გადაწყვეტილება №27490/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27490/2/2026
15 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (პ/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ს 3.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27490/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №024-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №10993 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
115 653,97 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 66 127
ჯარიმა - 33 063
საურავი - 16 463,97
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სწრაფი კვების მომსახურება (სახაჭაპურე). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 3.09.2019 წლიდან. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №024-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №10993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია 1 სალარო აპარატი----, 3.01.2019 წლის თარიღით (----) და შემდეგი პოს-ტერმინალები: სს ---, ტერმინალის NPOS1NG58, ტერმინალის რეგისტრაციის გაუქმების თარიღი - 9.01.2025. სს ----, ტერმინალის NSH---, ტერმინალის გაუქმების თარიღი - 23.10.2024 და მოქმედი სს ----ს ----ტერმინალი (---), ტერმინალის რეგისტრაციის თარიღი - 21.10.2024 (---).
შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პოს-ტერმინალის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რომელიც გაანგარიშდა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალების მიხედვით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 979 614 ლარს, რაშიც მონაწილეობს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მიბმულია დეკლარაციაზე. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალებით მიღებულ შემოსავალში 367 369 ლარის ოდენობით, რომელიც საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
უცოდინრობის გამო მართლაც მექანიკურად დღგ-ის დეკლარაციაში მომჩივანი აკლებდა დასაბეგრ ბრუნვას „---“ ყველის რეალიზაციას, აცნობიერებს შეცდომას, ამიტომ მაგ საკითხის დაკმაყოფილება არ მოუთხოვია. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მხოლოდ სანქცია საურავისაგან განთავისუფლებას, რომელიც არგუმენტირებულად იყო ასახული საჩივარში. საგადასახადო შემოწმების აქტს არ ეთანხმება, მიზეზი კი ისაა რომ წლებია გარდა ძირითადი საქმიანობისა, ეწევა იმერული „---“ ყველით ვაჭრობას, რომელიც განთავისუფლებულია დღგისგან, დეკლარაციაში არ ხდებოდა მისი ცალკე გამოყოფა, თუმცა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას ამცირებდა, მაგრამ არა იმ ფორმით და არა იმ ოდენობით, როგორც ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა, ამის მტკიცებულებად გამოდგება ის ხელოვნურად გაზრდილი ფასნამატი რაც მას გააჩნია. ფაქტობრივად არ ყოლია ბუღალტერი, პროფესიონალ ბუღალტერთან კონსულტაციით თვითონვე ადგენდა დეკლარაციებს. დავუშვა რიგი შეცდომები, რამაც გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა. განცხადება შეტანილი აქვს შეთანხმებაზე, სადაც ითხოვს ძირი გადასახადის და ჯარიმის 30% ის გადახდას 10 დღის განმავლობაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილი ბრუნვებს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანი ეთანხმება შემოწმების შედეგებს და განმარტავს, რომ დეკლარაციებში თანხების სხვაობა გამოწვეულია გათავისუფლებული ბრუნვებიდან, თუმცა, მეწარმის მიერ ვერ მოხდა შესყიდვის აქტებისა და რეალიზაციის დოკუმენტების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ყველის შესყიდვისა და რეალიზაციის ფაქტი. გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №024-19 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა: ჯარიმა - 33 063 ლარი, საურავი 16 463,97 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. მამუკა ბარათაშვილი
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პოს-ტერმინალის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რომელიც გაანგარიშდა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალების მიხედვით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 979 614 ლარს, რაშიც მონაწილეობს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მიბმულია დეკლარაციაზე. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალებით მიღებულ შემოსავალში 367 369 ლარის ოდენობით, რომელიც საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 269 (7).