გადაწყვეტილება №24783/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 26.03.2025
№ დოკუმენტი 24783/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24783/2/2025

26 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 14.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24783/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23080 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის №249-33 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2025 წლის №825 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 196 401,25 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 491

დღგ - 56 745

საშემოსავლო გადასახადი - 53 746

ჯარიმა - 55 035

საურავი - 30 875,25

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 28.12.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №249-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33117 ბრძანებით, განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33117 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შპს „-------“-ის მიერ წარმოდგენილია ხარჯის ამსახველი დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ ინდ. მეწარმეებთან (მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან და კომპანიაში დასაქმებულ პირებთან) გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე დამფუძნებლის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი მასალების შესწავლა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული, გადამხდელად რეგისტრირებული, ფიზიკური პირების მონაცემები, მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და წარდგენილი დეკლარაციები, ამასთან აღმოჩნდა, რომ „მომსახურების გამწევი ფიზიკური პირი“ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულია შპს „-------“-ში. განხორციელდა კაპიტალის ფორმირების შესახებ წარმოდგენილი კრების ოქმების ანალიზი და დადგინდა, რომ აღნიშნული უკვე გათვალისწინებული იყო შემოწმების ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, კერძოდ, საზოგადოების მიერ განმარტებული ფასები, ასევე საქმიანობის მარჟა შეუდარა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასებს და მარჟას, რაც მოვიდა ერთმანეთთან შესაბამისობაში, ხოლო ზემოხსენებული დამატებით წარმოდგენილი „ხარჯების“ გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ე.წ. მარჟა ვერ მოვა შესაბამისობაში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებული პირების მაჩვენებლებთან. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტების ყოველმხრივი შესწავლიდან გამომდინარე არ არსებობს აქტით დარიცხული თანხების შემცირების სათანადო საფუძველი.

აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.08.2024 წლის №23096/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10938 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 1.08.2024 წლის №23096/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.10.2024 წლის №23080 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მცირე მეწარმეების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული მომსახურებების შესახებ). განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23080 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარმოდგენილია რიგი დოკუმენტები, ინდ. მეწარმეებთან (მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან და საზოგადოებაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით) დადებული ხელშეკრულებები და დირექტორის მიერ კაპიტალში შენატანების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არასრულად არის წარდგენილი მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი მასალების შესწავლა და შეფასება. შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა მომსახურების გამწევი მეწარმეებისგან ინფორმაციის გამოთხოვა გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. განხორციელდა მცირე მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი, ასევე, წარდგენილი ფოტოსურათების შეფასება. დადგინდა, რომ საგადასახდო შემოწმების აქტით გათვალისწინებულია ყველა არსებითი და რეალური ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად სათანადო საფუძველების არ არსებობის გამო, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 18.12.2024 წლის №249-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.01.2025 წლის №825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლა და შეფასება. კერძოდ, შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა მომსახურების გამწევი მეწარმეებისგან ინფორმაციის გამოთხოვა გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ასევე განხორციელდა მცირე მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი და წარდგენილი ფოტოსურათების შეფასება. შემოწმებით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით გათვალისწინებულია ყველა არსებითი და რეალური ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23080 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიეცა 15 დღიანი ვადა აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მ.შ მცირე მეწარმეების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული მომსახურების შესახებ).

დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შემოწმებაში მონაწილე აუდიტორებს და სთხოვა განმარტება რა სახით უნდა წარედგინა მცირე მეწარმეთა მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა იყო, რომ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო როგორც ვიზუალური, ასევე ამას უნდა ადასტურებდნენ წერილობით ის მცირე მეწარმეები ვინც სამუშაოები შეასრულა, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოს სახე, მოცულობა და ხანგრძლივობა. იმის გამო, რომ შესრულებული სამუშაოების ხასიათიდან გამომდინარე (კონცერტები, მულტმედია ფოტო ვიდეო გადაღებები, კლუბური სცენის ტექნიკური უზრუნველყოფა, ბანერის დიზაინი და მათი სოციალურ ქსელებში გაშვება, შოუ პერფორმანსები) შესრულებული სამუშაოს ნახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ სოც. ქსელებში განთავსებული ფოტო და ვიდეო მასალებით, რაც კომპანიის მიერ მიწოდებულ იქნა აუდიტორებისთვის, ასევე იმ საიტების „ლინკები“, სადაც განთავსებული იყო შპს „-------“-ში შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული სანახაობრივი ღონისძიებები ფოტო გადაღებები და დიზაინი), მომჩივნის მიერ აუდიტორისთვის ასევე მიწოდებულ იქნა თითოეული მცირე მეწარმის განმარტებები (წერილობითი სახით მათ მიერ შპს „--------“-ში შესრულებული სამუშაოების შესახებ (გარდა ერთისა კომპანიიდან ნაგვის ნარჩენების გატანის, რადგან შემსრულებლის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს).

აუდიტის დეპარტამენტის სადავო დასკვნაში (4.12.2024 წ.) ძალიან ზერელედ მიუთითებდა აუდიტორი, რომ არასრულად იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ კერძოდ არ მიუთითებს და არც მომჩივანთან კომუნიკაციის დროს მიუთითებია კიდევ რა დოკუმენტაცია იყო საჭირო, რომ სრულყოფილად ჩაეთვალა. დასკვნაში არ არის მითითებული, რატომ არ გაითვალისწინეს აუდიტორებმა მომჩივნის მიერ მიწოდებული მტკიცებულება, რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა, როდესაც გაწეული ხარჯები ჩაითვალა არაარსებითად და არა რეალურად. რითი იხელმძღვანელა მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებების დასადგენად. ან რა გარემოებებს ეყრდნობოდა აუდიტორი, როდესაც მიუთითებს, რომ ხელშეკრულებები შესასრულებელ სამუშაოებზე დადებულია შპს „-------“- ში დასაქმებულ პირებთან (სიმართლეს არ შეესაბამება).

შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ მას საერთოდ არ შეუსწავლია საქმის მასალები და იხელმძღვანელა მხოლოდ აუდიტის დასკვნით, ბრძანებაში სიტყვასიტყვით არის გადმოწერილი აუდიტის დასკვნის ზერელე არგუმენტები და არაფერია ნათქვამი მომჩივნის არგუმენტებზე - რატომ გაიაზრეს აუდიტის არგუმენტები და რატომ უარყვეს მომჩივნის არგუმენტები. ასევე ითხოვდა, რომ საჩივრის განხილვა მომხდარიყო მომჩივნის მონაწილეობით, რათა დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინა მტკიცებულებები და აუდიტის დასკვნა, რომელიც ტარდებოდა და საჩივრის შეტანის დროს ჯერ კიდევ არ იყო მზად. გარდა ამისა, საჩივრის განხილვის დროს შესაბამისი თანამდებობის პირები მყარ არგუმენტებს დაუდებდნენ და შემდგომში მაინც ეცოდინებოდა რა სახის დოკუმენტები შეედგინა ასეთ შემთხვევებში.

კანონის შესაბამისად შემოსავლების სამსახურს ჰქონდა უფლება საჩივარი მომჩივნის დასწრების გარეშე განეხილა, მაგრამ ვინაიდან საჩივარში ითხოვდა, რომ საჩივრის განხილვაზე დაებარებინათ დამატებითი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, აღნიშნული თხოვნა არ გაითვალისწინა და საჩივარი არ განიხილა ყოველმხრივ და ობიექტურად. ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა არაობიექტურად საქმის ვითარების ყოველმხრივ შესწავლის გარეშე. წაერთვა უფლება ადმინისტრაციული წარმოების დროს დაეცვა თავისი არგუმენტები და წარედგინა (საჭიროების შემთხვევაში) დამატებით მტკიცებულებები.

შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ 4.12.2024 წლის დასკვნაში აუდიტორის შეფასება უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. წარდგენილი მტკიცებულებები მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო და უნდა მომხდარიყო საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

თავდაპირველ დასკვნაში მცირე მეწარმეებზე გადახდილი ხარჯები გათვალისწინებული იყო. ახალ დასკვნაში არ არის შესაბამისი გაანგარიშება, რომლის მიხედვით ნათელი გახდებოდა რა არის გათვალისწინებული საწარმოს მიერ გაწეული ხარჯებიდან და რა არა.

აუდიტორი თავიდანვე მიუთითებდა, რომ დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით, საქმიანობის ე.წ მარჟა ვერ მოვა შესაბამისობაში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ პირების მაჩვენებლებთან. ჩნდება კითხვა, კონკრეტულად რომელ მარჟაზეა საუბარი? (მაგალითად რეალიზებული პროდუქციის - თვითღირებულებასთან მიმართებაში მარჟა? მოგების მარჟა? წმინდა მოგების მარჟა? და ა.შ). დამატებითი ხარჯები (მცირე მეწარმეებზე მომსახურების ხელშეკრულებები) არის საოპერაციო და არასაოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რაც მონაწილეობას არ იღებს პროდუქციის ფასნამატისა და მისი მარჟის მაჩვენებელზე. იმ შემთხვევაში თუ აუდიტორების მიერ მარჟის შეუსაბამობაში ნაგულისხმებია საერთო მოგების მარჟის გარდა სხვა მაჩვენებელი, მისი შედარება სხვა კომპანიებთან არარელევანტურია, რადგან ნებისმიერ კომპანიას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ხარჯვითი პროცესი, რაც დამოკიდებულია დაქირავებულ ფართზე, რემონტის ხარისხზე, ქირაობს თუ არა სასცენო განათებას კომპანია და ა.შ. უშუალო საერთო მოგების მარჟის დაანგარიშებისთვის რა დოკუმენტებიც იყო მოწოდებული, (შეძენილი საქონელი 63 092 ლარის შესყიდვა), აღნიშნულიც უკვე გათვალისწინებული იყო თავდაპირველ დაანგარიშებაში (მიმაგრებული ფაილი - თქვენი გაანგარიშება), შესაბამისად დამატებით არანაირი დოკუმენტაცია არ არის მიწოდებული, რომლითაც მარჟის შემცირებას გამოიწვევს.

