გადაწყვეტილება №81261/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 81261/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№81261/1/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------" -ის 24.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81261/1/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №056-4 საგადასახადო მოთხოვნა

 

დარიცხული თანხა: 192 786 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 434

დღგ - 34 847

საშემოსავლო გადასახადი - 70 296

ქონების გადასახადი - 291

ჯარიმა - 38 972

საურავი - 48 380

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ქ. "-----"-ის ბაზრის ტერიტორიაზე ფიზიკური პირისგან იჯარით აღებულ ფართში სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 22 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომელშიც საქონლის შეძენა აღრიცხულია ჯამურად თანხობრივად (საქონლის სახეობების-დასახელების გარეშე), ხოლო ჩამოწერები გატარებულია წლის ბოლოს თანხობრივად ჯამურად. ბუღალტრული პროგრამის ანალიზით გადამხდელის ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში მერყეობს 7%-დან 8%-მდე, დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ შემოსავალთან 2018 და 2019 წლებში არის 0.2%, ხოლო 2020 წელს არის 4%.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარატმენტის 2020 წლის 23 ივნისს №16471 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შედეგად გამოვლინდა დანაკლისი და აგრეთვე აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ინვენტარიზაციით დადგინდა 12.05% ფასნამატი.

გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის გაფრთხილებულია ერთხელ და დაჯარიმებულია 4-ჯერ.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია არის ძალიან მცირე და არ მოიცავს სრულად საანგარიშო პერიოდს, ასევე მოიცავს საქონლის სრული ასორტიმენტის ძალიან მცირე ნაწილს, შემოწმების შედეგად დამუშავდა ინვენტარიზაციის მასალები და დადგენილ იქნა, როგორც ზუსტი იდენტური საქონლის ფასნამატი, ასევე ისეთ საქონელზე, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხდა ინვენტარიზაციის მასალებისა და დოკუმენტურად შეძენილი საქონლის მიხედვით, გაანგარიშდა საქონლის კატეგორიის ფასნამატი.

შედეგად, წლიურმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა 2018 წელს შეადგინა 12.5%, 2019 წელს - 12.6%, ხოლო 2020 წელს - 11.9%. აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა გადამხდელის მიერ რეალიზებულ საქონელზე კატეგორიებისა და იდენტური საქონლის ფასნამატების გათვალისწინებით და განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი და განთავისუფლებული ბრუნვები.

2. გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დეკლარირებულ სხვა ხარჯებსა და შემოწმებით დადგენილ ხარჯებს შორის. შემოწმებით განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯები. შედეგად 2018 წელს გამოსაქვითი ხარჯები გაიზარდა 4 287 ლარით, 2019 წელს - 7 517 ლარით და 2020 წელს - 2 171 ლარით. (ძირითადად სხვაობა გამოწვეულ იქნა იჯარით აღებული ფართის ხარჯის საფუძველზე).

3. მეწარმის მიერ იჯარის საფასურის გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვის საშუალებით (უნაღდო ანგარიშსწორებით). გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ბანკის ამონაწერის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული და გადახდის წყაროსთან დაკავებული, ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის თანხები. შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირზე იჯარის საფასურის გადახდის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დასაბეგრი თანხები. აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა 2018, 2019 და 2020 წლებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 30 ივნისის №21474 ბრძანება და 2021 წლის 2 ივლისის №056-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.12.2021 წლის №40972 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ფიზიკურ პირზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №1988 ბრძანება და №056-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისის საშუალებით, სადაც საქონლის შეძენა და შემოსავალში აღება ხდება რაოდენობრივად, ხოლო ჩამოწერა ხდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციის მიხედვით, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ, სახეობრივ და თანხობრივ მონაცემებს. გაუგებარია, რატომ იქნა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი. ასევე გაუგებარია, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისას, რატომ იქნა გამოყენებული გადასახადის გადამხდელთან 2020 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად საშუალო არითმეტიკულით დადგენილი ფასნამატის კოეფიციენტი, რომელიც გავრცელდა 2018-2019 წლებზე.

