გადაწყვეტილება №19313/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19313/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19313/2/2023).
დავის საგანი:
1. საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინების მართლზომიერება, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-618 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5632 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 386 561 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 240 182
დღგ - 126 335
საშემოსავლო გადასახადი - 113 847
ჯარიმა - 74 517
საურავი - 71 862
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32740 ბრძანება და №006-618 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინების მართლზომიერება, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს, ამხანაგობის წევრობის სანაცვლოდ მიღებული აქვს როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები, რომელთა ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა 2016 წლიდან, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდშიც. გადასახადის გადამხდელს ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთი.
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის 26 სექტემბერს. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების თანახმად, შემოწმებით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა რეალიზებული კომერციული ფართების შეძენის ღირებულება (თვითღირებულება).
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმს, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საქმიანობა მართებულად არის განხილული ეკონომიკურ საქმიანობად და ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, მართლზომიერად იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ფართების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 49-ე მუხლის (რომელიც ძალაში იყო 2021 წლის პირველ იანვრამდე) პირველი ნაწილის თანახმად ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილებოდა და შესაბამისად დღგ-ით არ იბეგრებოდა ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებული პერიოდი (1.01.2019-1.06.2022) მოიცავდა აღნიშნული მუხლის მოქმედების პერიოდს, შესაბამისად, შემმოწმებელს უნდა გაეთვალისწინებინა და 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზება ამოეღო დღგ-ით დასაბეგრი ბაზიდან.
მომჩივანს მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არ არის სწორად დაანგარიშებული და უნდა მოხდეს მათი თავიდან გადათვლა, მხოლოდ დასაბუთებული ანგარიშით განხორციელდეს დამატებითი დარიცხვები და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი სანქციები.
2. დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა
ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
უცნობია როგორ განისაზღვრა სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. როგორც ცნობილია, გამოქვითვებში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რეალიზებული ფართების თვითღირებულება, თუმცა გაურკვეველია, რომელ მაჩვენებლებზე დაყრდნობით იქნა აღნიშნული თვითღირებულება დადგენილი. უნდა მოხდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის 78 847 ლარის გადაანგარიშება კუთვნილ ჯარიმასთან 39 423 ლართან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ამხანაგობის წევრობის სანაცვლოდ მიღებული აქვს როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები, რომელთა ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა 2016 წლიდან. ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 16 ფართი. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა აქტივის შეძენის ღირებულება (თვითღირებულება). კერძოდ, ერთობლივ შემოსავალში აღებულია გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების ღირებულება. რაც შეეხება ხარჯებს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ნაწილი ფართები შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო ნაწილი მიიღო ამხანაგობაში თანხის შეტანის სანაცვლოდ, შეძენილ ფართებზე აღებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ფასები, ხოლო მიღებულ ფართებზე კი ამ ფართების შესაბამისი პროპორციული ღირებულება. განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 16 ბინის რეალიზაცია, შესაბამისად, რეალიზებული ბინების ოდენობა 48 თვის განმავლობაში აჭარბებს 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციას, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ არის შესრულებული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 16 ბინის რეალიზაცია, ხოლო მანამდე კიდევ რეალიზებულია 3 ბინა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობად განიხილა. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცხრილები გადაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და განემარტა გაანგარიშება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივანი ვერ აკმაყოფილებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმს. შესაბამისად, მომჩივნის საქმიანობა მართებულად არის განხილული ეკონომიკურ საქმიანობად და ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, მართლზომიერად იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ფართების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინების მართლზომიერება, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს ამხანაგობის წევრობის სანაცვლოდ მიღებული აქვს როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები, რომელთა ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა 2016 წლიდან. ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 16 ფართი. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა აქტივის შეძენის ღირებულება (თვითღირებულება). კერძოდ, ერთობლივ შემოსავალში აღებულია გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების ღირებულება. რაც შეეხება ხარჯებს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ნაწილი ფართები შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო ნაწილი მიიღო ამხანაგობაში თანხის შეტანის სანაცვლოდ, შეძენილ ფართებზე აღებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ფასები, ხოლო მიღებულ ფართებზე კი ამ ფართების შესაბამისი პროპორციული ღირებულება. განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 16 ბინის რეალიზაცია, შესაბამისად, რეალიზებული ბინების ოდენობა 48 თვის განმავლობაში აჭარბებს 4 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციას, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ არის შესრულებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 16 ბინის რეალიზაცია, ხოლო მანამდე კიდევ რეალიზებულია 3 ბინა. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობად განიხილა. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცხრილები გადაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და განემარტა გაანგარიშება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1); 102(1„ბ“); 159; 163(1,2); 164(1); 282(1).
(2021 წლამდე მოქმედი): 157.