გადაწყვეტილება №23465/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.09.2024
№ დოკუმენტი 23465/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23465/2/2024

06 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 10.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23465/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №002-82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15287 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 136 553,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 670 818

დღგ - 8 949

საშემოსავლო გადასახადი - 650 790

ქონების გადასახადი - 11 079

ჯარიმა - 332 562

საურავი - 133 173,07

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №002-301 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფულადი ნაშთის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ექსელის ფორმატის ცხრილები, რომელთა შესწავლის შედეგად, შესამცირებელი თანხები არ გამოვლინდა. დამატებითი არგუმენტები არ წარმოუდგენია.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №002-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15287 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართით (მეთოდური მითითება სალაროს ნაღდი ფულის შესახებ), განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო გონივრული ნაშთი და შესამოწმებელი პერიოდისათვის ნაშთად არსებული თანხა, გონივრული ნაშთის გამოკლებით დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.

ამასთან, კრედიტორული დავალიანების დასაფარად გაცემული თანხები, რომელთან დაკავშირებითაც არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფულადი ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტური შეძენებისა და სხვა ხარჯების (მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები, ავტონაწილების შეძენის შესყიდვის აქტები, ტექნიკის საექსპლუატაციო სამუშაოებზე გაწეული ხარჯები) გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის საფუძველზე გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა მხოლოდ ექსელის ცხრილები, რომელთა შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არც საგადასახადო დავის ეტაპზეა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

რაც შეეხება დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6597 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორია აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშება დღგ-ის ნაწილში, კერძოდ 2022-2023 წლების გაანგარიშებებში დაშვებულია გაურკვეველი უზუსტობები, მნიშვნელოვანია რომ გაურკვეველი დოკუმენტური მტკიცებულებებით. დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაყრდნობით დეკლარირებულსა და დოკუმენტურ რეალიზაციას შორის სხვაობები არ დგინდება, გარდა 2023 წლის მაისის თვისა, სადაც მეტობით არის დეკლარირებული ანგარიშ-ფაქტურა ეკ ------, რომელიც აუდიტის დეპარტამენტს დამატებით აქვს ბრუნვაში ჩართული ნაცვლად კორექტირების შედეგად დასაბეგრი ბრუნვის შემცირებისა.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ტექნიკის და სატრანსპორტო მომსახურება. შესაბამისად შემოსავლის ძირითადი წყარო ფორმირდება სატრანსპორტო გადაზიდვებისაგან, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც კომპანიას უწევენ მომსახურებას. საზოგადოება მათთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად სალაროში ზემოაღნიშნული თანხები ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ზემოაღნიშნულის მტკიცებულებები წარმოდგენილ იქნება დავების ეტაპზე.

ხშირია ავტონაწილების შეძენის შემთხვევები შესყიდვის აქტებით, რასაც აუდიტის დეპარტამენტი ვერ მიიღებდა მხედველობაში გადამხდელის მხრიდან შემოწმების ეტაპზე წარმოუდგენლობის გამო, მაგრამ კომპანია ფლობს რამდენიმე მძიმე ტექნიკას, რომელსაც აქტიურად იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში და ზემოაღნიშნულ ტექნიკას უტარდება მიმდინარე საექსპლუატაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს გარკვეული ცვეთადი ნაწილების შეცვლას საჭიროებისამებრ.

შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სხვა დამატებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მზადყოფნას გამოთქვამს წარმოდგენილ იქნეს რეკომენდაციის გათვალისწინებით გაცემული გონივრული მტკიცებულები, რომელიც დაადასტურებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ექსელის ფორმატის ცხრილები, რომელთა შესწავლის შედეგად, შესამცირებელი თანხები არ გამოვლინდა. დამატებითი არგუმენტები არ წარმოუდგენია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დადასტურდა შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანების შესაბამისად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არც დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი მიუთითებს დღგ-ის ნაწილში არსებულ უზუსტობაზე და ასევე, ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №002-301 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6597 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფულადი ნაშთის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №6597 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ექსელის ფორმატის ცხრილები, რომელთა შესწავლის შედეგად, შესამცირებელი თანხები არ გამოვლინდა. დამატებითი არგუმენტები არ წარმოუდგენია.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №002-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №15287 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არც დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი მიუთითებს დღგ-ის ნაწილში არსებულ უზუსტობაზე და ასევე, ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 269(7);