გადაწყვეტილება N 3/4152-16
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე №3/4152-16
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2017 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე – -------
წარმომადგენელი – -------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ---------
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ---------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №СB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბითილად ცნობა;
1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის №5025 ბრძანების ბათილად ცნობა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი №12324/2/16) ბათილად ცხობა. (იხ. 2016 წლის 26 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 7 დეკემბერს, 22:48 საათზე, ------- ის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები №ელ-0210596078, სადაც ოპერაციის შინაარსად მითითებულია – შიდა გადაზიდვა, ავტომობილის სახელმწიფო ნომრად -------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად - ------, ხოლო დასრულების ადგილად – -------.
სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 9.5 მ3 ხე-ტყეზე (ფიცარი).
სასაქონლო ზედნადები გააქტიურებულია 2015 წლის 7 დეკემბერს, 22:48 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 7 დეკემბრის №ელ-0210596078 სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 83-84)
- ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალიდან (ს.ფ. 133)
3.1.2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის მიერ 2015 წლის 7 დეკემბერს შედგენილია აქტი, რომელსაც, მასთან ერთად, ხელს აწერენ ამავე განყოფილების სპეციალისტები და -------, რომელიც მართავდა ავტომობილს სახელმწიფო ნომრით - ------- და ახდენდა ხე-ტყის ტრანსპორტირებას.
აქტის შესაბამისად, 2015 წლის 7 დეკემბერს, ------- ში, სოფ. -------- ში მოხდა ------- დან მომავალი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო წომრით ------- გაჩერება. შეჩერების მოწოდების შემდგომ, მძღოლმა განაგრძო მოძრაობა და შეჩერდა 22:50 საათზე, ავტომანქანის ძარაზე ელაგა 10 მ3 ფიცარი, რაზეც სასაქონლო ზედნადები გამოწერილი იყო 2015 წლის 7 დეკემბრის 22:48 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– 2015 წლის 7 დეკემბრის აქტი (ს.ფ. 86)
3.1.3. 2015 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს უფროსმა №DES 615 00080066 წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქალაქ --------, დათვალიერების მიზნით, გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო წომრით -------- (მართავდა --------), რა დროსაც დადგინდა, რომ ავტომანქანა დატვირთული იყო 10 მ3 ფიცრით, რაზეც ------- ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის ელექტრონული ფორმით გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზედნადები ატვირთული იყო მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მოწოდებულ იქნა ავტომანქანის გაჩერება. დეპარტამენტმა სსიპ შემოსავლების სამსახურისაგან შესაბამისი რეაგირების განხორციელება ითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს უფროსის 2015 წლის 11 დეკემბრის №DES 615 00080066 წერილი (ს.ფ. 85)
3.1.4. 2015 წლის 29 დეკემბერს, 15:52 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ------- ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB8603320. ოქმის შედგენის ადგილია შიდა ქართლი, გორი, -------.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №CB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ------- ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, იგი ახდენდა 4 850 ლარის საბაზრო ღირებულების 9,7 მ3 საქონლის - დახერხილი ხე-მასალის (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - -------, მძღოლი - --------, გადამოწმების დრო – 07.12.2014 22:44) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე, -------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5 000 (ხუთიათასი) ლარით.
2015 წლის 29 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ------- ის მიმართ, ასევე, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB603316, რომლითაც -------, სამეწარმეო საქმიანობის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №CB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ( ს.ფ. 26)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №CB603316 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 27)
3.1.5. 2016 წლის 29 იანვარს ------- მ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №CB603320 და №CB603316 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და მათ საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტირებული საქონელი არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. გარდა ამისა, ამავე საქონელზე გამოწერილი იყო შიდა გადაზიდვის ზედნადები. ------- მ, ასევე, განმარტა, რომ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის №5025 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი №CB603316 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, რადგან დადგინდა, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს ------- ს საგადასახადო ორგანოში მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო №CB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მხარეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის №5025 ბრძანება ( ს.ფ. 16-19)
3.1.6. 2016 წლის 24 მარტს -------მ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. განმცხადებელმა მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №CB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის №5025 ბრძანების გაუქმება. საჩივრის
ავტორმა განმარტა, რომ საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე არ ხდებოდა. ავტომანქანის გაჩერებისთანავე წარდგენილ იქნა სასაქონლო ზედნადები, რომლის ქსელში ასახვა მოხდა 2-3 წუთის შემდეგ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი №12324/2/16 არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის პირველი აპრილის №37940-21-12 წერილის თანახმად, როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მიერ წარდგენილი მასალებიდან ირკვევა, მათი თანამშრომლების მიერ ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით -------) გადამოწმება მოხდა ------ის რაიონში, სოფელ ------- ში, 22 საათსა და 44 წუთზე, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ №0210596078 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია ------- და ზედნადები გააქტიურდა 22:48 საათზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის M996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მხარის მიერ ტრანსპორტირების დაწყების დრო და ზედნადების ამოქმედების დრო ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო, რის გამოც ------- ის მიმართ გამოყენებული სანქცია მართლზომიერია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება ( ს.ფ. 11-15)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გამხდარა.
სამოტივაციო წაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-9, 43-ე, 136-ე, 269-ე, 286-ე მუხლები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საქმისწარმოების წესი”, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №CB603320 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის №5025 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები
მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახდო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამდენად პირისთვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებამდე უნდა განისაზღვროს, კონკრეტულად რაში გამოიხატება კანონმდებლის მოთხოვნა და რამდენად წარმოადგენს პირის ქმედება კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას/შეუსრულებლობას. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.
