ბრძანება N 20868

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.08.2023
№ დოკუმენტი 20868
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20868

23 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ ------)

(მის.: ქ. ---------)

2023 წლის 21 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ ------) №124785/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №EL214757 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 25 მაისს კომპანიამ მიიღო შეკვეთა ------ს სახელმწიფოდან შემოსული ქალაქ ------ში საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში სამ ერთეულ, 20 ფუტიან კონტეინერში განთავსებული ტვირთის განბაჟებისა და ------ში დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნის თაობაზე.

დამკვეთის მიერ კონტეინერებში განთავსებულ ტვირთზე დარეგისტრირდა წინასწარი დეკლარაცია. დამკვეთის ტვირთი კერამიკული ფილები და კატალოგები განლაგებული იყო სამ ერთეულ კონტეინერში. თუმცა კონტეინერში გარდა მითითებული დამკვეთის ტვირთისა განთავსებული იყო სხვა ტვირთიც. აღნიშნულ ტვირთებს სხვადასხვა ტვითმიმღები ჰყავდათ. აღნიშნულ ტვირთს თანდართული ჰქონდა ორი სხვადასხვა დეკლარაცია, რომლებიც ექვემდებარებოდა განბაჟებას.

დაკვეთის აღსრულების მიზნით ------ში საბაჟო გამშვებ პუნქტში წარადგინეს დოკუმენტაცია. საბაჟო ორგანოს თანამშრომელმა განახორციელა წინასწარი დეკლარაციების შეფასება გაატარა კონტეინერები ფერის კორიდორში და დასრულებულად გამოაცხადა. საბაჟო ორგანოს თანამშრომელს არ გამოუწერია მოწმობა განუბაჟებელ ტვირთზე და არც დამატებით მოუთხოვია სხვა დოკუმენტის წარდგენა.

მომჩივნის მოსაზრებით, კომპანიამ შასრულეა გადაზიდვა, განხორციელდა კონტეინერის დათვალიერება, ვაგონზე გადატვირთვა და დამკვეთის მისამართზე გაგზავნა. კონტეინერის დაცლის შემდეგ დამკვეთისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ კონტეინერში არსებული ტვირთის ნაწილი იყო განუბაჟებელი. განუბაჟებელი ტვირთის შემთხვევაში კონტეინერს უნდა მოყოლოდა საბაჟო მოწმობა ან ელექტრონულად ყოფილიყო ატვირთული. აღნიშნულ კონტეინერს კი არ მოყოლია საბაჟო მოწმობა და არც ელექტრონულად ყოფილა ატვირთული, რაც გულისხმობს იმას, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობდა იმისა, რომ კონტეინერში განთავსებული ტვირთის ნაწილი იყო განუბაჟებელი.

შესაბამისად მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ოქმი შედგა არასწორი პირის მიმართ და კომპანია ვერ იქნება სამართალდარღვევის სუბიექტი. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 5 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ უფლებამოსილი პირმა გადამზიდავი კომპანია – შპს „--------ს“ წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, №OOLU0145486 კონტეინერში განთავსებულ, შპს „-------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილ, №11117/C43488/A46309 (05.06.2023) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე განახორციელა საბაჟო ფორმალობები, რა დროსაც დეკლარაციას განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“. გამომდინარე აქედან, საქონელი გაშვებულ იქნა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს საბაჟო ორგანოსთვის არ უცნობებია, რომ №OOLU0145486 კონტეინერში, ზემოაღნიშნულ საქონელთან ერთად, ასევე განთავსებული იყო შპს „-------ს“ (ს/ნ -----) კუთვნილი, №11117/C43521 (25.05.2023) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი (კერამიკული ფილები – 12 080 კგ). გამომდინარე აქედან, საბაჟო ორგანოს მიერ ვერ განხორციელდა №11117/C43521 (25.05.2023) საბაჟო დეკლარაციის დამუშავება.

საბაჟო ორგანოსთვის №OOLU0145486 კონტეინერში სხვა საქონლის არსებობის შესახებ, რომელზეც საბაჟო ფორმალობები არ იყო განხორციელებული, ცნობილი გახდა 2023 წლის 21 ივნისს შპს „------ს“ (ს/ნ ------) №105972/21 განცხადებით.

№11117/C43488/A46309 (05.06.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული შპს „------ს“ (ს/ნ -----) კუთვნილი საქონლის საერთო წონა შეადგენდა 66 000 კგ, რომელიც განთავსებული იყო სამ სხვადასხვა კონტეინერში (№OOLU1639713; №OOLU0362305; №OOLU0145486), გადამზიდავი კომპანიის - შპს „-------ს“ მიერ კი განხორციელდა 12 080 კგით მეტი წონის საქონლის გადაზიდვა. შესაბამისად, გადამზიდავ კომპანიას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია რა მოცულობისა და რამდენი პირის კუთვნილი საქონლის გადაზიდვას ახორციელებდა და საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით წარედგინა სრული დოკუმენტაცია.

ვინაიდან, საქონელი საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა №EL214757 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს – შპს „--------ს“ (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

 საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

 საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №EL214757 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 5 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილმა პირმა გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, №OOLU0145486 კონტეინერში განთავსებულ, შპს-ს კუთვნილ, №11117/C43488/A46309 (05.06.2023) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე განახორციელა საბაჟო ფორმალობები, რა დროსაც დეკლარაციას განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“. გამომდინარე აქედან, საქონელი გაშვებულ იქნა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს საბაჟო ორგანოსთვის არ უცნობებია, რომ №OOLU0145486 კონტეინერში, ზემოაღნიშნულ საქონელთან ერთად, ასევე განთავსებული იყო მეორე შპს-ს კუთვნილი, №11117/C43521 (25.05.2023) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი (კერამიკული ფილები – 12 080 კგ). გამომდინარე აქედან, საბაჟო ორგანოს მიერ ვერ განხორციელდა №11117/C43521 (25.05.2023) საბაჟო დეკლარაციის დამუშავება. გადამზიდავი კომპანიის მიერ კი განხორციელდა 12 080 კგით მეტი წონის საქონლის გადაზიდვა. შესაბამისად, გადამზიდავ კომპანიას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია რა მოცულობისა და რამდენი პირის კუთვნილი საქონლის გადაზიდვას ახორციელებდა და საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით წარედგინა სრული დოკუმენტაცია.

ვინაიდან, საქონელი საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა №EL214757 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს – მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6, 70(1), 163(1), 170(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.