გადაწყვეტილება №25112/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25112/2/2025
14 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 24.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25112/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 (რეგ. 9.12.2024 წელი; №03/90806) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2025 წლის №081-11 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 233 774.06 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 126 399
ჯარიმა - 63 200
საურავი - 44 175.06
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა -------, ------- საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №27223 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 26 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბინების რეალიზაცია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რომლის მიხედვითაც გამყიდველი მყიდველს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემს უძრავ ქონებას, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ქონების განკარგვის უფლება არ აქვს არცერთ მხარეს. სრული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში უქმდება გამოსყიდვის უფლება და ფართი უპირობოდ გადადის მყიდველის საკუთრებაში. უქმდება აგრეთვე შეზღუდვა თანხის განკარგვის შესახებ, ხოლო მყიდველს უფლება ეძლევა, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამყიდველის თანხმობის გარეშე ფართზე ვალდებულებების ჩახსნის თაობაზე. შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა შესაძლებელია საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნეს მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. შესაბამისად, თანხის მიღება ჩაითვალა ავანსად მიღების მომენტში. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი აღნიშნული ოპერაცია. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ერთ-ერთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს გამოსყიდული და შემდეგ სტანდარტული ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს რეალიზებული საცხოვრებელი ბინა. შემოწმების შედეგად, აღნიშნულ თანხაზე დღგ არ დაერიცხა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 აპრილის №7528 ბრძანება და №081-62 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 212 090.26 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 31 მაისის №12887 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 19.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.08.2024 წლის №23298/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12887 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ვარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 10 სექტემბრის №20017 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც 25.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 (რეგ. 9.12.2024 წელი; №03/90806) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 სექტემბრის №20017 ბრძანება;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვროს სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 (რეგ. 9.12.2024 წელი; №03/90806) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის დასკვნა, 19.03.2025 წლის №4864 ბრძანება და №081-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტი გამოცემულია კანონის დარღვევით, ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საყურადღებოა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა ზემდგომი ინსტანციის - ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა კომპანიის საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ზემდგომი ინსტანციის მოტივაცია და მითითებები და მშრალი ბრძანებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უგულვებელყო ზემდგომი ინსტანციის დავალება.
ყურადსაღებია დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დასაბუთება. კერძოდ, საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე და მიუთითებს სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21- 15) სხდომის ოქმზე, რომლის მიხედვით საბჭომ დაადგინა, რომ მხარეთა გარიგება (განხორციელებული ოპერაცია) საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე გადაკვალიფიცირდეს, თუკი გარემოებათა შესწავლისას გამოვლინდება მხარეთა რეალური ნება და ის განსხვავდება განსახილველ გარიგებაში დაფიქსირებულისაგან, ანუ მხარეთა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნების გამოხატულება ნაკლოვანია ამათუიმ გამორკვეული/დადგენილი მიზეზით (სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების/გარიგების სახეების გამოყენებით, თვალთმაქცობა, შეცდომა და ა.შ.) მხარეთა ნების ნაკლოვანება შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გზით:
1. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში;
2. აუდიტორული შემოწმების ფარგლებში;
3. საგადასახადო დავის წარმოების ფარგლებში.
თუ კომპანია, უძრავი ქონების რეალიზაციის დროს ხელშეკრულებაში აფიქსირებს და გამოხატავს - ქონების გაყიდვას-გამოსყიდვის უფლებით, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს და გამოხატვის ფორმა ასცდა მხარეთა რეალურ ნებას, ასეთი ქონების ჯერ მიწოდების და შემდეგ ამ ქონების გამოსყიდვის ოპერაციები ერთობლიობაში შესაძლებელია დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნეს, როგორც სასესხო (ქონების უზრუნველყოფით) გარიგება.
ოპერაციების გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ისეთი გარიგებების მიმართ, როცა ქონების გაყიდვა-გამოსყიდვა საგადასახადო შემოწმების პერიოდშივეა განხორციელებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობა-გამოსყიდვის ოპერაცია შინაარსით სასესხო ოპერაციაა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საწარმოს საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ოპერაციის კვალიფიკაცია განესაზღვრა სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12. 2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტს არ უმსჯელია თუ დასაბეგრი ოპერაციები უძრავ ქონებებზე რამდენად წარმოადგენდა საქონლის მიწოდებას და ხომ არ მომხდარა მათი გამოსყიდვა. ანუ ხელახალი შესწავლის საგანი უნდა ყოფილიყო ხომ არ მომხდარა კომპანიის მიერ საცხოვრებელი ბინების გამოსყიდვა.
მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში დავის განხილვის დროს წარდგენილ იქნა მონაცემები, რომ დაბეგრილი ბინები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსყიდულია ხელახლა გადაყიდული ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაბეგრილი უძრავი ქონებები რეალურად არ გაუყიდია კომპანიას, არამედ ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით ხდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
2024 წლის 26 მარტის შემოწმების აქტის გრაფაში აუდიტორი გადმოსცემს მოკლე ანოტაციას იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რომლებიც შემოწმების შედეგად გამოვლინდა. კერძოდ, კომპანია აფორმებდა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებს ფიზიკურ პირებთან იმ პირობით, რომ აღნიშნული ქონება უკან უნდა გამოესყიდა. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველს ეკრძალება ქონების განკარგვა, ხოლო თუკი გამოსყიდვის პერიოდში კომპანია არ მოახდენს გამოსყიდვას, მყიდველს უფლება ეძლევა ცალმხრივად მიმართოს საჯარო რეესტრს ვალდებულების გაუქმების მოთხოვნით.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ეთანხმება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად ხდება ამ გარემოების სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, მიაჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებას, ვინაიდან სადავო აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების დადების მთავარი მიზანი. კერძოდ, ის გარემოება, რომ კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს ნასყიდობა-გამოსყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების გაყიდვა. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნასყიდობა-გამოსყიდვაში მითითებული ბინის ღირებულება სრულიად არ შეესაბამება ბინის საბაზრო ღირებულებას.
აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომ საწარმო ნასყიდობაგამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებით ახორციელებს საქონლის მიწოდებას. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ამოვიდეს ამ ხელშეკრულების მიზნიდან, რომელიც არის უმთავრესი და რომელიც ცალსახად არ გულისხმობს ფართის საკუთრებაში გადაცემას, რადგან თავად ხელშეკრულება შეიცავს დათქმას, რომ საკუთრების უფლება არის შეზღუდული და არ მოიცავს განკარგვის უფლებას.
სადავო აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა მომჩივნის არგუმენტაციაზე და შემოიფარგლა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით, რის გამოც არ ეთანხმება სადავო აქტს და დავების განხილვის საბჭოს განუმარტავს, რომ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამოსყიდვის ხელშეკრულების მეორე მხარე რეგისტრირდება ბინის მესაკუთრედ, მაგრამ მას უფლება არა აქვს განკარგოს ქონება, ანუ საკუთრების რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქონლის მიწოდება უნდა განიმარტოს ინდივიდუალურად ხელშემკვრელი მხარეების ნების გამოვლენის ჭრილში და არა საგადასახადო აგენტის შეხედულებით, რომელიც შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს როგორც კომპანიისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და დამატებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო გააგრძელებს მოქმედებას აქტის გამომცემი ორგანოს სტანდარტით და ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, გამოსყიდვის ვადის გასვლამდე, მაშინ სახელმწიფო რჩება წაგებული, რადგანაც ნასყიდობა-გამოსყიდვის ფასი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღიშნულ თანხებში კომპანია, რა თქმა უნდა, არ გაყიდის ქონებას და სახელმწიფოს არ დააზარალებს.
ამდენად, გასაჩივრებული აქტი სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 (რეგ. 9.12.2024 წელი; №03/90806) გადაწყვეტილებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვროს სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არ არის წარდგენილი არცერთი ხელშეკრულება, ხოლო წარდგენილი ინფორმაცია შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით და დადგინდა, რომ აღნიშნული ბინები ზოგ შემთხვევაში გამოსყიდული არ არის, ან გამოსყიდულია და ხელმეორედ გაცემულია ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით. აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით. შედეგად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დაბეგრილი ბინები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსყიდულია და ხელახლა გადაყიდულია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაბეგრილი უძრავი ქონებები რეალურად არ გაუყიდია კომპანიას, არამედ ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით ხდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება.
საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია (ექსელის ცხრილი) გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შეისწავლა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და დაადასტურა, რომ ბინები ზოგ შემთხვევაში გამოსყიდულია, თუმცა ხელმეორედ გაცემულია ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით.
სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ თუ დასტურდება უძრავი ქონების გამოსყიდვის ფაქტი, მიუხედავად შემდგომ განხორციელებული ქმედებისა, უნდა განხორციელდეს ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრა აღნიშნული ოქმის მიხედვით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 (რეგ. 9.12.2024 წელი; №03/90806) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2025 წლის №081-11 საგადასახადო მოთხოვნა;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 (რეგ. 9.12.2024 წელი; №03/90806) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბინების რეალიზაცია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რომლის მიხედვითაც გამყიდველი მყიდველს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემს უძრავ ქონებას, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ქონების განკარგვის უფლება არ აქვს არცერთ მხარეს. სრული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში უქმდება გამოსყიდვის უფლება და ფართი უპირობოდ გადადის მყიდველის საკუთრებაში. უქმდება აგრეთვე შეზღუდვა თანხის განკარგვის შესახებ, ხოლო მყიდველს უფლება ეძლევა, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამყიდველის თანხმობის გარეშე ფართზე ვალდებულებების ჩახსნის თაობაზე. შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა შესაძლებელია საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნეს მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. შესაბამისად, თანხის მიღება ჩაითვალა ავანსად მიღების მომენტში. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი აღნიშნული ოპერაცია. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №23996/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 160(1); 163 (6-ბ)