გადაწყვეტილება №19268/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19268/2/2023
04 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 30.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19268/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2022 წლის №042-22 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.02.2023 წლის №3499 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 331 511 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 177 492
დღგ - 67 320
საშემოსავლო გადასახადი - 110 172
ჯარიმა - 97 115
საურავი - 56 904
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2021 წლის №042-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 31.05.2021 წლის №16839 ბრძანებით ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს უახლოს/მომიჯნავე საანგარიშო პერიოდზე (2020, 2021 წლები), ხოლო 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატით სახეობების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებთ, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დღგ-ის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა სულ - 75 855 ლარი. დღგ - 54 277 ლარი და ჯარიმა 21 578 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა სულ - 148 129 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 98 752 ლარი და ჯარიმა 49 377 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.08.2022 წლის №042-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.02.2023 წლის №3499 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახური ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს მიეცა კონკრეტული დავალება გაანგარიშებული ფასნამატის მონაცემების შესაბამის პერიოდებზე გავრცელებასთან დაკავშირებით. ამასთან, გადაანგარიშების შესახებ გამოცემული დასკვნით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია შესაბამისი კორექტირება და საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. აგრეთვე, გადამხდელის მიერ სადავო გარემოებად მითითებულია ისეთი მოთხოვნა, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის გარეშე, ერთპიროვნულად, მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის (№75004/1/2022) არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რასაც არ ეთანხმება და ხდის სადავოდ.
შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი საჩივარი წარმოადგენს დოკუმენტებით და მტკიცებულებებით გამყარებულ მსჯელობას, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის №3499 ბრძანება ექვემდებარება ანულირებას, ვინაიდან საჩივრის განხილვის პროცესში მომჩივანს არ მისცა მონაწილეობის საშუალება და მისგან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაუბრუნდეს გასაჩივრებული საკითხები შემოსავლების სამსახურს ხელახლა შესასწავლად.
შემმოწმებლების მიერ არაპირდაპირ მეთოდით 2020-2021 წლებზე დათვლილი იქნა კომპანიის შემოსავლები, რის შედეგადაც გაიზრდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ სანქციის თანხასთან ერთად, რაც განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით.
შემოწმების აქტის მიხედვით საცალოდ რეალიზებული საწვავის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა 16.06.2021 წლის საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი შემდეგი ოდენობებით: 2020-2021 წელს ბენზინი - 8,25%, 2020-2021 წელს დიზელი - 9,67%. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა ერთიანი ელექტრონული ბაზებიდან შესყიდვის დოკუმენტაცია, რომლითაც დადგენილ იქნა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და მასზე გავრცელებულ იქნა მათი აზრით სწორი და ადეკვატური ფასნამატი, რის საფუძველზეც გაზრდილი იქნა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის თანხები.
ზემოაღნიშნული გაანგარიშებისას, ხსენებული და რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისთვის გამოყენებული თითქმის ყველა ინფორმაცია შეიცავს არსებით უზუსტობას და გაანგარიშებულია არასწორად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშებაში აღებულია არარეალური რიცხვები, რომელიც არ დასტურდება არანაირი პირველადი და სააღრიცხვო დოკუმენტაციით.
შეცდომები დაშვებულია ფასნამატის დაანგარიშებისას, რის შედეგადაც გამოყვანილია ფასანამატები: 2020-2021 წელს ბენზინი - 8,25%, 2020-2021 წელს დიზელი - 9,67% ოდენობით, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი გააჩნია. ფასნამატების გაანგარიშებისას საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების შედეგად გამოვლენილი სარეალიზაციო ფასების თვითღირებულება არ არის გაანგარიშებული საბოლოოდ შესყიდული მატერიალური მარაგების შეძენების მიხედვით, რაც დასტურდება დოკუმენტებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლების გაანგარიშებები არაპირდაპირ დაანგარიშებული შემოსავლების შესახებ არასწორია. არასწორია, ის დარიცხვაც, რაც განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის (1.01.2020-1.04.2021 წწ) დღგ-ში და შესაბამის სანქციებში.
უნდა მოხდეს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020-2021 წლებში დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხის ხელახლა და უფრო სიღრმისეულად შესწავლა შემოსავლების სამსახურის მიერ და უნდა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
შემმოწმებლების მიერ არაპირდაპირ მეთოდით 2020-2021 წლებზე დათვლილი იქნა მომჩივნის შემოსავლები, რაც განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით. გაზრდილი შემოსავლის თანხა მიჩნეულია კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი სანქციის თანხებთან ერთად, რაც ყოველმხრივ მიუღებელია.
არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავლები არასწორია, არასწორია ის დარიცხვაც რაც განხორციელდა შესამოწმებელ 1.01.2020-1.04.2021 პერიოდის საშემოსავლო გადასახადში და სანქციებში. უნდა მოხდეს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხის ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეული შესწავლა შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
ვინაიდან შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ზემოხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხები უნდა დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა და სიღრმისეულად შესასწავლად, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შედეგად უნდა მოხდეს არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ა“ ქვეპუნქტის, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის დასკვნის მიხედვით, საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი გავრცელებულია მხოლოდ უახლოეს/მომიჯნავე (2020, 2021 წლები) საანგარიშო პერიოდზე, ხოლო 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი სახეობების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისად განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა საკონტროლო შესყიდვით დადგენილი და მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მოხდეს არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციების კორექტირება (შემცირება).
ასევე, თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2021 წლის №042-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.08.2022 წლის №042-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.02.2023 წლის №3499 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე არ დაკმაყოფილდა.
ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41508 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73,101,154,2021 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა :161,159