მომსახურების ხელშეკრულებების ხარჯებში არ აღიარება გაუგებარია. აუდიტორების გაანგარიშების მიხედვით, მცირე მეწარმის ხარჯები იყო თავდაპირველად გამოქვითული, მაგრამ ხელმეორე შემოწმების მიხედვით უკვე გამოგონილი მოტივებით იგი გათვალისწინებული აღარაა.

საწარმოში ყველა ეს ოპერაცია განხორციელდა საგადასახდო კოდექსის 981 , 151-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო შემოწმება ჩატარებულია საგადასახადო და ადმინისტრაციული კოდექსების მოთხოვნათა უგულებელყოფით.

გათვალისწინებული უნდა იქნას მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯები (რომელიც თავდაპირველ შემოწმების აქტში გათვალისწინებული იყო). ასევე, კაპიტალის (12 000 ლარი) შემცირების ხარჯებიც და დაკორექტირდეს გადასახადის წყაროსთან დაკავებული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №23080 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მცირე მეწარმეების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული მომსახურებების შესახებ). განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარმოდგენილია რიგი დოკუმენტები, ინდ. მეწარმეებთან (მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან და საზოგადოებაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით) დადებული ხელშეკრულებები და დირექტორის მიერ კაპიტალში შენატანების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არასრულად არის წარდგენილი მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი მასალების შესწავლა და შეფასება. შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა მომსახურების გამწევი მეწარმეებისგან ინფორმაციის გამოთხოვა გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. განხორციელდა მცირე მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი, ასევე, წარდგენილი ფოტოსურათების შეფასება. დადგინდა, რომ საგადასახდო შემოწმების აქტით გათვალისწინებულია ყველა არსებითი და რეალური ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად სათანადო საფუძველების არ არსებობის გამო, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საწარმოს მომსახურება გაუწია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებმა, აღნიშნული მომსახურება საჭირო იყო ახალი გახსნილი ბიზნესისთვის, ხდებოდა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება. შემოწმებისთვის წარდგენილია ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე აღნიშნული ფიზიკური პირები იძლევიან ახსნაგანმარტებას გაწეული მომსახურების შესახებ. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისგან შეძენილი მომსახურებისთვის გადახდილი ანაზღაურება რეალურია, რასაც ადასტურებს უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებელის ლელა ფიცხელაურის 17.01.2025 წლის დასკვნა. ამასთან, განმარტა, რომ კაპიტალის (12 000 ლარი) შემცირების ხარჯების კორექტირება არ წარმოადგენს მიმდინარე დავის საგანს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისგან შეძენილ მომსახურებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.01.2025 წლის №825 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისგან შეძენილ მომსახურებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ გათვალისწინებული უნდა იქნას მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯებიასევე, კაპიტალის შემცირების ხარჯებიც და დაკორექტირდეს გადასახადის წყაროსთან დაკავებული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შესწავლილ იქნა , გადამხდელად რეგისტრირებული, ფიზიკური პირების მონაცემები, მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და წარდგენილი დეკლარაციები, ამასთან აღმოჩნდა, რომ „მომსახურების გამწევი ფიზიკური პირი“ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულია.

განხორციელდა კაპიტალის ფორმირების შესახებ წარმოდგენილი კრების ოქმების ანალიზი და დადგინდა, რომ აღნიშნული უკვე გათვალისწინებული იყო შემოწმების ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლით, კერძოდ, საზოგადოების მიერ განმარტებული ფასები, ასევე საქმიანობის მარჟა შეუდარა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასებს და მარჟას, რაც მოვიდა ერთმანეთთან შესაბამისობაში, ხოლო ზემოხსენებული დამატებით წარმოდგენილი „ხარჯების“ გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ე.წ. მარჟა ვერ მოვა შესაბამისობაში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებული პირების მაჩვენებლებთან. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტების ყოველმხრივი შესწავლიდან გამომდინარე არ არსებობს აქტით დარიცხული თანხების შემცირების სათანადო საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისგან შეძენილ მომსახურებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154.