გადაწყვეტილება №18421/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18421/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18421/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:: ი/მ „----------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება-----------ის 9.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18421/2/2022).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №006-474 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2022 წლის №30666 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 266 021,4 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 155 674

დღგ - 69 992

საშემოსავლო გადასახადი - 85 610

ქონების გადასახადი - 72

ჯარიმა - 54 229

საურავი - 56 118,4

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მეწარმის საქმიანობაა სამშენებლო პროექტირების მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოწმების შედეგად, შპს ,,---------ის’’ (ს/ნ -------) და შპს ,,---------ის’’ (ს/ნ ---------) მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადამხდელს 2019-2022 წლებში გაწეული აქვს სულ 470 607 ლარის ღირებულების პროექტირების მომსახურება, კერძოდ: 2019 წელს გაწეულ იქნა 244 742 ლარის, 2020 წელს - 36 501 ლარის, 2021 წელს 126 702 ლარის და 2022 წელს 62 662 ლარის ღირებულების მომსახურება. აღნიშნული მომსახურების გაწევა დასტურდება ხელშეკრულებებით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. მეწარმის დღგ-ით დასაბეგრმა ოპერაციებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 15.11.2019 წელს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის გათვალისწინებით, ი/მ ---------- დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარა 15.11.2019 წლიდან. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული თარიღის შემდგომი პერიოდიდან, გადამხდელის მიერ განხორციელებული მომსახურებები 388 865 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოდენობით დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შპს ,,-------------’’ (ს/ნ ------------) განხორციელებული ოპერაციების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 347 508 ლარი, მათ შორის 2019 წელს-209 200 ლარი, 2020 წელს -30 933 ლარი და 2021 წელს 107 375 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ 2019 წელს გადამხდელის შემოსავალმა შეადგინა 209 200 ლარი. აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის საკუთრებაში ფიქსირდება ავტომობილები საერთო ღირებულებით 7 128 ლარი. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის გათვალისწინებით, მეწარმეს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №006-474 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.12.2022 წლის №30666 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამართალდარღვევა გამოწვეულ იქნა შეცდომითა და არცოდნით, ამასთანავე არ ქონია გადასახადისგან თავის არიდების განზრახვა და აღიარებს აღმოჩენილ სამართალდარღვევას. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების დაწყებიდან, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენამდე და მას შემდგომ აქტიურად თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.