გადაწყვეტილება №20086/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.10.2023
№ დოკუმენტი 20086/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20086/2/2023

11 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---ში“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20086/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხების განაწილებულ მოგებად განხილვის საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №006-438 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13464 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 510 560 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 301 943

მოგების გადასახადი - 298 948

საშემოსავლო გადასახადი - 2 995

ჯარიმა - 151 072

საურავი - 57 545

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.06.2020 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 3 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №25607 ბრძანება და №006-438 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13464 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშების ამონაწერები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 3 დეკემბერს გადარიცხული აქვს 23 000 აშშ დოლარი (71 950.9 ლარი) და 2022 წლის 17 იანვარს 1 500 აშშ დოლარი (4 616.25 ლარი) ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიისათვის, ოპერაციის შინაარსით (---).

საქართველოს მთავრობის №615 დადგენილების შესაბამისად, ჰონგ კონგი წარმოადგენს ქვეყანას რომელიც, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განიხილება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად. შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ზემოაღნიშნული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ვერ დადგინდა გადახდის მიზნობრიობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის საანგარიშო პერიოდში ---ს, დადებული ხელშეკრულების თანახმად, გაუწია მომსახურება (სავალი გზის მშენებლობა), აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით, რეზიდენტ ასევე, არარეზიდენტ პირებისაგან მიღებულ იქნა გარკვეული ოდენობის ხარჯები, რაც დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით, ასევე მიღებული ინვოისებით. შემოწმებამ არარეზიდენტ კომპანიაზე გადარიცხული თანხები ჩათვალა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვა არამართებულია ვინაიდან, არარეზიდენტ კომპანიაზე გადარიცხულ თანხებზე არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, ითხოვს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების, ასევე დარიცხული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიისათვის, ოპერაციის შინაარსით (---) 2021 წლის 3 დეკემბერს გადარიცხულია 23 000 აშშ დოლარი (71 950.9 ლარი) და 2022 წლის 17 იანვარს 1 500 აშშ დოლარი (4 616.25 ლარი), რაზეც შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ვერ დადგინდა გადახდის მიზნობრიობა.

მომჩივანს სადავო დარიცხვა არამართებულად მიაჩნია, აღნიშნავს, რომ არარეზიდენტ კომპანიაზე გადარიცხულ თანხებზე არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც გაამყარებდა მის არგუმენტს და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, მომჩივნის არგუმენტი დაუსაბუთებელია.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხების განაწილებულ მოგებად განხილვის საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერიდან გაირკვა, რომ დედა კომპანიისაგან მიღებული და გადარიცხული აქვს თანხები, სალდირებულად გადარიცხულია 1 617 478 ლარი. კომპანია ამ ეტაპზე საქართველოში არ აწარმოებს არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო მიღებული შემოსავალი ფორმირებულია ერთი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც დასრულებულია. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე ახსნა-განმარტება გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 981 მუხლების გათვალისწინებით, დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა განაწილებულ მოგებად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელს საბანკო ოპერაციით გადარიცხული აქვს სათაო კომპანიისათვის გარკვეული ოდენობის თანხები, რომელიც შემოწმებამ ჩათვალა არარეზიდენტი საწარმოზე (სათაო კომპანიაზე) განაწილებულ მოგებად და დაბეგრა მოგების გადასახადით. არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვა არამართებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 2022 წლის 19 მაისის №12560 ბრძანებით ჩატარებული საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2020 წლის ივნისიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდებს, ხოლო 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებულ საბანკო ოპერაციებთან მიმართებით შემოწმებამ განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულება, რაც წარმოადგენს არა კანონიერ, არამართლზომიერ გადაწყვეტილებას;

2. აღნიშნული საბანკო ოპერაცია განხორციელდა წინა შემოწმებით (ბრძანება №5776) მოცულ პერიოდში. ასევე, კონტრაგენტი პირის ---ზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერაც მოხდა 2019 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულს ადასტურებენ, წინა საგადასახადო აქტში დაფიქსირებული ჩანაწერით, შემმოწმებელი აუდიტორები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შეადგენდა ნულ ლარს. შესაბამისად, 2022 წლის 7 ოქტომბრის №25607 ბრძანებით ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება შეემოწმებინა და ასევე, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულება 2019 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ სათაო კომპანიისთვის გადარიცხულ თანხებთან მიმართებით, როგორც დენადი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აღნიშნული საკითხის გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ერთად დამატებით შესწავლას, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების, ასევე დაკისრებული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.

გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერიდან შემოწმების მიერ გაირკვა, რომ დედა კომპანიისთვის სალდირებულად გადარიცხულია 1 617 478 ლარი. გადასახადის გადამხდელი შემოწმების ეტაპზე საქართველოში არ აწარმოებს არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო მიღებული შემოსავალი ფორმირებულია ერთი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც დასრულებულია.

გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ახსნა-განმარტება გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით და შესაბამისად ვერ დადგინდა გადარიცხვის მიზნობრიობა. დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. მომჩივანი აღნიშნავს რომ სადავო დარიცხვა არამართებულია, რადგან საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2020 წლის ივნისიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდებს, ხოლო 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებულ საბანკო ოპერაციებთან მიმართებით შემოწმებამ განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულება, რაც წარმოადგენს არა კანონიერ, არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. აღნიშნული საბანკო ოპერაცია განხორციელდა წინა შემოწმებით მოცულ პერიოდში. აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება შეემოწმებინა და ასევე განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულება 2019 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ სათაო კომპანიისთვის გადარიცხულ თანხებთან მიმართებით, როგორც დენადი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მომჩივანმა ერთადერთი პროექტი განახორციელა ხელშეკრულების ფარგლებში, განათების ბოძები განათავსა საქართველოს ტერიტორიის ერთ მონაკვეთზე, მეტი არაფერი განუხორცილებია და შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა, თანხები აქვს გადარიცხული დედა კომპანიაზე, რაიმე მტკიცებულება სადავო გადარიცხვასთან დაკავშირებით არც შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს წინა შემოწმებასთან დაკავშირებით, ჩატარებულია შემოწმება დღგ-ის საკითხზე, ანუ პროექტის ფარგლებში გაწეული მომსახურების საკითხი მოიცვა წინა შემოწმებამ, მაგრამ მაშინ არ იყო მოგების გადასახადის დარიცხვის საფუძველი.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხების განაწილებულ მოგებად განხილვის საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.06.2020 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 3 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №25607 ბრძანება და №006-438 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13464 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 97; 982: 72; 96; 97; 981.