გადაწყვეტილება №24204/22024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2024
№ დოკუმენტი 24204/22024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24204/22024

26 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 28.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24204/22024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად საქონლის დანაკლისის გამოვლენის გამო შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.08.2024 წლის №CB1658088 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21780 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა (დანაკლისი) - 197 619,92 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25673 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 1 976 199.1 ლარის დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 13.08.2024 წლის №CB1658088 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 197 619.92 (1976199.1*10%) ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21780 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 70-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 27-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 17 ოქტომბრის №25673 ბრძანების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტს დაევალა შპს „--- “-ის (ს/ნ ----) (იურ. მის. ----) სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარება. ვინაიდან ვერ მოხერხდა მომჩივნის წარმომადგენელთან დაკავშირება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 17 ოქტომბრის №21-12/81295 წერილით, გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ (rs.ge) გვერდზე გაეგზავნა შეტყობინება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დანიშვნის ბრძანების შესახებ და ასევე, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე დაევალა, წარმოედგინა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების არსებობის, მათი განთავსების მისამართ(ებ)ისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის თაობაზე. ასევე, უზრუნველეყო სასაქონლომატერიალური ფასეულობების (ფაქტობრივი ნაშთების არსებობის შემთხვევაში) შენახვაზე პასუხისმგებელი პირის უშუალო მონაწილეობა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვის პროცესში.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ შპს „---“-ს (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. ზემოაღნიშნულ წერილს (№21-12/81295) გადასახადის გადამხდელი ელექტრონულ (rs.ge) გვერდზე გაეცნო 2023 წლის 18 ოქტომბერს, თუმცა კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია.

შესაბამისად, ჩაითვალა, რომ საწარმოს 2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი ნაშთი არ ერიცხებოდა. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №17865-21-14 წერილით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა 2023 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 1610070.18 ლარი. ბრძანების აღსრულების მიზნით, 2024 წლის 13 აგვისტოს №18652 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა შემადგენლობით.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოყვანილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი, რომელმაც 2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, თვითღირებულებით შეადგინა 1674745.00 ლარი. ვინაიდან გადამხდელს გაწერილი აქვს მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები და რეალიზაცია არ უფიქსირდება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ფასნამატი არ იქნა გავრცელებული და შედეგები გამოყვანილ იქნა თვითღირებულებით დღგ-ის ჩათვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შესაბამისად მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი 2023 წლის 20 სექტემბერს N23080 ბრძანებით ატარებდა კამერალურ შემოწმებას და აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით დაინიშნა 2023 წლის 17 ოქტომბერს ინვენტარიზაციის ჩატარება. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტისათვის არარელევანტური იყო ინვენტარიზაციის შედეგები. დაურეკეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და გააჩერეს ინვენტარიზაციის ჩატარების პროცედურები. შესაბამისად არც მონიტორინგის დეპარტამენტს მოუთხოვია მისთვის ბრძანების შესაბამისად საინვენტარიზაციო კომისია და ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია და ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე თავის არიდებას. ამას მოწმობს ის ფაქტი რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ ეტაპზე დაუყონებლივ იქნა მიწოდებული და შემოსავლების სამსახურს არ ჰქონია მასთან კომუნიკაციის პრობლემა.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან მისი მხრიდან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ზემოაღნიშნული. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის წარუდგენლობა, როგორ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობები არ გააჩნია, აღნიშნულზე საგადასახადო კოდექსში ჩანაწერი არ არსებობს. გაუგებარია, რატომ ჩაითვალა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია, როცა მის მიერ აუდიტის დეპარტამენტისათვის მიწოდებული ინფორმაციით, რასაც აუდიტის დეპარტამენტიც ადასტურებს, რომ 1 610 070.18 ლარის ნაშთი გააჩნია, ანუ შესრულებული აქვს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შეეფარდა ჯარიმის თანხა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი შემოსავლების სამსახურში საჩივრის ზეპირ განხილვაზე მიწვეული იყო თუმცა, როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე დავის განხილვის ამ ეტაპზეც ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი შედეგების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის გამოვლენის გამო, მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად საქონლის დანაკლისის გამოვლენის გამო შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25673 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 1 976 199.1 ლარის დანაკლისი, რაზეც მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 197 619.92 (1976199.1*10%) ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21780 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის დარიცხვის შესახებ და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).