გადაწყვეტილება №23133/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23133/2/2024
02 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------ძე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 27.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23133/2/2024).
დავის საგანი:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №065-47 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.04.2024 წლის №9341 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 33347,33 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 18 870
ჯარიმა - 9 435
საურავი - 5 042,33
პროცედურული გარემოებები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №30019 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის 2020, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის, საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №31784 ბრძანება და №065-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.04.2024 წლის №9341 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ანალიზით დადგინა, რომ მომჩივანს (მეუღლე ------ი პ/ნ ---------) 2019, 2020, 2021 და 2022 წლების პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რაზეც დაუდგინდა 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
მომჩივნის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, შესყიდული და რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებების მიხედვით, ასევე მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებებით.
შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 201-ე, 202-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის დაყრდნობით მომჩივანს 2019, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, გადამხდელს საკუთრებაში აქვს დასაბეგრი ქონება (საცხოვრებელი ბინები, ავტომანქანა).
შედეგად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ დააკმაყოფილა.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული -------ი (პ/ნ --------) არ წარმოადგენს მომჩივნის მეუღლეს, შესაბამისად მისი შემოსავალი და ქონება არავითარ კავშირში არ არის მასთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანს 2019, 2020, 2021 და 2022 წლების პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შედეგად წარმოეშვა 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
მომჩივანის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული --------ი (პ/ნ -------) არ წარმოადგენს მის მეუღლეს, მისი შემოსავალი და ქონება არავითარ კავშირში არ არის მასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მოხსენიებული --------ი არის მომჩივნის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქონების გადასახადის გაანგარიშებისას არ განხორციელებულა ყოფილი მეუღლის (---------ი) ქონების და შემოსავლების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, და მხარეთა არგუმენტების გათვალისიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
მომჩივნის მიმართ გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №065-47 საგადასახადო მოთხოვნა, რის საფუძველზეც დამატებით გადასახდელად დაეკისრა ქონების გადასახადი - 18 870 ლარი, მათ შორის ჯარიმა - 9 435 ლარი და საურავი - 5 042.33 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე, 269 მუხლებზე და დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ქონების დეკლარაციის წარუდგენლობა გამოწვეული იყო აღნიშნული საკითხის არ ცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №30019 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის 2020, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის, საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ანალიზით დადგინა, რომ მომჩივანის მეუღლეს 2019, 2020, 2021 და 2022 წლების პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რაზეც დაუდგინდა 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.მომჩივნის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, შესყიდული და რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებების მიხედვით, ასევე მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებებით.
შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №31784 ბრძანება და №065-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №9341 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, და მხარეთა არგუმენტების გათვალისიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1 „გ“); 202(5); 205(12); 269(7);