სასამართლო მიუთითებს სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, მართალია, მოსარჩელე რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, მაგრამ მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის გადასახადის გადამხდელ სუბიექტად არსებობა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისის სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპოვებული ხე-ტყე არ იყო გამიზნული სამეწარმეო საქმიანობისათვის, ხოლო საქმეში წარმოდგენილია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სოციალური ჭრის საფუძველზე და აღნიშნულის შედეგად მოპოვებული ხე-ტყე გამოყენებულ უნდა იქნას სწორედ პირადი მიზნებისათვის, ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის გარეშე, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სწორედ მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მისთვის სოციალური ჭრის საფუძველზე ხე-ტყის მოპოვების უფლების გადაცემის შესახებ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომ მას ხე-ტყე გადაჰქონდა პირადი მოხმარებისათვის და ადგილი არ ჰქონია სამეწარმეო მიზნებისათვის საქონლის ტრანსპორტირებას, მით უფრო, როდესაც მან გამოწერა სასაქონლო ზედნადები, რომლის გამოწერის ვალდებულებაც სწორედ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ეკისრებოდა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ მისთვის უცნობია მოპოვებული ხე-ტყის დანიშნულება და, შესაძლებელია, რომ აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნებსაც ემსახურებოდა. ამდენად, ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამეწარმეო მიზნებისათვის საქონლის ტრანსპორტირებას, რა დროსაც აუცილებელია სასაქონლო ზედნადების გამოწერა.
მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ გადამოწმების მომენტისათვის მის მიერ გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები, რომელიც გააქტიურდა რამდენიმე წუთის შემდეგ, შესაბამისად, არ არსებობდა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების ფაქტი. შესაბამისად, აუცილებელია, კანონის შესაბამისად განიმარტოს, რაში გამოიხატება საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
აღნიშნული ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების, დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება; დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება), ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.ბ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“ – „ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში – საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში – საქონლის დასახელება; ი.ბ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი) ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში – საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში – საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-I7 სტრიქონში –მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალლდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ზედნადების გამოწერების ვალდებულება. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2015 წლის 7 დეკემბერს, 22:48 საათზე, გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები №ელ-0210596078 სადაც ოპერაციის შინაარსად მითითებულია - შიდა გადაზიდვა, ავტომობილის ნომრად --------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია - -------, ხოლო დასრულების ადგილად - -------. ამასთან, დადგენილია, რომ ავტომობილის გადამოწმება მოხდა 2015 წლის 7 დეკემბერს, 22:50 საათზე, --------ში, სოფ. -------ში.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავტომანქანის გადამოწმების მომენტში გააქტიურებული იყო სასაქონლო ზედნადები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებული გარემოება, რომ გადამოწმება მოხდა 22:44 საათზე, არ დასტურდება. ამასთან, საგადასახადო მიზნებისთვის, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას განმსაზღვრელია არა სასაქონლო ზედნადების გააქტიურების ფაქტი, არამედ მისი გააქტიურების დრო, რამეთუ 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო უნდა ემთხვეოდეს საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღსა და დროს, რასაც მოცემულ შემთხვევში ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც გულისხმობს როგორც სასაქონლო ზედნადების სრულ არარსებობას, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და მისი სათანადო წესით აუმოქმედებლობას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია -------, მხარე გაჩერებულ იქნა -------ში, სოფ. --------ში. ამასთან, მისი გადამოწმება მოხდა 22:50 საათზე, ხოლო სასაქონლო ზედნადების გააქტიურება განხორციელდა ორი წუთით ადრე. ამდენად, ტრანსპორტირების დაწყების მომენტისათვის, ვინაიდან ------- დან ცხრამუხამდე მანძილის გავლას, დაახლოებით, 20 წუთი მაინც სჭირდება, ტრანსპორტირების დაწყების მომენტისათვის სასაქონლო ზედნადები ვერ იქნებოდა გააქტიურებული. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისას სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ ყოფილა. ამდენად, გარკვეული დროის განმავლობაში საქონლის ტრანსპორტირება მოხდა ზედნადების გარეშე, რამეთუ იგი ამოქმედებული არ ყოფილა, რაც წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დაკავშირებულია ცალკეული პროცედურების განხორციელებასთან და საჭიროებს გარკვეულ დროს, რომლის განმავლობაშიც გადასახადის გადამხდელმა, შესაძლებელია, მოახდინოს სასაქონლო ზედნადების გააქტიურება, სწორედ აღნიშნული განაპირობებს იმ ფაქტს, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტირების განხორციელებისას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების არსებობას და ტრანსპორტირების დაწყების დრო წინ არ უნდა უსწრებდეს სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დროს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2015 წლის 7 დეკემბრის აქტი და 11 დეკემბრის წერილი, რომლებიც ცხადყოფს, რომ უფლებამოსილი ორგანოების მიერ ავტომანქანის გაჩერების მოწოდების შემდგომ, ავტოსატრანსპორტო საშუალებამ მცირე მანძილი გაიარა, შესაბამისად, რადგან გადამოწმების დროსა და სასაქონლო ზედნადების ამოქმედების დროს შორის სხვაობა მხოლოდ ორ წუთს შეადგენს, სწორედ უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადამოწმების თაობაზე განცხადების მიღების შემდეგ მოხდა სასაქონლო ზედნადების გააქტიურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 წაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვეეა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველიეე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ------- ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო წაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ------- ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე