 739 912 ლარი, ჯარიმა 369 956 ლარი და საურავი 382 542 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. მომჩივანს ჩინეთი სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული რეზიდენტი იურიდიული პირისაგან „--------“ ლიზინგით აღებული ჰქონდა საჰაერო ხომალდი. სალიზინგო კომპანია „---------“-ს მიერ მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების დეპოზიტის თანხა 70 000 000 იუანის ოდენობით (10 მილიონი დოლარი). მომჩივანის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ იყო 2017 წლის 31 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეებს წარმოადგენენ „---------“, მომჩივანი, და ,,--------“. ხელშეკრულების შესაბამისად, „---------“ უზრუნველყოფდა ლიზინგის გამცემის მიერ მოთხოვნილი საგარანტიო დეპოზიტის თანხას 70 000 000 იუანის ოდენობით. მომჩივანს „--------“-სთვის ანაზღაურებული ჰქონდა 4 მილიონი დოლარი - 13 445 200 ლარი 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში. (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამისა და შემოწმებისათვის წარდგენილი სამმხრივი ხელშეკრულების შესაბამისად, ,,--------“-ს კრედიტორი- „---------“ აუნაზღაურებდა თანხას, ხოლო თავის მხრივ, მომჩივანს აღნიშნლი თანხის ნაწილში ჰქონდა სასესხო ვალდებულება „--------“-სთან. ოპერაციის განხორციელების პროცესში კომპანია „--------“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მომჩივანის ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია კონტროლირებულია. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სატრანსფერო დასკვნა, რომლის შესაბამისად, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა როგორც სესხი, ხოლო მასზე დარიცხული სარგებელი განისაზღვრებოდა როგორც სესხზე რიცხული საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო აღნიშნულ პერიოდში სესხებზე არსებული საბაზრო განკვეთის შესაბამისად და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა არ გამოვლინდა. ამასთან, გადამხდელი მის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ განმარტებაში მიუთითებდა გარემოებებს (ადგილი ჰქონდა თანხის გაცემას და მესაკუთრეს აღარ ჰქონდა ფულადი სახსრების განკარგვის უფლება, ფულადი სახსრები ხმარდებოდა სხვა პირს, ოპერაცია მკაცრად გაწერილი იყო დროში, ოპერაცია ითვალისწინებდა რისკებს), რომელთა გათვალისწინებითაც, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა როგორც სესხი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შეფასება უნდა მომხდარიყო როგორც სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის შეფასება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე, 134-ე, და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 და 24-ე მუხლების გათვალისწინებით, „-------“-სთვის ანაზღაურებული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

2. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა აღებული სესხის ძირითადი თანხის 1 833 744 ლარის და პროცენტის 613 144 ლარის დაფარვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან „--------“. გადასახადის გადამხდელს გადახდილი სესხის პროცენტი არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე, 134-ე, და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 და 24-ე მუხლების გათვალისწინებით, გადახდილი სესხის პროცენტის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის განხორციელების წესს.

ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩინეთში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხდება შემდეგნაირად: თუ ჩინეთის რეზიდენტი შემოსავალს იღებს საქართველოში, მაშინ ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, ამ შემოსავალზე საქართველოში გადასახდელი გადასახადის თანხა გამოიქვითება ამ რეზიდენტისათვის ჩინეთში გამოანგარიშებული გადასახადიდან. ამგვარი გამოქვითვა, ამავე დროს არ უნდა აღემატებოდეს ამ შემოსავალზე ჩინეთის გადასახადის მოცულობას დაანგარიშებულს ჩინეთის საგადასახადო კანონმდებლობის და რეგულირების წესების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების თანახმად, შემოსავალი და კაპიტალი, რომელიც შეიძლება დაიბეგროს შეუზღუდავად წყარო სახელმწიფოში ნიშნავს, რომ წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი, ხოლო რეზიდენტი სახელმწიფო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების საფუძველზე იღებს ვალდებულებას მის რეზიდენტს ჩაუთვალოს წყარო სახელმწიფოში გადახდილი გადასახადები, რათა არ მოხდეს პირის მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგი დაბეგვრა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

● მომჩივანის „--------“- სათვის ანაზღაურებული ჰქონდა სესხის პროცენტი 4 მილიონი დოლარი - 13 445 200 ლარი 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

● გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა აღებული სესხის ძირითადი თანხის 1 833 744 ლარის და პროცენტის 613 144 ლარის დაფარვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის „-------.“. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტისათვის გადახდილი სესხის პროცენტები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება ექვემდებარება დაბეგვრას ხელშემკვრელ სახელმწიფოში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

2.მომჩივანი აღნიშნავს, რომ მსგავსი დავა სასამართლო სისტემაში დასრულდა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელმა წარადგინა სატრანსფერო დასკვნა, რომლის შესაბამისად, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა როგორც სესხი, ხოლო მასზე დარიცხული სარგებელი განისაზღვრებოდა როგორც სესხზე რიცხული საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო აღნიშნულ პერიოდში სესხებზე არსებული საბაზრო განკვეთის შესაბამისად და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა არ გამოვლინდა. ამასთან, გადამხდელი მის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ განმარტებაში მიუთითებდა გარემოებებს, რომელთა გათვალისწინებითაც, კომპანიის სასარგებლოდ დეპოზიტზე განთავსებული თანხა კვალიფიცირდებოდა როგორც სესხი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შეფასება უნდა მომხდარიყო როგორც სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის შეფასება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის და „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით,ანაზღაურებული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

2. გადამხდელს 2020 წლეს უფიქსირდებოდა აღებული სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან.გადახდილი სესხის პროცენტი არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.გადახდილი სესხის პროცენტის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

134,134,154.