სამართლიანი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების შემთხვევაში, დეკლარირებული მონაცემების გატესტვისას არსებითი სხვაობა არ გამოვლინდება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არასწორია.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების მოხსნას.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის ბრძანებით განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი და აღურიცხველი საქონელი, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული და გადახდილი იქნა პერიოდების მიხედვით. აღნიშნული შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ხარჯვით ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული. აცხადებს, რომ გადამხდელს აღნიშნული ხარჯი არასაოპერაციო ხარჯების სახით აქვს ასახული პროგრამაში. მიიჩნევს, რომ 2020 წლის სხვა ხარჯები უნდა გაზრდილიყო 91 890 ლარის ოდენობით.

მომჩივანი მოითხოვს აღნიშნული საკითხის შემმოწმებლებთან ერთად შესწავლას და სათანადო შემთხვევაში ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

3. ფიზიკური პირისთვის ჩარიცხული იჯარის სახით განაცემების დაბეგვრა წყაროსთან არასწორია, ვინაიდან 2018 წლის პერიოდში აღნიშნულ პირს მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი და იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე, როგორც ინდივიდუალური მეწარმე. შესაბამისად, იჯარის სახით მიღებულ შემოსავლებს ბეგრავდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს 2018 წლის და 2019 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში ამ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას.

4. მომჩივანი მიუთითებს გამოუცდელობასა და არცოდნაზე და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

დადგენილია, რომ გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული და გადახდის წყაროსთან დაკავებული, ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის თანხები. შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირზე იჯარის საფასურის გადახდის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დასაბეგრი თანხები.

მომჩივანს წარმოდგენილი ჰქონდა საიჯარო ფართის გამქირავებლის (ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") 17.01.2022 წლის ახსნა-განმარტება, რომელშიც განმარტავს, რომ მომჩივნისაგან 2018 წელს ჩარიცხული იჯარის ღირებულება დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით და კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი აქვს 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. ასევე, წარმოდგენილია "------" -ს 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია.

საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ფიზიკურ პირზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს წარდგენილი აქვს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც ფ.პ. "-------" (პ/ნ "------") 2019 წლის 25 იანვარს რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი "------", თუმცა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა შემდეგი გარემოება: 2019 წლის 6 თებერვალს შემოსავლების სამსახურს მიმართა ფ.პ. "------"-მ (პ/ნ "------") განცხადებით და მოითხოვა შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის "------"გაუქმება, რაზეც იმავე დღეს გაცემულია დადებითი პასუხი, ანუ ფ.პ. "------"(პ/ნ "------") ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული იყო 2019 წლის 25 იანვრიდან 2019 წლის 6 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში. ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ფ.პ. "------"-თვის (პ/ნ "------") 2018, 2019 და 2020 წლებში გადახდილი იჯარის თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ჰქონდა მომჩივანს (ს/ნ "------"), შესაბამისად აღნიშნული საკითხით გამოწვეული დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს და წარმოადგენს იმავე არგუმენტებს, რაც თავის დროზე 18.01.2022 წელს საჩივრის წარმოდგენისას ჰქონდა და რაზეც მიღებულია საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების მოხსნას.ასევე,ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას.

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

განხორციელდა ინვენტარიზაცია, შედეგად გამოვლინდა დანაკლისი და აგრეთვე აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის გაფრთხილებულია ერთხელ და დაჯარიმებულია 4-ჯერ.

შემოწმების შედეგად დამუშავდა ინვენტარიზაციის მასალები და დადგენილ იქნა, როგორც ზუსტი იდენტური საქონლის ფასნამატი, ასევე ისეთ საქონელზე, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხდა ინვენტარიზაციის მასალებისა და დოკუმენტურად შეძენილი საქონლის მიხედვით, გაანგარიშდა საქონლის კატეგორიის ფასნამატი.

შედეგად, წლიურმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა 2018 წელს შეადგინა 12.5%, 2019 წელს - 12.6%, ხოლო 2020 წელს - 11.9%. აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა გადამხდელის მიერ რეალიზებულ საქონელზე კატეგორიებისა და იდენტური საქონლის ფასნამატების გათვალისწინებით და განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი და განთავისუფლებული ბრუნვები.

ასევე,გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დეკლარირებულ სხვა ხარჯებსა და შემოწმებით დადგენილ ხარჯებს შორის.

გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული და გადახდის წყაროსთან დაკავებული, ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის თანხები. აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა 2018, 2019 და 2020 წლებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები.

მომჩივანს მიეცა წინადადება ფიზიკურ პირზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.

შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №1988 ბრძანება და №056-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 2.06.2022 წლის №15499/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

100,102,154,269(7)