ბრძანება N 19047

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.08.2025
№ დოკუმენტი 19047
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19047

27 აგვისტო 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 8 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის და 7 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №56 და №64) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 8 მაისის №71650/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მარტის №086-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მშენებლობის მიზნით მიწის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ მიწის ნაკვეთზე აშენებული ფართების მიწის სანაცვლოდ გადაცემის საკითხს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტორებმა მიწის მფლობელებზე გადაცემული ფართები დაბეგრეს გრძელვადიანი კონტრაქტით, ფაქტიურად გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კომპანიას აღნიშნული ფართები მიწის მფლობელებზე გადაცემული ჰქონდა 2019 წელს და დაბეგრილი ჰქონდა საბაზრო ფასებით. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მიწის მეპატრონეებზე გადაცემული ფართების დაბეგვრა გრძელვადიანი კონტრაქტით სწორია, ითხოვს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დამატებით დარიცხული გადასახადები საგადასახადო შემოწმების აქტში აისახოს მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით, რადგან 2019 წელს მიწის მეპატრონეებზე საკუთრების უფლებით გადაცემულ იქნა ყველა ფართი. ამდენად, კომპანიას 2020-2021 წლებში გრძელვადიანი კონტრაქტით დასაბეგრი ოპერაციები არ გააჩნია, შესაბამისად, გადაანგარიშებით დამატებით დარიცხული დღგ უნდა შემცირებულიყო 2020-2021 წლებში დარიცხული დღგ-ის ნაწილში, ხოლო 2019 წლამდე დამატებით დარიცხული დღგ უნდა ასახულიყო დასკვნაში. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ მიწის მფლობელებზე გადაცემული ჰქონდა ფართები 2019 წელს და დაბეგრილი ჰქონდა საბაზრო ფასით. მიიჩნევს, რომ მის მიერ 2019 წელს მიწის მფლობელებზე საკუთრებაში გადაცემული ფართების საბაზრო ფასით დაბეგვრა არ არის სწორი და ითხოვს გაუქმდეს კომპანიის მიერ არასწორად დარიცხული დღგ და მიწის მეპატრონეებზე გადაცემული მიწის ფართები დაიბეგროს როგორც გრძელვადიანი კონტრაქტი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალიწინებული გადასახადების გადაანგარიშებას და მიწის მეპატრონებზე გადაცემული ფართის ნაწილში კომპანიის მიერ დარიცხული დღგ -ის შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18442 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს სალაროს ფულადი ნაშთის გაანგარიშება და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 2 დეკემბრის №17389/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18442 ბრძანება და საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 2 დეკემბრის №17389/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში და საჩივრის განხილვის შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24385 ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართების მიწოდებად განხილვის საფუძვლით შემოწმებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18442 და 2023 წლის 3 ოქტომბრის №24385 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 13 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 437 843 ლარი, მათ შორის: გადასახადი 295 645 ლარი, ჯარიმა 142 198 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მარტის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18442 ბრძანების შესაბამისად, შემოსავლების გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების განსაზღვრის ნაწილში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24385 ბრძანების შესაბამისად, კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ბინების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (შემცირდა).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილზე გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც კლიენტების მიერ ნაკისრი ვალდებულებები სრულადაა შესრულებული და გადამხდელის მხრიდან აღნიშნული ფართები გადაცემულია მფლობელებისათვის, რაც თავის მხრივ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შემოწმების მსვლელობისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულია 2013 წლის 18 დეკემბრიდან და მის საქმიანობას წარმოადგენს ბინათმშენებლობა, რომელიც განხორციელებულია 2014 წლიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს გრძელვადიან კონტრაქტს, ასევე ფართების რეალიზაცია რომლებზეც გაფორმებულია ნასყიდობის (საბოლოო ნასყიდობა) ხელშეკრულებები დაწყებულია 2015 წლიდან, თუმცა გადამხდელის მიერ დასაბეგრი ოპერაციების თანხები და დრო არაა განსაზღვრული 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით. შემოწმების შედეგად 2018 წლის 01 იანვრამდე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების მიხედვით კუთვნილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხები გაანგარიშებულ იქნა ამავე კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში გაწეული ხარჯები შეპირისპირებულ იქნა შემმოწმებლის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით გაანგარიშებულ საერთო ხარჯთან, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ასახულ იქნა შესაბამისი პერიოდების (საანგარიშო წელი) დეკემბრის თვეში და აღნიშნული საკითხის მიხედვით, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დაერიცხა გადასახადის გადამხდელს.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილ მტკიცებულებებს/არგუმენტებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ მიწის მფლობელებთან 2019 წელს გაფორმებული საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დამატებით დარიცხულ თანხებში არ მონაწილეობს. შემოწმების შედეგად გრძელვადიანი კონტრაქტის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიღებულ იქნა 2018 წლის 1 იანვრამდე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები.

ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტები, რომ მიწის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიწის სანაცვლოდ აშენებული ფართების გადაცემა დაიბეგროს როგორც გრძელვადიანი კონტრაქტი, ვერ იქნა გაზიარებული, ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიწის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიწის სანაცვლოდ აშენებული ფართების გადაცემის საკითხი, შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დამატებით დარიცხულ თანხებში არ მონაწილეობს.

აღნიშნავს, რომ დავის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალიწინებული გადასახადების გადაანგარიშებას და მიწის მეპატრონებზე გადაცემული ფართის ნაწილში კომპანიის მიერ დარიცხული დღგ -ის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18442 და 2023 წლის 3 ოქტომბრის №24385 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 13 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 437 843 ლარი, მათ შორის: გადასახადი 295 645 ლარი, ჯარიმა 142 198 ლარი. აღნიშნულზე, გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მარტის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).