გადაწყვეტილება №20156/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.09.2023
№ დოკუმენტი 20156/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20156/2/2023

12 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20156/2/2023).

 

დავის საგანი:

1. მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება დავის საგნის არ არსებობის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 17 823 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 9 675

ჯარიმა - 4 214

საურავი - 3 934

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16613 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32111 ბრძანება და 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინება 2023 წლის 16 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანებით, შეტყობინების ნაწილში განუხილველი დატოვა, ხოლო საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სისტემატურად ახდენდა უძრავი ქონების რეალიზაციას გამოსყიდვის პირობით. მომჩივანი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ წარადგინა ორმხრივი წერილობითი შეთანხმება ყიდვაგამოსყიდვის პირობით გასესხებულ თანხაზე მიღებულ სარგებელზე. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, განხორციელებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე, ფინანსურ ოპერაციად. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ოპერაციები ატარებს სისტემურ ხასიათს სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება დეკლარირებას. შემოწმების ფარგლებში დადგენილ იქნა ფიზიკურ პირებზე დარიცხული ყოველთვიური 2%-იანი სარგებელი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და გადასახადის გადამხდელის მიერ გასესხებული თანხებიდან მიღებული სარგებელი დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 81-ე და 101-ე მუხლების თანახმად. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 17 823 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 9 675 ლარი, ჯარიმა - 4 214 ლარი და საურავი - 3 934 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

არ ყოფილა სადავო შემოსავლების სამსახურში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არც კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესში და არც შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ არ მიეცა საშუალება კანონით დადგენილი წესით გაცნობოდა მის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციას, რითაც არსებითად დაირღვა მისი უფლებები. შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის დასწრების გარეშე განიხილა საჩივარი.

სადავო საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაერიცხა გადასახადი 9 675 ლარი, რაც აუდიტორის გათვლებით შედგება გადასახადის - 8 428 ლარი და 2022 წლის მიმდინარე გადასახდელისგან - 1 247 ლარი, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან 2022 წელს არანაირი ეკონომიკური საქმიანობა არ უწარმოებია. დარიცხული მიმდინარე გადასახდელის თანხა - 1 247 ლარი ექვემდებარება გაუქმებას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომჩივანი დღემდე არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რაც დასტურდება 16.02.2023 წლის საგადასახადო დავალების შესრულებით. კერძოდ, მის მიერ გადახდილი და დაფარულია სრულად შემოწმების აქტით დარიცხული თანხა - 18 090 ლარი, რითაც დასტურდება მისი კეთილსინდისიერება და კანონმორჩილება.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი 2002 წლიდან არის საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. სწორედ არცოდნამ გამოიწვია მის მიერ დაშვებული შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიმდინარე გადასახდელების გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ეთანხმებოდა განხორციელებული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად განხილვას და გასესხებული თანხებიდან მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, ითხოვდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობას. აღნიშნულ საჩივარში გადასახადის გადამხდელი სადავოდ არ ხდიდა მიმდინარე გადასახდელებს და არ ითხოვდა დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.

საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მიმდინარე გადასახდელების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმასაურავისგან გათავისუფლების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება დავის საგნის არ არსებობის გამო

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნული შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი დავის საგნის არ არსებობის გამო.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ---ის მიმართ გამოცემული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინება გაუქმებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ 2023 წლის 16 თებერვლის №002-2951 შეტყობინებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინება გაუქმებულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №002-2951 შეტყობინებით. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება დავის საგნის არ არსებობის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32111 ბრძანება და 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინება 2023 bწლის 16 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანებით, შეტყობინების ნაწილში განუხილველი დატოვა, ხოლო საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მიმდინარე გადასახდელების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლების თაობაზე.

საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (3); 269 (7); 301 (დ).